ქართულ ბაზარზე ,,თამადას“ ღვინოები განახლებული სახით გამოჩნდება

ქართულ ბაზარზე ,,თამადას“ ღვინოები განახლებული სახით გამოჩნდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია  GWS-ის   ახალი ბრენდის „თამადას“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

,,თამადას“ ბრენდის ღვინოები სამი თვეა რაც ქართულ ბაზარზე განახლებული სახით დაბრუნდა. მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს ,,თამადას“  10 სახეობის თეთრი და წითელი ღვინო.

,,ქართულ მეღვინეობა-მევენახეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს ჩვენი ტრადიციაა. აუცილებელია, რომ ეს მიმართულება ქვეყანაში განვითარდეს. დარგის ხელშეწყობისთვის სამინისტრომ არაერთი პროექტი განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ  სოფლის მეურნეობის პროდუქციისა  და ქართული სასმელებისთვის გაიხსნა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარიც. ამ ყველაფერმა განსაკუთრებით გამოაცოცხლა ქართული ღვინის ინდუსტრია. დღევანდელი ღონისძიებაც ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ  ღვინის ასოციაციის თავმჯდომარე   თინა კეზელი,  ცნობილი მეღვინეები, სომელიეები, მეღვინეობის დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კომპანია GWS-მა  600 000 აშშ დოლარის კრედიტი აიღო,  წარმოება გააფართოვა და თანამედროვე დანადგარები შეიძინა.

კომპანია GWS-ი 1994 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ფუნქციონირებს.    მათი წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის ღვინო და ჭაჭა  ექსპორტზე  გადის  აშშ-ს, ევროპის, იაპონიის და შუა აზიის  ბაზრებზე.   2006 წლის ემბარგოს შემდეგ, წელს კომპანია რუსულ ბაზარზე  დაბრუნდა და ამ ეტაპზე, ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობით ერთ-ერთი  ლიდერის პოზიცია უკავია.