რამდენიმე დღის წინ ამერიკული როკ-ჯგუფი „Foo Fighters” დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა და ქალაქებში რედინგსა და ლიდსში რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.
„Reading Festival”-ის დასკვნით დღეს, სცენაზე ასულმა ჯგუფის ლიდერმა დეივ გროლმა განაცხადა, რომ „Foo Fighters” ბოლო კონცერტს ატარებდა.
ჯგუფის თაყვანისმცემლები შეშფოთდნენ. ინტერნეტში არაერთი წერილი გაჩნდა, სადაც გროლს ნათქვამის დაზუსტებას სთხოვდნენ.
ორი დღის წინ მუსიკოსმა გამოცემას „Gigwise” ინტერვიუ მისცა და ქალაქ რედინგში გაკეთებული განცხადების კომენტარი გააკეთა.
„ჯგუფი დაშლას არ აპირებს. კონცერტზე მოსულმა მსმენელმა ჩემი ნათქვამი კარგად ვერ გაიგო. მე მხედველობაში მხოლოდ ის მქონდა, რომ მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში კონცერტებს აღარ ჩავატარებთ.“ - ასეთი გახლდათ დეივ გროლის კომენტარი.
საინტერესოა რომ ჯგუფის წევრები სექტემბერში, აშშ-ში სამ კონცერტს გამართავენ, ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებას კი მომავალი წლის მეორე ნახევარში აპირებენ.