„დროა ობამამ გაიღვიძოს და კრემლის რეჟიმის დაუნდობელი სახე დაინახოს“

„დროა ობამამ გაიღვიძოს და კრემლის რეჟიმის დაუნდობელი სახე დაინახოს“

ჰილარი კლინტონის თანაშემწე ფილ გორდონი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაამთავროს. აშშ–ს კონგრესი პრეზიდენტ ობამასგან რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის გადახედვა მოითხოვს. ცნობილი ამერიკელი ექსპერტი არიელ კოენი „კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკის ღრმა კრიზისზე“ საუბრობს.

 

– ჩვენ გვინდა დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, – რუსეთ-საქართველოს საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა კიდევ ერთხელ, ამჯერად „BBC“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„შეიარაღების გაკონტროლების, ტერორიზმის და უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ მას საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ვეთანხმებით. პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, ჰილარი კლინტონმა კი სერგეი ლავროვს მიუთითა, რომ ჩვენ საქართველოს საკითხზე რუსეთს არ ვეთანხმებით. საქართველოში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანმა ღიად განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, დასრულდეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, - აცხადებს ფილიპ გორდონი.

 

ამასთან, რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის კონტექსტში, გორდონმა მოსკოვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარების გაყვანისა და „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისკენაც მოუწოდა.

 

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ რუსეთისგან „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას. ვფიქრობ, რომ დღეს უკეთეს პირობებში ვიმყოფებით მასთან იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რომლებზეც უთანხმოება გვაქვს“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი პრეზიტენტ ობამასგან რუსეთთან მიმართებაში „გადატვირთვის“ პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს“, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის გავლენიანი „რესპუბლიკელი“ წარმომადგენლის ილიან როს-ლეხტინენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ „რუსეთში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების შემდეგ პრეზიდენტი ობამა რუსეთთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის სისწორეზე კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს“. 

 

„დროა, ობამამ გაიღვიძოს და იმ რეჟიმის დაუნდობელი სახე დაინახოს, რომელთანაც მას საქმე აქვს. აქედან გამომდინარე, მან „გადატვირთვის“ პოლიტიკას უნდა გადახედოს“, - განაცხადა როს-ლეხტინენმა, რომელიც რუსეთში ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებით შოკირებულია. 

 

როგორც „РБК“ აღნიშნავს, აშშ-ის „რესპუბლიკურ პარტიას“ ობამას საგარეო პოლიტიკა არაერთხელ გაუკრიტიკებია, მაგრამ ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად, ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, პრეზიდენტს მათი აზრის გათვალისწინება მოუწევს.

 

წინასწარი ინფორმაციით, 2011 წელს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს სწორედ ილიან როს-ლეხტინენი უხელმძღვანელებს.

 

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ჩატარდა, რომელთა შედეგად კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობით „რესპუბლიკური“ პარტია მოვიდა.

 

ამასობაში პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემების მკვლევარი, ამერიკელი ექსპერტი  არიელ კოენი „კავკასიის რეგიონში ამერიკის პოლიტიკის ღრმა კრიზისზე“ საუბრობს.

 

როგორც კოენმა ერთ–ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების აღსადგენად და მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა“.

 

„სამწუხაროდ, რეგიონში აშშ-ის პოლიტიკა ღრმა კრიზისშია. ობამას ადმინისტაცია იმდენად დიდი ყურადღებით ეკიდება მოსკოვის ყველა საჩივარს, რომ საქართველოს პირველი პირების თქმით, აშშ-დან ელემენტარულ თავდაცვით იარაღსაც ვეღარ იღებენ.

 

აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს, რომელიც ირანს, ენერგიის სფეროს, ავღანეთში ტრანზიტს, ბაზრებისა და დემოკრატიის განვითარებას უკავშირდება და აუცილებელია ამ ინტერესების დაცვა“, – განაცხადა კოენმა, რომლის აზრით, „რუსეთი სამხრეთ კავკასიაში წარმატებას ობამას ადმინისტრაციის სუსტი პოლიტიკის გამო აღწევს“.

 

„მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა საშუალებით რეგიონული ლიდერობა გაიმყაროს. სამხრეთ კავკასიის საკითხებისადმი ობამას ადმინისტრაციის ინტერესის შემცირების ფონზე ამის მიღწევა ძალიან ადვილია. კრემლმა სომხეთსა და აზეირბაიჯანს შორის ტერიტორიული დავის მოგვარების ძირითადი ინსტრუმენტები აიღო ხელში და ტრადიციულ მოკავშირესა და პერსპექტიულ პარტნიორს შორის ბალანსის დაცვას ცდილობს“, - აღნიშნავს ექსპერტი და აქვე დასძენს, რომ „აშშ-ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაშიც მძიმე კრიზისშია“.

 

შეგახსენებთ, რომ არიელ კოენი საქართველოს თემაზე აქტიურად მუშაობს. 2011 წელს გამოიცემა მისი მონოგრაფია „რუსეთ-საქართველოს ომი. 2008. გაკვეთილები და შედეგები“.