“სადაზღვევო კომპანიები ჯერ თავად ვითარდებიან, ამიტომ მათი მონაწილეობა სოფლის მეურნეობაში არასათანადოა”

“სადაზღვევო კომპანიები ჯერ თავად ვითარდებიან, ამიტომ მათი მონაწილეობა სოფლის მეურნეობაში არასათანადოა”

კითხვა: 10 ოქტომბერს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწების უკეთ ასათვისებლად, კოლხეთის დაბლობის დაშრობას აპირებს. სანამ დაბლობების დაშრობას დავიწყებთ, და როგორც არაბეთშია, ზღვაში ხელოვნური კუნძულების აშენებას, მანამ ის მიწები ხომ არ დაგვემუშავებინა, რაც რეალურად არის დაუმუშავებელი? დღეს ვარგისი სასოფლო სამეურნეო სავარგულების რამდენი პროცენტია რეალურად დამუშავებული?

ბაკურ კვეზერელი: 2005 წლიდან ვახორციელებთ სარწყავი და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას. ამ წლების განმავლობაში უფრო დიდ ყურადღებას სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას ვუთმობდით. დღეს ჩვენ ვართ ახალი გამოწვევის წინაშე. კოლხეთის დაბლობის იმ ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართვის მიზნით, სადაც 20 წლის მანძილზე არ მომხდარა სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია, ამ სისტემის რეაბილიტაციას ვიწყებთ.


კითხვა: ბ-ნ ბაკურ, როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულია საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%-ზე მეტი, და ეს სამუშაო ძალა აწარმოებს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს. რა არის ამის მიზეზი, მოტივაციის არ ქონა, როგორც ამას პრეზიდენტი აცხადებს, თუ უფრო ღრმა და პროფესიულ მიზეზებს დაასახელებთ?

ბაკურ კვეზერელი: ამის უპირველესი მიზეზია არაეფექტური ფერმერული მეურნეობები.  ვგულისხმობ დაბალ საჰექტარო მოსავლიანობას, პირუტყვის დაბალ მწარმოებლურობას და შესაბამისად საშუალო წლიური წარმოების დაბალ მაჩვენებლებს.  მაგალითად, სიმინდის საშუალო წლიური წარმოება შეადგენს 2,2 ტონას ჰექტარზე, როდესაც შესაძლებელია, რომ იყოს 6,6 ტონა ჰექტარზე. ამასთანავე სიტუაციას ართულებს უხარისხო თესლის გამოყენება და შრომის ორგანიზების დაბალი დონე.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია სადაზღვევო კომპანიებმა დანერგონ ისეთი პროდუქტი რაც შესაძლებლობას მისცემს ფერმერს დააზღვიოს მოსავალი ან ცხოველები (მოსავლის შემთხვევაში: სეტყვა ან სხვა სტიქიით გამოწვეული განადგურება; ცხოველების შემთხვევაში დაავადებები). მადლობა.

ბაკურ კვეზერელი: ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა პროგრამა, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს, მათ შორის მიმდინარე ,,მარცვლეულის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა”, განხორციელდეს სადაზღვევო კომპანიების მაქსიმალური ჩართულობით. იმის გამო, რომ ჯერ თავად სადაზღვევო კომპანიები ვითარდებიან, მათი მონაწილეობა სოფლის მეურნეობაში არასათანადოა. თუმცა იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობაში მონაწილე სუბიექტების რაოდენობა დიდია,  ეს სექტორი კომპანიებისთვის საინტერესოა.

კითხვა:  გამარჯობა, ბატონო ბაკურ. ხალხში მუსირებს აზრი, რომ  კერძო მეწარმეებს  არ აქვთ საშუალება შემოიტანონ უცხოეთიდან სხვადასხვა პროდუქცია, რადგანაც საქართველოში რამდენიმე მონოპოლისტია სხვადასხვა სფეროში, და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ პორტებში სხვადასხვა პროდუქციას ძალით აჩერებენ იმისთვის, რომ ჩაიძირონ წვრილი მეწარმეები. თუ არის მართალი ეს ინფორმაცია?  დიდი მადლობა. 

ბაკურ კვეზერელი: ჩვენ ნამდვილად მოვახერხეთ ძალიან ბევრი არასატარიფო ბარიერის გაუქმება, რის შემდეგაც შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოში იმპორტისას ყველა მეწარმე არის თანაბარ სიტუაციაში და მათ არანაირ ხელოვნურ დაბრკოლებას არც ერთი სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა არ უქმნის. თუ მსგავს ფაქტს დაგვისახელებთ, გპირდებით, რომ ფაქტზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ და ინფორმაციას მოგაწვდით.

კითხვა: გთხოვთ გვიპასუხოთ, რეალურად რა გააკეთეთ ამდენი ხნის განმავლობაში გლეხისთვის და სოფლის მეურნეობისთვის. ერთი რეალური ფაქტი დაგვისახელეთ პოპულიზმის გარეშე.

ბაკურ კვეზერელი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და პრიორიტეტი არის მექანიზაცია. 2009 წლის დასაწყისში შეიქმნა ახალი სახელმწიფო კომპანია, რომელსაც გადაეცა 150-მდე ერთეული სხვადასხვა მანქანა-დანადგარი. აღნიშნულმა კომპანიამ გახსნა 5 მომსახურების ცენტრი საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც უფრო მწვავედ იდგა ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა და დღეს აღნიშნული ორგანიზაციის წყალობით 12 000 გლეხური მეურნეობისთვის გახდა შესაძლებელი მიწის ხარისხიანი დამუშავება აგროვადების დაცვით. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად შემოსული თანხებით ახორციელებს ტექნიკის შეძენას.