"ტრაქტორების საქმეზე" დაკავებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, რომელიც ეხებოდა შპს "მექანიზატორის" საქმეზე დაკავებულ ორ პირს _ ოთარ ქარჩავას და ზაზა მახარობლიძეს. 

პროკურორის განცხადებით, "რადგან საგამოძიებო მოქმედებები უკვე ამოწურულია და ზაზა მახარობლიძეს არ აქვს კავშირი შპს "მექანიზატორთან," არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საშიშროება, ის ხელს არ შეუშლის გამოძიებას."

ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა 5000 ლარიანი გირაოს შემცირება 1000 ლარამდე მოითხოვა.

ზაზა მახარობლიძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს მოსამართლე ლია ორკოდაშვილი იხილავდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით პროკურატურის მოთხოვნილი 5 000 ლარიანი გირაოს ნაცვლად მახარობლიძეს 3500 ლარის გირაო შეეფარდა.

დღესვე პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალა ამავე საქმეში მონაწილე კიდევ ერთ პირს, ოთარ ქარჩავას.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს, ანუ ყოფილი კუდის თანამშრომლებმა რვა პირი დააკავეს: შპს "მექანიზატორის" გენერალური დირექტორი - ვაჟა ნახუცრიშვილი, მისი მოადგილეები - მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი - ომარ თედორაძე, ტექნიკურ მეცნიერებათ დოქტორები - ოთარ ქარჩავა, ზაზა მახარობლიძე, თეო ურუშაძე და გივი ქაიხოსროშვილი დააკავეს.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი სამ მაისს წაუყენა.