შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორის საკნებსა და იზოლატორის სხვა ადგილებში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება იქნება დასაშვები, რაც მხოლოდ მინისტრის თანხმობით შეიძლება მოხდეს.
აღნიშნულს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ტიპური დებულების, იზოლატორების შინაგანაწესის და იზოლატორების საქმიანობის მარეგულირებელი დამატებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრძანების თანახმად, იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოება დასაშვებია იზოლატორში მოთავსებული პირების და იზოლატორის პერსონალის უსაფრთხოების, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის აღკვეთის, იზოლატორებში სამართალდარღვევების პრევენციის, აგრეთვე იზოლატორების მუშაობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოებამ იზოლატორის პერსონალის მიერ იზოლატორში მოთავსებული პირების შემოწმება და მათთან უშუალო კონტაქტის განხორციელება არ უნდა ჩაანაცვლოს.
ამავე ბრძანების გათვალისწინებით, იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დასაშვებია იზოლატორის დერეფნებში, სადაც განთავსებულია საკნები. საკნებსა და იზოლატორის სხვა ადგილებში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება კი დასაშვებია მხოლოდ მინისტრის თანხმობით. საკნებში ვიდეომეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში - უსაფრთხოების მიზნებისათვის. შს მინისტრის ბრძანებაში ისიც წერია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული იზოლატორში მოთავსებული პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის წარმოების წესის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (კამერები) დამონტაჟების ადგილზე ვიდეოგადაღების მიმდინარეობის გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა განთავსდეს. იზოლატორის დერეფნებში, საკნებსა და სხვა ადგილებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს აღნიშნულ ადგილებში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია.
იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგი სპეციალურად გამოყოფილ ოთახში უნდა განხორციელდეს. ბრძანების გათვალისწინებით, იზოლატორი ვალდებულია აღრიცხოს ნებისმიერი ტექნიკური შეფერხება (ელექტროენერგიის გათიშვა ან არასტაბილურად მიწოდება, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება ან მისი მწყობრიდან გამოსვლა და სხვა), რამაც ვიდეომეთვალყურეობის წარმოების შეფერხება გამოიწვია. აღნიშნული შეფერხების თაობაზე იზოლატორის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ დაუყოვნებლივ ეცნობება იზოლატორის უფროსს.