საქართველოში ახალი პოლიტიკური გაერთიანება იქმნება. ამის შესახებ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ზურაბ ხარატიშვილმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ჯაბა მაღლაკელიძემ და კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილმა წევრმა, ერეკლე მეტონიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
გაერთიანების სახელწოდება იქნება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“.
"...გადავწყვიტეთ, ღია ევროპული ტიპის ორგანიზაციის დაფუძნება, რომლის მისია ახალი სახეების წარმოჩენა და სამოქალაქო თავისუფლების პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა. „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ იქმნება ჯანსაღი პოლიტიკური მოტივაციის მქონე ადამიანებისთვის, სადაც მის ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია რეალური შიდაპარტიული დემოკრატიის პირობებში“ - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებაში გაწევრიანების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საინიციატივო ჯგუფს facebook-ის საშუალებით - www.facebook.com/pages/სამოქალაქო-ალიანსი-თავისუფლებისთვის
for.ge უცვლელად გთავაზობთ პ/გ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ საინიციატივო ჯგუფის განცხადებას:
"დღევანდელი ქართული პოლიტიკური ელიტა ვერ უმკლავდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებს. პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ ინსტრუმენტად ქცეულია დაპირისპირება და სიძულვილის ენა. ამას ზედ ერთვის არაპროფესიონალიზმი და დაბალი ეთიკური სტანდარტები, რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამკვიდრებს ნიჰილიზმს საზოგადოებაში.
ქართულ პოლიტიკას სჭირდება ახალი იდეები და ახალი ლიდერები. ნიჭიერ და ენერგიულ ადამიანებს უნდა მიეცეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის საშუალება და პოლიტიკური საქმიანობა უნდა გახდეს საინტერესო და პრესტიჟული.
ამ მიზნით, გადავწყვიტეთ ღია ევროპული ტიპის ორგანიზაციის დაფუძნება, რომლის მისია ახალი სახეების წარმოჩენა და სამოქალაქო თავისუფლების პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაა.
„სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იქმნება ჯანსაღი პოლიტიკური მოტივაციის მქონე ადამიანებისთვის. ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია რეალური შიდაპარტიული დემოკრატიის პირობებში.
ჩვენ ვქმნით ასპარეზს და მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ!"