მომღერალ მაკა ზამბახიძისთვის 2018 წელი ახალი და სასიამოვნო მოვლენებით იყო დატვირთული. მან და სპორტსმენმა მიხეილ ჩოხელმა ოჯახი შექმნეს და ცოლ-ქმარი ერთმანეთის საქმიანობის დიდი ქომაგები არიან. მაკას პროფესიული სიახლეებიც ამ წელს უკავშირდება.
მისი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა გახდა. რომელმაც მომღერლის ყველა საორგანიზაციო საქმე საკუთარ თავზე აიღო. ასევე, მაკასთან ერთად გააქტიურდა მისი ქალიშვილი, დამწყები მომღერალი სალომე ჩიტაძე და დედა-შვილი ბენდთან ერთად მუშაობენ. როგორც მაკამ გვითხრა, ეს წელი მისთვის ძალიან ნაყოფიერი იყო, რადგან სამი ახალი სიმღერა, ერთ წელწიადში აქამდე არასდროს ჩაუწერია.
რამდენიმე ხნის წინ ოჯახი შექმენით. გილოცავთ და ბედნიერებას. თქვენს მეუღლეზე ისევ არაფერს გვეტყვით?
- ყველამ იცის რომ პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ. მივიღებ თქვენს მოლოცვას და ერთს გეტყვით, რომ ჩემი მეუღლე გახლავთ სპორტსმენი მიხეილ ჩოხელი. ის ჩემი საქმიანობის გულშემატკივარია, მე მისი.
თქვენი ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე აქტიურად ჩაება შოუ-ბიზნესში. ეს თქვენი სურვილიც იყო?
- ძალიან მინდოდა რომ ემღერა, მაგრამ ჩემს ბენდში თუ იქნებოდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ამისთვის მადლობა მამულიჩას. ეს მისი შემოთავაზება იყო და ჩვენც დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. აქვს თავისი ჰონორარი და ეს ძალიან მოსწონს. ცოცხალ ბენდთან ერტად მუშაობს, რაც 17 წლის გოგოსთვის დიდი ფუფუნებაა. მღერის ლელა წურწუმიას ბექ-ვოკალშიც. ძალიან კარგი სტარტი აქვს, თუმცა არ სურს სიმღერა მისი პროფესია გახდეს. სალომე აბიტურიენტია, ვეტერინარობას აპირებს.
როგორი დედაშვილობა გაქვთ?
- მას შემდეგ, რაც წამოიზარდა, ოჯახური ურთიერთობების მიღმა არის ჩემი პარტნიორი. ადრე ძალიან მკაცრი დედა ვიყავი, ბევრ რამეს ვუშლიდი, არ მყავდა გათამამებული. ახლა უფრო მეტად დავახლოვდით.
ძალიან პატარა იყავით სალომე რომ შეგეძინათ, ფაქტიურად ერთად გაიზარდეთ.
- კი ასეა.
ემზადებით რომ მეორედ გახდეთ დედა,არის ამის სურვილი და მზაობა?
- კი, რა თქმა უნდა. მემგონი სანამ შეუძლია, ქალს ამის სურვილი სულ უნდა ჰქონდეს.
ძალიან კარგად გამოიყურებით. 36 წლის ასაკში როგორ უვლით თავს, რა ფაქტორები მოქმედებს დადებითად თქვენს გარეგნობაზე?
- ეს გენეტიკაში მაქვს, ჩემს გვარში ქალებს ასაკი არ ეტყობათ. პოზიტიური ვარ. მგონია, რომ 17 წლის ასაკში ჩავრჩი. ვფიქრობ ადამიანი, როგორი ნატურაც არის, ისედაც ისეთი რჩება. რა თქმა უნდა შეძლებისდაგვარად თავს ვუვლი. მინდა რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე.