“ფუენტე ოვეხუნა”

“ფუენტე ოვეხუნა”

ქართველებს მრავალი შესანიშნავი მსახიობი და რეჟისორი გვყავდა. თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება. დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და იმდროინდელ ქართულ თეატრალურ სამყაროში გახმაურებული რამდენიმე კურიოზი გავიხსენო. 

სტატიას სათაურად, “ფუენტე ოვეხუნა” ეწოდება. კოტე მარჯანიშვილმა ლოპე დე ვეგას ამ დასახელების პიესა (ქართულად – “ცხვრის წყარო”) 1922 წლის 25 ნოემბერს დადგა რუსთაველის სახელობის თეატრში. სპექტაკლმა მთელი თბილისი აალაპარაკა. მისი სახელწოდება უჩვეულოდ ჟღერდა და ყურსაც უცხოდ ხიბლავდა. ერთმა თბილისელმა ვაჭარმა ვაგზლის მოედანზე დუქანი გახსნა და სახელად “ფუენტე ოვეხუნა” დაარქვა. მარჯანიშვილს თურმე ძალიან გახარებია, გულიანად უცინია კიდეც, როდესაც ეს აბრა წაუკითხავს. – რას ნიშნავს ეს წარწერაო? მედუქნეს კი გულუბრყვილოდ უპასუხია,  – აბა, რა ვიცი, ვიღაც მარჯანიშვილმა დაწერა და თეატრში დადგა. ყველა ამაზე ლაპარაკობს და დუქანს როგორ არ დავარქმევდიო. 

ალბათ არ მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელსაც მხატვრული ფილმი “გიორგი სააკაძე” არ ჰქონდეს ნანახი. ამ სურათში მრავალი ცნობილი მსახიობი იღებდა მონაწილეობას. გადაღებით კი მეორე მსოფლიო ომის დღეებში იღებდნენ. რეჟისორი გუგული მგელაძე იმ ხანად 14 წლის იყო და ამ ამბებს შემდეგნაირად იხსენებდა: “ემზადებოდნენ მეფე ლუარსაბის დიდ მოურავთან სტუმრობის სცენის გადასაღებად. პავილიონში ნაგებ დეკორაციაში, რომელიც სააკაძის სადარბაზოს წარმოადგენდა, რამდენიმე რიგად გაშლილ მაგიდებს “თავად-აზნაურობა” და “მეფის ამალის” წევრები უსხდნენ. შემწვარ-მოხრაკული ფრინველი, გოჭები თუ ინდაურები უხვად ეყარა ამ მადლიან სუფრაზე. ეს იმ დროს, როცა ჩვენი დღიური ნორმა ბარათებით მიღებული პურისა 300-400 გრამი იყო. ბაზარში კი მსახიობის თვიური ხელფასით ერთ კილოგრამ ხახვსაც ვერ იყიდდი.

მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავასთან რეპეტიცია დაამთავრა და ის-ის იყო გადაღება უნდა დაწყებულიყო, რომ საჭმლის ნასახიც აღარ იყო მაგიდებზე, “მეფის ამალის” მშიერ წევრებსა და “თავად-აზნაურობას” სუფრა მთლიანად მოესუფთავებინათ. არც ჭიაურელს და არც ფილმის დირექტორს ერთი უბრალო საყვედურიც არ დასცდენიათ მსახიობების მიმართ. ორი დღის შემდეგ კი, რაღაც სასწაულით, ისეთივე პურ-მარილი დაახვავა მაგიდებზე.

გადაღების წინ მან მისი ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით, გადახედა სუფრასთან მსხდომ “დიდებულებს” და პავილიონიდან გავიდა. გადაღებამ შესანიშნავად ჩაიარა. არათუ გადაღებაზე, გადაღების შემდეგაც კი კაციშვილი არ გაკარებია საჭმელს. თურმე, ამ ზღაპრული “სუფრისათვის” ნავთი გადაესხათ. სხვა გზა არ იყო, გადაღება კიდევ რამდენიმე დღეს უნდა გაგრძელებულიყო, “მეფის ამალა” კი მშიერი გახლდათ”. 

რეჟისორი, ბატონი ვასო ყუშიტაშვილი პენსიაზე რომ გავიდა, მისი ერთ-ერთი გასართობი ის იყო, რომ თავისი განუყრელი ტროსტით, საღამო ხანს, თბილისის რომელიმე კაფეში შედიოდა, ყავას სვამდა და მუსიკას უსმენდა. ერთ დილით აღმოაჩინა, რომ ტროსტი დაკარგოდა. დაუყოვნებლივ ახლომდებარე კაფეს მიადგა. –წუხელ თქვენთან ტროსტი დამრჩა?  – ბატონო ვასო, წუხელ საერთოდ არ ყოფილხართ ჩვენთან, - შეწუხდნენ კაფეში. ყუშიტაშვილი მეორე კაფეს მიადგა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მესამეში გადაინაცვლა, მაგრამ კვლავ ამაოდ. როდესაც იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა, ერთ-ერთიდან თავისი საყვარელი ტროსტი გამოუტანეს. – დიდი მადლობა, იცით, თქვენს გარდა, ყველა აფერისტი და მამაძაღლია! – გაუხარდა რეჟისორს და ოფიციანტს თბილად ჩამოართვა ხელი. 

