ნოდარ მგალობლიშვილი: "მაკედ არის მთელი ერი. "წალენჯიხაში ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ხსნარით მოსახლეობის "შეწამვლამ" ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა.
"ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო ხსნარის გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების აპრობირებული მეთოდია" - მეუბნება მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი, რომელსაც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ:
- გურიაში ვიყავი მოსახლეობასთან შეხვედრაზე და მაშინაც მოგვასხურეს ეს საწამლავი. გიკვირთ ეს ამ ხელისუფლებისაგან? მიკვირს, ამის მერე მიშას კიდევ რომ აქებს ვიღაც. გაიძახიან, მაგას ვენაცვალეო. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ სიკეთე გაუკეთოს ხალხს, არადა ყველანაირი უბედურება დააბრალეს! საზოგადოების ნაწილიც აჰყვა ამ პროპაგანდას. რა არის ეს?! ხალხის უმეტესობამ სახე დაკარგა. ტყუილების მოსმენა ურჩევნიათ მწარე სიმართლეს. ზოგჯერ ისე ვბრაზდები, მინდა ვთქვა, ეს საზოგადოება კი არა, ნაგავია-მეთქი. ძალიან გაბრაზებული ვარ. "მიშა! მიშას!" ყვირის დიდი და პატარა. ეს ის ხალხია, რომელიც ხან ერთი ხელისუფლების მხარესაა, ხან - მეორის. სააკაშვილს დღეს საზოგადოების გამყიდველი ნაწილი უდგას გვერდით, უზნეო ხალხი. სახელმწიფო, სადაც კანონი და სამართალი არ არსებობს, სახელმწიფო არ არის.
- საზოგადოების ნაწილს, ალბათ, ხელისუფლების განცხადებები აბნევს, ჩვენი მოწინააღმდეგე ავი ზრახვებით არის გამსჭვალული და უწმინდური ხელებით ამიტომ მოიწევს ხელისუფლებაშიო.
- სანამ ჩვენი ხალხი დაბნევას არ გადაეჩვევა, მანამდე ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს საშველი არ იქნება. ადამიანი მარტო კუჭზე არ უნდა ფიქრობდეს! მთელი საქართველო მოვიარე, მოსახლეობას ვხვდებოდი, ვესაუბრებოდი.
ერთმა ქალმა მითხრა, ჩემი შვილი სახელმწიფო სამსახურშია და ხუთიანი რომ არ შემოვხაზო, დაითხოვენო. ვკითხე, რა მოხდება, რომ სხვა ნომერი შემოხაზოთ-მეთქი? სხვა ნომერი რომ შემოვხაზო, გაიგებენ, რადგან საარჩევნო უბანზე კამერები დგასო. რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ თუ ხუთიანის გარდა სხვა ციფრს შემოხაზავს, დაიღუპება. როდესაც სამშობლო იღუპება, შენ როგორ ფიქრობ სამსახურსა და საჭმელზე?