გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, პოპულარულმა როკ-ჯგუფმა „Van Halen” მიმდინარე წლის დასრულებამდე დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმა.
ამისი უმთავრესი მიზეზი, ჯგუფის ლიდერის ედი ვან ჰალენის მოულოდნელი ავადმყოფობა გახდა. 57 წლის როკმენმა გულის შეტევა გადაიტანა. ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ექიმებმა ნახევარწლიანი დასვენება გამოუწერეს.
სექტემბერში ჯგუფი სამხრეთ ამერიკას უნდა სწვეოდა, ნოემბერში კი მათ იაპონიაში ელოდნენ. ცნობილი გახდა, რომ ეს ორი საგასტროლო ტურნე 2013 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
მიმდინარე კონცერტები „Van Halen”-ის ბოლო სტუდიური ალბომის გამოშვებას ეძღვნებოდა. ამ დისკის სახელწოდებაა „A Different Kind Of Truth” და მის ჩაწერაში ვოკალისტმა დევიდ ლი როტმაც მიიღო მონაწილეობა.