საქართველო უკან იტოვებს არაორდინალური ლიდერების ეპოქას

საქართველო უკან იტოვებს არაორდინალური ლიდერების ეპოქას

"არის თუ არა საქართველოს არჩევნები მომწიფებული დემოკრატიის ნიშანი?" – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Foreign Policy პოლ რიმპლის სტატიას საქართველოს შესახებ. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ორწლიანი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, შესაძლოა კავკასიაში უფრო მეტი პრობლემა მწიფდება.

პოლ რიმპლი წერს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგად შეიცვალა და არა - ბუნტის შედეგად.

"მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის გიორგი მარგველაშვილის არჩევამ სააკაშვილის ეპოქა დაასრულა – მზარდი ავტორიტარიზმის ფასად ელვის სისწრაფით განხორციელებული რეფორმებისა და ეკონომიკური წინსვლის ეპოქა, რომელშიც შერჩევით სამართალსა და სიმკაცრეს ჰქონდა ადგილი. რომ არა იდუმალი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი "ქართული ოცნება" ეს ცვლილებების ვერ განხორციელდებოდა", - წერს პოლ რიმპლი.

სტატიის ავტორი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციას, რომელიც მან თავის 50 მილიონ დოლარად ღირებულ სასახლეში 2011 წლის ოქტომბერს გამართა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, სააკაშვილის ხელისუფლების მონოპოლიის დასასრულებლად.

პოლ რიმპლი იხსენებს ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრასაც საპარლამენტო არჩევნების წინ. ავტორის თქმით, ივანიშვილი გადაკვრით საუბრობდა მართლმსაჯულების რეფორმასა და ეთნიკურ ტოლერანტობაზე, თუმცა პირდაპირ ლაპარაკობდა სააკაშვილის წარუმატებლობაზე.

"საუბროს ბოლოს ბევრი ვერაფერი შევიტყე ამ ადამიანზე გარდა იმისა, რომ კონკრეტული გეგმის გარეშე სურდა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ქართველებისთვის კი საკმარისი აღმოჩნდა ახალი ჰაერი: ივანიშვილის პარტიამ გაიმარჯვა", - წერს პოლ რიმპლი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის და მისი "ნაციონალური მოძრაობისთვის" მარცხი შოკისმომგვრელი იყო. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სიამაყე დაიცხრო და აღიარა მარცხი. მაგრამ თანამდებობის დატოვებამდე ერთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტი იძულებული იყო გაეზიარებინა კოჰაბიტაციის არცთუ მარტივი პერიოდი ივანიშვილთან და "ქართულ ოცნებასთან, იმ პირთა კოალიციასთან, რომელთაც საააკშვილის მემკვიდრეობის განადგურება სურდათ.

როგორც პოლ რიმპლი წერს, გასული წელი ასევე ხმაურით გამოირჩეოდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ათობით მაღალჩინოსნის დადანაშაულებას მოჰყვა, რომელთა შორის რამდენიმე ექს-მინისტრი, ასევე ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილიც იყო.

"ისევ ივანიშვილის ფუტურისტულ სასახლეში დავბრუნდეთ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ვკითხე, თუ ცდილობდა მიშას განადგურებას, რაზეც მან მიპასუხა: "რატომ უნდა გავანადგურო? – ავადმყოფი არ ვარ. ისინი თავად ანადგურებენ საკუთარ თავს. მე კი შენება მინდა", - წერს პოლ რიმპლი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნასთან დაკავშირებით. როგორც პრემიერმა ამერიკული გამოცემის ჟურნალისტს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით ხალხის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მათ ყოველთვის უნდათ პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს დააკისრონ.

"ქვეყანას რომ პარლამენტი მართავს და არა ერთი ადამიანი ხალხს არ მოეწონა, რადგან მათ უნდათ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ ადამიანს დააკისრონ. მაგრამ, საზოგადოების განვითარებისთვის საჭიროა, რომ თითეულმა ადამიანმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა. მესიების ყოლა საზოგადოებისთვის დამღუპველია. რაც უფრო დიდხანს დავრჩები, მით უფრო უარესი იქნება ეს", - ციტირებს პოლ რიმპლი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის გამო კრიტიკოსები ღელავენ, რომ პარლამენტში ქაოსი იქნებაა, ან პირიქით – ის კულისებიდან წარმართავს ქვეყანას.

