"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობს

"ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა დეკლარაცია, რომელშიც პარტია საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს სამოქმედო გეგმას ასოციაციის შეთანხმების შესასრულებლად. 

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში უკანასკნელი მოვლენების გაშუქებისას, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ქვეყნის დემოკრატიულ სტანდარტებს, "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობამ მოამზადა დეკლარაცია, რომელიც საქართველოს სთავაზობს სამოქმედო გეგმას, თუ როგორ განაახლოს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

"ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაცია საქართველოზე (მიღებული "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობის მიერ 2013 წლის 13 მარტს)

"ევროპის სახალხო პარტია" ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, უდიდესი კმაყოფილებით უსვამს ხაზს პროგრესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გატარდა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სტანდარტების სფეროში; მოუწოდებს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მოახდინოს დარჩენილი აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

"ევროპის სახალხო პარტია" რჩება ერთგული, რომ 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსის ~აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი წარმატებული იყოს პარტნიორობის ზოგადად ყველა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით - საქართველოსთვის, თუმცა სინანულით აღნიშავს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და პირველად არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიულად გადაბარების შემდეგ, კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის, დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით ქვეყანაში უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა ზიანი მიაყენა საქართველოს პოზიტიურ იმიჯს. ამდენად, არსებულ გარემოებებში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მისი ხელმოწერა და რატიფიკაცია ევროკავშირისა და მისი წევრის სახელმწიფოების მხრიდან საფრთხის ქვეშაა.

მიუხედავად ამისა, "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობას სჯერა, რომ საქართველოს მთავრობასთან ამომწურავი დიალოგის გზით შესაძლებელია ნდობის აღდგენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის და დაბრკოლებების გადალახვა.


1. დემოკრატიის ფუნქციონირება

- "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს: დემოკრატია ვერ იმუშავებს ყველა პოლიტიკური ძალისთვის თავისუფალი და კონკურენტული გარემოს გარეშე.
- მოელის, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ არ შეიზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივობები და არ მოხდება მათი დაშინება.
- მოუწოდებს პოლიტიკურ უმრავლესობას პატივი სცეს საქართველოს პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის საკონსტიტუციო უფლებებს ისევე, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას და არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლის კამპანია არ მოხდეს ზეწოლითა და ძალადობით.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, არ მოხდეს სამართლის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის შერჩევითი ინსტრუმენტი.

2. სასამართლო
- "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობისთვის უმთავრესია.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სრული დაცვა.
- სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან მიმართებაში (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციებს).
- გამოხატავს შეშფოთებას, უკვე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების
გადახედვის კომისიის, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და მასში პირდაპირი ჩარევის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საფრთხის მატარებელი გადაწყვეტილების შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით.

3. მედია

- "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვისა და ინფორმაცის თავისუფლება კარგი მმართველობისა და დემოკრატიის ფუნდამენტია.
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, წარმოადგენდეს ან დანახულ იქნას, როგორც გამოხატვის თავისუფლების სფეროში ჩარევა, მათ შორის მედიის დამოუკიდებლობისა და მისი შიშისგან თავისუფლად მუშაობის დარღვევა.
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობის შენარჩუნება და პატივისცემა.
"ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარეობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოთჩამოთვლილი პუნქტების განხორციელება საქართველოს საშუალებას მისცემს, ძალაუფლების გადაცემის პროცესი წარმოჩინდეს, როგორც ძლიერი, დემოკრატია და გააღრმაოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესი.