"კომერსანტი": თბილისი ახლა უფრო სწრაფად მიიწევს დასავლეთისკენ, ვიდრე ერთი წლის წინ

"ევროპაში ქართულად", - ამ სათაურით აქვეყნებს რუსული გამოცემა "კომერსანტი" ოლგა ალიონოვას სტატიას საქართველოს შესახებ. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება და მიხეილ სააკაშვილის გუნდის საბოლოო წასვლა, საქართველოსთვის კატასტროფა არ იქნება. პირიქით, ძალაუფლების მშვიდობიანმა გადაბარებამ შესაძლოა, თბილისი ევროპას მიუახლოვოს. 

"საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებას სწორედ ამ კანდიდატს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, რეალურად თავად კანდიდატის პერსონას დიდი როლი არ უთამაშია – ხმა მისცეს კოალიციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ გამოდის", - ნათქვამია სტატიაში. 

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წელს "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კოლოსალურ მოვლენად იქცა საქართველოსთვის, რამეთუ საქართველოს უახლოეს ისტორიაში მმართველმა პარტიამ ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარა. 

ავტორი ხაზს უსვამს, რომ ხშირად გაისმოდა შიში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველა რეფორმების გზიდან გადაუხვევდა, პოლიცია ისევ ქრთამის აღებას დაიწყებდა, ინვესტორებები ქვეყანას დატოვებდნენ, ამერიკელები და ევროპელები იმედგაცრუებული იქნებოდნენ, ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე უარს ეტყოდა და საქართველო რუსეთის ვასალის სტატუსს დაიბრუნებდა. 

"ერთი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ღამეს ეს საფრთხე რეალური იყო. იმ ღამეს, ეგზიტპოლების შედეგებით, ოპოზიციამ გაიმარჯვა. "ქართულმა ოცნებმა" ზეიმი დაიწყო, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლების შედეგები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს შორის მუსირებდა ხმები, რომ თუ ხელისუფლება არ აღიარებდა მარცხს, ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, პატარა ომს წამოიწყებდა, რომელშიც ხელისუფლება ჩაებმებოდა, საქართველოში კი რუსეთის არმია შეიჭრებოდა, რათა მხარი დაეჭირა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლთათვის. თუმცა, ხალხის დარწმუნების მცდელობამ, რომ ეს არ მოხდებოდა და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი დამატებით პრობლემებს არ შეიქმნიდა, შედეგი ვერ გამოიღო – იმ ღამეს ელიტის წარმომადგენლები საქართველოში რუსეთის შეჭრას განიხილავდნენ და შესაძლოა, სწორედ ამ ინფორმაციამ იმოქმედა სააკაშვილზე, რომელსაც არასოდეს შეეძლო ჩრდილოელი მეზობლის რეალური შესაძლებლობების შეფასება. მან აღიარა მარცხი", - წერს ოლგა ალიონოვა. 

ავტორის თქმით, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველომ არათუ წააგო რამე მოვლენების ასეთი განვითარებით, არამედ მოგებული დარჩა. 

"არ მოხდა ისიც, რისიც სააკაშვილის მომხრეებსა და ლიბერალებს ეშინოდათ – საქართველოში არ დაბრუნდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები, ედუარდ შევარდნაძის ეპოქის ჩინოვნიკები, კორუფცია აღარ არსებობს – ყოველ შემთხვევაში, ეს შეუმჩნეველია", - აღნიშნავს ავტორი. 

როგორც ოლგა ალიონოვა წერს, ყველაზე უსიამოვნო შედეგი, რაც ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვა, ეკონომიკური ზრდის ვარდნა და ინვესტიციების კლებაა - თუ 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 6,1%-ით გაიზარდა, წლევანდელი წლის წინასაწარი მონაცემებით, ზრდა 2-3%-ზე მეტი არ იქნება. თუმცა, ამასაც თავის ახსნა აქვს – ორხელისუფლებიანობა ქვეყანას ერთი წლის განმავლობაში სტანჯავდა, ახლა კი, თუ ახლანდელი ხელისუფლება ადეკვატურად მოიქცევა, სავარაუდოდ, ინვესტორებიც დამშვიდდებიან. 

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპელები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს და რევანშიზმის დაუშვებლობაზე საუბრობენ. მისივე თქმით, მოსახლეობა რაც არ უნდა ითხოვდეს ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებას, ძალიან რთული იქნება ამის შესრულება, რადგან ყოველი გასამართლებული ექს-ჩინოვნიკი შესაძლოა, პოლიტპატიმარი გახდეს და ბარიერად იქცეს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. 

"საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სანდომიანი ინტელიგენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა სრულიად დამოუკიდებელისა და პროგნოზირებადის. სწორედ ასეთი ადამიანი შეეფერება საუკეთესოდ იმ ქვეყნის ლიდერის როლს, რომლისგანაც დასავლელ პარტნიორებს არანაირი სიურპრიზები და უსიამოვნებები არ სურთ", - აღნიშნავს ავტორი. 

ოლგა ალიონოვა აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საინტერესო განვითარებას გვპირდება. მისივე თქმით, თუ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარი მისია შეასრულა და ქვეყანა "ტირანი სააკაშვილისგან" გაათავისუფლა, მართლაც წავა, პოლიტიკურ სივრცეს გაათავისუფლებს და ქვეყნის დემოკრატიზაციას დაეხმარება. 

"ქართული ოცნება" სავარაუდოდ დაიშლება. მასში გაერთიანებულ პარტიებს ერთობ განსხვავებული მოსაზრებები და პლატფორმები აქვთ იმისათვის, რომ დიდხანს იარსებონ ერთად.

პარლამენტში შეიქმნება ფრაქციები მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ვექტორით, ცენტრისტებითა და ნაციონალისტებით. დროთა განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა პრორუსული პარტიაც გამოჩნდეს, რომელსაც სავარაუდოდ დიდი წარმატება არ ექნება – საპრეზიდენტი არჩევნებზე პრორუსულმა კანდიდტმა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც რუსული ტელეარხები აქტიურად უჭერდნენ მხარს, მხოლოდ 10% მოიპოვა. ყოველივე ეს არ იწვევს აპოკალიფსის განცდას. ახლა თბილისი უფრო სწრაფად მიიწევს დასავლეთისკენ, ვიდრე ერთი წლის წინ და ამ პროცესში თავად დასავლეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს", - წერს ოლგა ალიონოვა.