საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ყველა მცდელობას. აქედან გამომდინარე, ვიზიარებთ უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას სააგიტაციო მასალის შეუფერხებლად განთავსების შესახებ (2013 წლის 11 ოქტომბერს გამოცემული რეკომენდაცია).
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2011 წლის 27 დეკემბერს მიღებული საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სააგიტაციო მასალის განთავსების საკითხზე რეაგირება განეკუთვნება არა საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას, რომელთაც რეალურად გააჩნიათ ამ პროცესის მართვის რესურსი.
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ხელი შეუწყოს ყველა მხარეს, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებს, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაში.
აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებისა და სამხარეო ადმინისტრაციების იურისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ამ ტრენინგებზე ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალურად აუხსნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა როლი საარჩევნო პროცესებში, მათ შორის ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების განთავსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცედურები.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მზადყოფნას გამოთქვამს, მის ხელთ არსებული ინფორმაცია კონკრეტული ფაქტების შესახებ შეატყობინოს შესაბამის მუნიციპალურ ორგანოს. ამასთან, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში, კანონის მოთხოვნებისა და კომპეტენციის შესაბამისად, მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.