გამოცემა „New Musical Express”-ის ცნობით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ლონდონში მიუზიკლის „Let It Be” პრემიერა გაიმართება.
წარმოდგენა „Prince of Wales”-ის თეატრში შესდგება. წინასწარი ინფორმაციით, მას პოლ მაკარტნი და რინგო სტარიც დაესწრებიან.
მიუზიკლის პროდიუსერი ჯეიმი ჰენდრი მთავარი როლების შემსრულებლებს ნახევარი წლის განმავლობაში ეძებდა. უკვე ცნობილია, რომ 37 წლის იტალიელი მომღერალი ემანუელ ანჯელეტი პოლ მაკარტნის განასახიერებს, ჯორჯ ჰარისონის როლს კი 30 წლის ბრიტანელი სტივენ ჰილი შეასრულებს.
ცნობილია, რომ სპექტაკლში „The Beatles”-ის 30 ცნობილი კომპოზიცია აჟღერდება, მათ შორის „Twist and Shout”, “A Hard Day’s Night”, “Yesterday”, “She Loves You”, “All My Lovin”, “Come Together”, “Hey Jude” და „Daytripper”.
საინტერესოა, რომ მიუზიკლის პრემიერა „The Beatles”-ის პირველი სინგლის „Love Me Do”-ს გამოშვების საიუბილეო თარიღს თითქმის ემთხვევა. ამ სიმღერამ დღის სინათლე 1962 წლის 5 ოქტომბერს იხილა.