მსახიობებს გასტროლებზე სიარული ხშირად უწევთ, სხვადასხვა “არაორდინარულ სიტუაციებშიც” არაერთხელ ვარდებიან და ეს “ისტორიები” შემდეგ, თაობიდან თაობებს გადაეცემა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი საგასტროლოდ დასავლეთ საქართველოში ჩავიდა. სასტუმროს მორიგემ მათ რიგის დაცვა სთხოვა, შემდეგ კი ამ რიგში პირველს, ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

– თქვენი სახელი და გვარი?

– ანგელინა შვანგირაძე – სერიოზულად უპასუხა ვერიკო ანჯაფარიძემ.

–  თქვენი პროფესია?

– პარიკმახერი გახლავართ!

 სასტუმროს მოხელემ ანკეტა შეავსო და უკვე მეორე სტუმარს მიუბრუნდა

– თქვენი სახელი და გვარი?

– იპოლიტე კაციტაძე, პროფესიით მექისე, – უპასუხა სანდრო ჟორჟოლიანმა. 

ასე ჩაწერა  სასტუმროს მორიგემ საქართველოში ყველასათვის ცნობილი მსახიობების ვასო გოძიაშვილის, შალვა ღამბაშიძის, პიერ კობახიძის, სესილია თაყაიშვილისა და სხვათა „‘მონაცემები“ და უცებ შეჩერდა, -- რაშია საქმე, იცით, ამდენს ვერ მიგიღებთ! – განაცხადა მან, – თბილისიდან მარჯანიშვილის თეატრის დასი ჩამოდის, ყველა ჩემი ძმაკაცია და იმათთვისაა დაჯავშნული ადგილები! 

ცნობილი პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე ერთხელ ერთ “სახალისო“ ისტორიას იგონებდა: “ლეო ესაკიას ფილმი “ბაში–აჩუკის“ სანახავად სტუდიაში მაღალი თანამდებობის მოხელე გამოგვეცხადა. დიდი ყურადღებით უყურა სურათს და ძალიან ნასიამოვნებიც დარჩა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. კმაყოფილმა აღარ იცოდა რა ეთქვა. აქეთ-იქით მიმოიხედა, ყველა აგვათვალ-ჩაგვათვალიერა, აშკარად ვიღაცას ეძებდა. ბოლოს დირექტორს სთხოვა, აკაკი წერეთელი გამაცანიო. დარბაზში ყველა გაშეშდა. რა უნდა უთხრა? გინდა აკადრო – აკაკი წერეთელი კარგა ხნის მკვდარია და მისი გაცნობა არ მოხერხდებაო. დრო არ ითმენდა.

ყოველი წამი სკანდალს აახლოებდა. დირექტორმა ამ სიტუაციიდან  რაღაცნაირად გამოსავალი მოძებნა. მან ხელი მოჰკიდა ლეო ესაკიას, მოხელეს წარუდგინა და უთხრა, ეს გახლავთ ფილმის ავტორიო. ჩინოსანი მოეხვია ლეოს, გულში ჩაიკრა, შემდეგ მხარზე გადახვია ხელი და ასე საუბარ-საუბრით გავიდნენ დარბაზიდან. რაზე ლაპარაკობდნენ, ეს ჩვენ უკვე აღარ გვესმოდა“. 

რუსთაველის თეატრში სპექტაკლი “სირანო დე ბერჟერაკის“ დასადგმელად მიიწვიეს ცნობილი რეჟისორი იოსებ თუმანიშვილი. პრემიერას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებიც დაესწრნენ. პიერ კობახიძემ მაშინ ერთი ლექსი დაწერა, რომელიც ქართულ სამსახიობო წრეებში მეტად პოპულარული გახდა და მრავალმა აქტიორმა ზეპირადაც კი დაისწავლა.

“ერთ დიდ თეატრს, კრიზისისგან

   გაუხუნდა ბირუ რაკი,

   ახმაურდა მურღული,

   აქ აკაკი, იქ აკაკი,

   „თუმანი“ არსად იყიდეს,

   რომ დაედგათ ბერჟერაკი,

   ბოლოს სულმთან დაგვაღონეს,

   აღარ უნდა ლაპარაკი,

   ვერ უშველის ვერც გოგუა

   და ვერც პავლე კანდელაკი.“