წინასაარჩევნო კამპანიაში მომღერლები აქტიურად ჩაერთვნენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყნის მასშტაბით ტურნე წამოიწყო, რომელშიც საკმაოდ ბევრი მომღერალი მონაწილეობს.
ისინი საჯაროდ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას მმართველი პარტიის მიმართ.
კონცერტებისას და მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მომღერლები ხალხს "ნაცმოძრაობის" მაისურებსაც ურიგებენ და ამა თუ იმ რეგიონის გუბერნატორის ღვაწლსაც აქტიურად ახსენებენ მსმენელებს.
მომღერლების სია, რომლებიც ტურნეში მონაწილეობენ, საკმაოდ მრავალრიცხოვანია: ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე, ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ნატო გელაშვილი, ჯგუფი "სეიშენი" და ა.შ.
სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმებზე ხალხი ამ საკითხს აქტიურად განიხილავს. მათი ნაწილი მომღერლების საქციელს ამორალურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელოვანი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს და არც ამა თუ იმ პარტიის ინტერესების გამხმოვანებელი უნდა გახდეს.
თავად მომღერლები კი ამ აზრს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ საქციელში მიუღებელი არაფერია.
ანრი ჯოხაძე ჩვენმა კითხვამ ცოტა არ იყოს გააღიზიანა. გვითხრა, რომ მიზეზებს - ჰონორარის გამო იღებს კონცერტში მონაწილეობას თუ პირადი შეხედულებების საფუძველზე - ჩვენთან არ განიხილავს. თუმცა, მოგვიანებით განგვიცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს და რომ მხოლოდ ჰონორარის გამო მსგავსი სახის კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ტურნეში ჯერ არ ჩავრთულვარ, მაგრამ ვაპირებ. რაც შეეხება იმ საკითხს, ამას ჰონორარის გამო ვაკეთებ თუ პირადი შეხედულებების გამო, თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვისთანაც მსგავს თემებს განვიხილავ. მომღერალი ვის უჭერს მხარს, ეს მისი პირადი საქმეა.
ჩემი აზრით, როცა პოლიტიკოსი პატივს დაგდებს და შემოგთავაზებს, რომ მის საარჩევნო მხარდამჭერ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, ეს დიდი პატივია. საკმაოდ საპატივსაცემო მისიაა, როცა შენ ვიღაცა ისეთ ავტორიტეტად გთვლის, რომ წინასაარჩევნო პიარ-კამპანიაში გამოგიყენოს, რასაკვირველია, გარკვეული გასამრჯელოს ფასად", - აცხადებს მომღერალი.
თუმცა, მოგვიანებით აზუსტებს, რომ მსგავს შემოთავაზებას სხვა პარტიების მხრიდან პატივად სულაც არ ჩათვლის და არც დათანხმდება.
"მე ხმას ვაძლევ "ნაციონალურ მოძრაობას". სხვა პოლიტიკური პარტიის შემოთავაზებას არც ერთ შემთხვევაში არ დავთანხმდები. ანუ, თუ პარტიის იდეოლოგიას არ ვეთანხმები, მხოლოდ ჰონორარის გამო მის მხარდამჭერ კონცერტზე არ გამოვალ.
მე ჩემი მტკიცე პოზიცია მაქვს. აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ვარ ჩემ თავში და ამ ქვეყანაში ბევრი რამის აზრზე ვარ. არც ისე სულელი მგონია თავი", - ამბობს ჯოხაძე.
დაახლოებით იგივე მოვისმინეთ მუსიკოს აჩიკო გულედანისგან. ის ტურნეში ჩართული არაა, თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
"ეს მომღერლების გადასაწყვეტია. ამ კონცერტებზე ბევრი ჩემი მეგობარი გამოდის და ეს საგანგაშო სულაც არ მგონია. ეს მიღებული მეთოდია ბევრ ქვეყანაში.
მე ჩართული არ ვარ ამ ეტაპზე, არც შემოთავაზება მქონია. ალბათ ისეთ რამეს არ ვუკრავთ, რაც ამ ტიპის ფორმატს და პროექტს სჭირდება. მაგრამ, თუ რამის თქმა მომინდება, არც მაგის პრობლემაა.
ვინც არ "მევასება", იმის მხარდამჭერ კონცერტზე არ გამოვალ. მაგალითად, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაში არასდროს მივიღებ მონაწილეობას - ეს ზუსტად ვიცი. არაფრის სანაცვლოდ, იმიტომ, რომ მე მათგან საპირისპირო პოზიცია გამაჩნია. მხარს ვერ დავუჭერ იმას, ვის მოსაზრებებსაც არ ვიზიარებ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში გულედანი.
ტურნეს ერთ-ერთი მონაწილე ნატო გელაშვილი კი გვეუბნება, რომ პატივს სცემს სახელმწიფოს, პრეზიდენტს და ამიტომაც მსგავს კონცერტებზე უარს არ ამბობს. მომღერალსა და კომპოზიტორს არ მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით იგი ვინმეს მხარდაჭერას გამოხატავს, ან პოლიტიკაში ერევა.