პოლ რიმპლი ციტირებს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩევლის, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარის ლინკოლნ მიტჩელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილი ფსონს გაძლიერებულ ინსტიტუტებზე და არა ხალხზე ჩამოდის. ამასთან, ლინკოლნ მიტჩელი ფიქრობს, რომ პრემიერი კულისებიდან განაგრძობს მართვას.

"ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობამ იცის ეს და მათთვის ეს მისაღებია. საქართველოს პოლიტიკური კლასისთვის ერთობ რთულად გასააზრებელია, რომ ქვეყანაში მდგომარეობა აღარ არის ისეთი არასტაბულური, როგორც ეს ერთი ან ორი წლის წინ იყო. ინსტიტუტები სტაბილურია", - ციტირებს ავტორი ლინკოლნ მიტჩელის კომენტარს.

პოლ რიმპლი ასევე აღნიშნავს, რომ სტაბილურობა პირობითია მაშინ, როცა კანონმდებლები ბუსუსებიანი პრეზერვატივების გაყიდვის აკრძალვასა და იმ მაღალჩინოსნების დაჯარიმებაზე ფიქრობენ, რომლებიც გამართული ქართულით ვერ მეტყველებენ. მაგრამ როცა საქმე უმცირესობათა დაცვაზე მიდგა, პარლამენტში ამ საკითხმა ინტერესთან კონფლიქტი გამოიწვია.

თუმცა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საკითხი, რომელიც პარლამენტის მომავალს განაპირობებს, სამუშაო ადგილების შექმნაა. მისივე თქმით, ოფიციალურად საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 16 პროცენტამდეა. რეალურად ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია. 2013 წლის სექტემბერში NDI-ის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის 46% უმუშევარია და სამსახურის მაძიებელია.

"ივანიშვილი ამაზე პასუხს არ იძლევა, მხოლოდ აცხადებს, რომ თავისი დროის უმეტეს ნაწილს სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის პრობლემებზე მუშაობაში ხარჯავს", - აღნიშნავს პოლ რიმპლი.

სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და ხილზე ემბარგოს გაუქმებას, რომელიც 7 წლის განმავლობაში იყო. მისივე თქმით, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობის დამყარება, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, გარკვეულ არსებით პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ ქართულ სოფლებში მავთულხლართების გაბმის კუთხით.

"მოსკოვთან ურთიერთობების დათბობაზე ივანიშვილი მხრებს იჩეჩავს და ამბობს, რომ მისი ბრალი არ არის, რომ სააკაშვილი ომში ჩაითრიეს", - წერს პოლ რიმპლი და ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ყველა პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არ გააღიზიანოს დიდი მეზობელი.

"ჩვენ ვერ შევცლით რუსეთს, მაგრამ სწორი ნაბიჯების გადადგმით ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეგვიძლია, რასაც ვაკეთებთ", - ციტირებს ავტორი ბიძინა ივანიშვილს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპანტთან ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია და გაბოროტებულია, რომ ივანიშვილი შესაძლოა კრემლის ევრაზიულ კავშირშიც კი გაწევრიანდეს.

"ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაცია კვლავ ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიად რჩება. ეს ნათელია. ვინ იცის, რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი?" ვფიქრობ, ეს თვითონ რუსებმაც არ იციან.

ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით მხოლოდ ვთქვი, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მისი ფორმირების პროცესს და აღვნიშნე, რომ თუ ის ჩვენს სტრატეგიასთან კონფლიქტში არ მოვა, რატომაც არ უნდა განვიხილოთ?", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

როგორც პოლ რიმპლი წერს, იქნებ დადგა კიდეც უფრო ჯანსაღი დისკუსიების დრო.

"სააკაშვილის წასვლით, რომელიც ჩემოდნებს ალაგებს და თავის ბინაში ბრუნდება და ივანიშვილის თანამდებობიდან გადადგომით, შესაძლოა დასრულდეს ქართული პოლიტიკის ორ ძალას შორის არსებული მწვავე დაპირისპირება, რომელიც ივანიშვილის მიერ საკუთარი ამოცანების პირველად გამხელიდან მოყოლებული პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზებას ახდენდა. კვირას, არჩევნების დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის" მოკრძალებულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გულწრფელად მიულოცა თავის მეტოქე გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება – ეს იყო გონივრული ჟესტი, რომლის ნახვასაც მიუჩვევლები ვართ საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც უკან იტოვებს არაორდინალური ლიდერების ეპოქას", - წერს პოლ რიმპლი.