შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მაღალი რანგის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები: მარშალის ფონდის პრეზიდენტი ქრეგ კენედი, ბოშის ფონდის უფროსი მრჩეველი, ყოფილი ელჩი დიტერ ბოდენი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, განსაკუთრებით ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებული აქტუალური თემები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ვიზიტი ორგანიზებულია შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა (The German Marshall Fund of the United States) და რობერტ ბოშის ფონდის (Robert Bosch Stiftung) მიერ და მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოებასა და მათი განვითარების სტრატეგიების ხელშეწყობას.