რუსეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორს, გიორგი დანელიას, შესაძლოა, ახალი ნამუშევარი დაუსრულებელი დარჩეს. ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქის, იუგრას საარბიტრაჟო სასამართლომ კინოკომპანია "იუგრა-ფილმს", რომელიც დანელიას ფილმს იღებს, 125 მლნ რუბლის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება სრულმეტრაჟიან მულტიპლიკაციურ ფილმს, რომელიც ჯერ კიდევ 6 წლის წინ კინოკომპანია "იუგრა-ფილმს" რუსეთის მთავრობამ დაუკვეთა. მულტფილმი საბჭოთა კავშირში საკულტო ფილმად აღიარებული კინოსურათის, ქინ-ძა-ძას მოტივებზე უნდა შექმნილიყო, რომლის რეჟისორად გიორგი დანელია დაინიშნა. როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები განმარტავენ, დანელიამ ფილმზე საავტორო უფლებები არ დათმო და თავისივე დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანია "რიტმით" ფილმზე მუშაობას 2006 წელს შეუდგა.
სასამართლოში სარჩელი კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის კულტურის საოლქო დეპარტამენტმა შეიტანა. სწორედ ის იყო მულტფილმის სპონსორი. კინოკომპანიასთან კონტრაქტიც ამ დეპარტამენტმა გააფორმა. მულტფილმის გადასაღებად საჭირო ფულადი სახსრები კი ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქის ბიუჯეტიდან გამოიყო. დაფინანსდა საპროდიუსერო კინოსატელევიზიო კომპანია "რიტმიც".
"ჯარიმა მე არ მეხება, ეს რაღაც სატყუარას გავს. ფილმის გადაღება გრძელდება და ის რუსეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, დეკემბრის ბოლოს მზად იქნება. შეიძლება "იუგრა-ფილმს" ჯარიმა დაეკისროს, მაგრამ მე ამ ყველაფერთან კავშირი არ მექნება", - აცხადებს რეჟისორი.
სააგენტო ”ურა.რუ”-ს ინფორმაციით, კინოკომპანიას გადასახდელი თანხა არ გააჩნია.
"თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, კინოკომპანია თავის პარტნიორთან, კომპანია "რიტმთან" დავაში ჩაერთვება, რომლის თანადამფუძნებელიც გიორგი დანელიაა. ამ ორ პარტნიორს შორის გაფორებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის შესრულების ხარისხსა და ვადებზე "რიტმიც" პასუხისმგებელია. თანხის გადახდა დანელიასაც მოუწევს, თუმცა ფული არც მას აქვს და შესაძლოა, კომპანიის ქონების გაყიდვა გახდეს საჭირო. ყველა შემთხვევაში, მულტფილმის დასრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", - წერს სააგენტო.
2012 წელს კი რუსეთის მთავრობამ სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად "ქინ-ძა-ძა" 2013 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს. განკარგულებას, რომელშიც სახელმწიფოს ხარჯზე მიმდინარე 9 კინოპროექტია მითითებული, რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინი აწერს ხელს.
ქინ-ძა-ძა საბჭოთა ეკრანზე 1986 წელს გამოვიდა და იმდროინდელ მაყურებელზე დიდი გავლენა მოახდინა. ფილოსოფიურ-სატირული ფილმისთვის ავტორებმა, გიორგი დანელიამ და რეზო გაბრიაძემ საგანგებო ლექსიკა შექმნეს. მულტფილმში ლექსიკა შენარჩუნებულია, მაგრამ განსხვავებული გმირები ჰყავს. ერთ-ერთ გმირს ცნობილი ქართველი მსახიობი, ბუბა კიკაბიძე ახმოვანებს.
მომზადებულია ura.ru-ს მიხედვით.