"ამ სახელმწიფოში ვცხოვრობ და როცა სახელმწიფოს რაიმე კონცერტი აქვს, მონაწილეობას ვღებულობ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პოლიტიკაში ვარ გარეული. მომღერალი ვარ და ჩემს საქმეს ვასრულებ.
მე ამ ტურნეში ვმონაწილეობ. "ნაციონალური მოძრაობისგან" მივიღე შეთავაზება და დავთანხმდი. თუმცა, არ ვთვლი, რომ ამით პოლიტიკაში გავერიე.
სხვისგან არც მიმიღია რაიმე. ვინც შემომთავაზა, იქ ვარ. სადაც ჩემი კოლეგები დგანან, იქ ვდგავარ მეც. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ვერევი. უბრალოდ, კონცერტზე გამოვდივარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ.
მხარს ვის ვუჭერ, ეს ჩემი საქმეა. საკმაოდ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ვინმე თუ თვლის, რომ კონცერტში მონაწილეობის მიღებით მე პოლიტიკაში ჩავერიე, მისი საქმეა", - განმარტავს მუსიკოსი.
იგი ვერც სარეკლამო მაისურების დარიგებაში ხედავს იმის მიზეზს, რომ მას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის იარლიყი მიეწებოს: "მაისურის დარიგება ცუდია? ხალხი გვთხოვს მაისურებს და ვაძლევთ. რა არის ამაში სატრაგედიო?"
მონაწილეობის მიზეზად კი, სხვებისგან განსხვავებით, იგი არც ჰონორარს ასახელებს და არც პარტიასთან იდეურ თანხვედრას: "სახელმწიფოა და როცა რამე სჭირდება, უნდა დავეხმარო".
"ჰონორარი არაა მთავარი. მე ვცხოვრობ ამ სახელმწიფოში და როცა მას რამე სჭირდება, მის გვერდში უნდა დავდგე, რადგან მე ამ ეტაპზე სხვა ქვეყანა არ გამაჩნია.
100 პროცენტით არავის ვემხრობი და ვერ ვიტყვი, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის ყველა ნაბიჯი მომწონს. არის რაღაც, რაც მომწონს და არის რაღაც, რაც არ მომწონს. ასეა ყველაფერში და მათ შორის პოლიტიკაშიც. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ერთაზროვნად ვინმეს ეთანხმებოდე", - ამბობს ნატო გელაშვილი.
მიუხედავად ამისა, იგი სხვა პარტიის შემოთავაზებას არ დათანხმებოდა, რადგან ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ "ოპოზიციური აზრი აქვს".
" სხვა პარტიას არ დავთანხმდებოდი. მე მყავს პრეზიდენტი და მას ვუჭერ მხარს. ოპოზიციურ პარტიებში გარევა იმას ნიშნავს, რომ მე რაღაც ოპოზიციური აზრი მაქვს.
მაგალითად "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რადგან მაინც ოპოზიციაა და ხან ისე იცვლება, ხან - ასე", - აცხადებს გელაშვილი.
"რეზონანსთან" საუბარში საპირისპირო აზრს აფიქსირებს მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. მისი აზრით, მომღერლის მხრიდან ამა თუ იმ პარტიის მიმართ მხარდაჭერა გულწრფელი უნდა იყოს. გარდა ამისა, მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ ვის უჭერს მხარს.
"თუკი მხარდაჭერა გულწრფელია, მაშინ ის ჩემთვის მისაღებია. ადამიანს უფლება აქვს, თავისი მოსაზრება ჰქონდეს. მე, მაგალითად, 1999 წელს მთხოვეს, კლიპში "გიხაროდენ" მონაწილეობა მიმეღო და ვინაიდან იქ ძალიან ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი იყო გაერთიანებული, მათ შორის ისინი, რომელთაც მე მაშინ მხარს ვუჭერდი, სიამოვნებით დავთანხმდი.
თანაც, ამაში არანაირი ანაზღაურება არ ამიღია. მაგრამ, სამწუხაროდ, დღესდღეობით ამ კონცერტების უკან საკმაოდ სოლიდური ჰონორარები დგას.
თანაც იმასაც ხომ გააჩნია, ვის უჭერ მხარს? თუკი დღეს ადამიანი ცოტათი მაინც ინფორმირებულია, უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მომავალი წინსვლა ცვლილებებზეა დამოკიდებული და რომ ამის გარეშე საქართველო ვერ განვითარდება.
ჩემი ბოლო ალბომით "ანდერგრაუნდი", ვფიქრობ, ყველაფერი ვთქვი და მგონია, რომ ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები ხალხისთვის კარგად ნაცნობია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ესაჭიროება", - ამბობს ხუციშვილი.