გამოცემა „New Musical Express”-ის ინფორმაციით, ახლო წარსულში ცნობილი მომღერალი ბრიტანული მას-მედიის თვალთახედვის არეში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.
წინა წლებში მომღერალს პოლიციასთან არაერთი კონფლიქტი გაჩნდა. ამჯერად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე მუსიკოსი, ლონდონის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა.
27 წლის წინ ბოი ჯორჯმა გადამყიდველებისგან მოპარული ხატი შეიძინა. ეს ხატი 1974 წელს, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეკლესიიდან მოიპარეს.
რელიქვია ბოი ჯორჯმა 1985 წელს შეიძინა, ისე რომ არაფერი იცოდა მისი წარმომავლობის შესახებ.
რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტელეარხმა მუსიკოსთან მის ბინაში ინტერვიუ ჩაწერა. გადაცემის მსვლელობისას მოპარული ხატი რამდენჯერმე ეკრანზე დაფიქსირდა.
ბოი ჯორჯის სამწუხაროდ, ამ გადაცემას ლონდონში მყოფმა კვიპროსელმა სტუდენტებმაც უყურეს. მათ მოპარული ხატი იცნეს და ეს ინფორმაცია „სკოტლანდ-იარდის“ შესაბამის განყოფილებას შეატყობინეს.
მეორე დილით ბოი ჯორჯს მოპარული ხატის უკან დაბრუნება მოუწია. ძვირფასი რელიქვია სასწრაფოდ კვიპროსში დააბრუნეს და ერთ-ერთ იქაურ ეკლესიაში გაამწესეს.