წინა საუკუნის 50-იანი წლების ლივერპულური ჯგუფი „Quarrymen” 1956 წელს ჯონ ლენონმა, პიტერ შოტონმა და ერიკ გრიფიტმა ჩამოაყალიბეს. მოგვიანებით მათ ბილი სმიტი და როდ დევისი შეუერთდათ.
1957 წლის 6 ივლისს, ჯგუფის კონცერტს პოლ მაკარტნი დაესწრო. მისი დასრულების შემდეგ ჯონ ლენონისა და პოლის გაცნობა შესდგა.
ცოტა ხანში ლენონმა პოლი ჯგუფში ოფიციალურად მიიწვია. მისი დებიუტი 1957 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა.
მოგვიანებით „Quarrymen”-ს ჯორჯ ჰარისონიც შუერთდა. 1960 წელს ჯგუფმა სახელი შეიცვალა და დღეს ყველასათვის ცნობილ „The Beatles”-ად გადაკეთდა.
„Quarrymen”-ის ყოფილმა ბას გიტარისტმა როდ დევისმა ამავე დასახელების ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა და კონცერტებს რეგულარულად ატარებდა, თუმცა 50 წლიანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ სამი ალბომი ჩაწერეს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, ლონდინში ჯგუფი კონცერტს ჩაატარებს. მის შემადგენლობაში ამჟამად კოლინ ჰელტონი, ლენ გერი, ჯონ დაფი და როდ დევისი ირიცხებიან.
ასევე ცნობილი გახდა, რომ 8 დეკემბერს მუსიკოსებს ქალაქ ბრისტოლშიც ვიხილავთ, სადაც ერთ-ერთ ადგილობრივ პაბში მორიგ კონცერტს გამართავენ.