გვანცა ბაგრატიონი საზოგადოებამ ინტერნეტში გავრცელებული სახალისო ვიდეოებით გაიცნო. რეპერ ბერა ივანიშვილით მოხიბლული 20 წლის გოგონა სახალხოდ გამოთქვამდა მასთან შეხვედრის სურვილს. არადა, გაირკვა, რომ გვანცა ბერას იცნობდა; უფრო მეტიც, წყვილს ერთად რომანტიკულ გარემოში, წითელი სანთლების ფონზეც უვახშმია. ბევრს გოგონა "ნაციონალების პროექტი" ეგონა, მაგრამ როგორც გვანცა ამბობს, ის არც "პოზიციას" ემხრობა და არც - ოპოზიციას. უბრალოდ, უნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს...
- ბერასთან ერთად გადაღებული ფოტოები ინტერნეტში არ გამივრცელებია. რაც "ავტვირთე", ის "ფოტოშოპითაა" გაკეთებული. სურათზე მე და ბერა ჩახუტებულები ვართ.
- ეს "ხელოვნური" ფოტოსურათი რატომ გაავრცელე?
- ხალხის რეაქცია მაინტერესებდა. ფოტოს საკმაოდ ბევრი კომენტარი მოჰყვა. რა თქმა უნდა, ძირითადად, მლანძღავდნენ. აბა, სხვას რას იზამდნენ?!. საერთოდ, მე და ბერა ვმეგობრობთ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ვიცი, ამას კრიტიკა და ჩემი ლანძღვა მოჰყვება.
- მგონი, ლანძღვა დიდად არ უნდა გაღელვებდეს - ხალხის მოსალოდნელი რეაქციის შესახებ წინასწარ იცოდი, მაგრამ ინტერნეტში ფოტო მაინც "ატვირთე".
- ჰო, მაგრამ "ფოტოშოპით" გაკეთებული სურათი რომ იყო, ხალხი თავს ამით იწყნარებდა... ბერას უამრავ ფანთან თუ მომღერალთან აქვს ფოტო გადაღებული, მაგრამ რატომღაც, მხოლოდ მე ამითვალწუნეს.
- ალბათ იმიტომ, რომ გამოჩნდი თუ არა, ამბობდი, - ბერაზე შეყვარებული ვარო.
- ბერაზე ყველა შეყვარებულია და რატომ არ შეიძლება, მეც მიყვარდეს?!
- ამბობდი, ბერასთან შეხვედრა მინდაო...
- მას მაშინაც ვიცნობდი, როცა ამას ვამბობდი.
- ბერას პირველად როდის და როგორ შეხვდი?
- ოოო... ეგ საიდუმლოა (იცინის). არ მინდა, ბერას ვაწყენინო. არა მგონია, ესიამოვნოს, მასზე რომ ვლაპარაკობ. თან, ერთ-ერთი სატელევიზიო სიუჟეტის გამო, ჩემ მიმართ უარყოფითად განეწყო: მოგეხსენებათ, კომედიური ჟანრის ფილმებში გადასაღებად, ბერამ საქართველოში პოლონელი მოდელები ჩამოიყვანა. მაშინ ვთქვი, - ეს ფაქტი არ მესიამოვნა. ჯობდა, ქართველები დაესაქმებინა-მეთქი. ჩემი სიტყვები ბერას არ მოეწონა და გაბრაზდა. სიუჟეტში ქართველები დავიცავი, მაგრამ ახლა ვხვდები: პოლონელი მოდელები ისეთ როლებს შეასრულებენ, რაც ქართული მენტალიტეტისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
- შენს სატელევიზიო კომენტართან დაკავშირებით, ბერას უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ როგორ შეიტყვე? ეს თავად გითხრა?
- მისმა მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი კომენტარი ძალიან საწყენი იყო, რომ ცუდად მოვიქეცი.
- ბერასთან პირველი შეხვედრის შესახებ თუ არ მიყვები, ერთად გადაღებული რეალური ფოტოს ამბავი მაინც გაგვიმხილე...
- უბრალოდ, როცა ერთად აღმოვჩნდით, ვიღაცამ გადაგვიღო, მერე კი სურათი გამომიგზავნეს.
- ერთად როგორ აღმოჩნდით?
- მეგობართან ერთად ბერას სტუდიასთან მივედი, მაგრამ არ შეგვიშვეს. გვითხრეს, - ბერა აქ არ არისო. შემდეგ მასთან შეხვედრა მაინც მოვახერხე და გავიცანი. მას მერე დავმეგობრდით.
- შენ და ბერას რა გაქვთ საერთო?
- ძირითადად, მუსიკა. მართალია, "პოლიტიკურ პროექტს" მიწოდებენ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება: იმას ვწერ და ვლაპარაკობ, რასაც ვგრძნობ. ბერა უნიჭიერესი, საუკეთესო ადამიანია და ამიტომაც ვაფასებ.
- ბერას ფანი ხარ თუ როგორც მამაკაცი, ისე მოგწონს?
- მეგობრად აღვიქვამ. მისი შეყვარებული ან საცოლე რომ ვიყო, ამაზე ჟურნალისტებთან მაინც არ ვილაპარაკებდი.
- ანუ უნდა ვივარაუდო, რომ თქვენ შორის რომანტიკული ურთიერთობაა?
- (იცინის) არა, ასე ფიქრი არ გინდათ. ფანები "შემჭამენ". მე და ბერა ვმეგობრობთ!
- მეგობრობა ფართო ცნებაა...
- შეიძლება, მომავალში ჩვენი მეგობრობა "სხვა რამეში" გადაიზარდოს, ეს არავინ იცის.
- მუსიკალურ სფეროში თავის დამკვიდრებას გეგმავდი. ამისათვის რას აკეთებ?
- პირველი სიმღერა - "გპირდები" ჩავწერე. ეს ბერას სიმღერის ერთგვარი პასუხია: "შენ ამბობ, რომ დაიბადე და სისხლი გაქვს წითელი, არც მე ვიტყვი, უცხო ვარ და სისხლი მაქვს ცისფერი..."
- შენს ნამდვილ გვარსა და ფსევდონიმზე გვითხარი.
- ფსევდონიმად "ბაგრატიონი" ქართველების სიყვარულის გამო ავირჩიე. ჩემ შესახებ ამბობენ, - სომეხიაო. სინამდვილეში, ქართველი ვარ. სხვათა შორის, ბაბუაჩემი ბაგრატიონის უკანონო შვილი იყო, ბებია კი რუსი მყავდა... ახალი სიმღერა - "ბედისწერა" დავწერე. კლიპის გადაღებასაც ვაპირებ.
- ბერას სტუდიასთან ხომ არ თანამშრომლობ?
- არა. ასეთი რამ წარმოუდგენელიცაა. ვთქვათ, მის სტუდიაში სიმღერა ჩავწერე, მერე ეს ამბავი "გაბაზრდება", "კუდებს გამოაბამენ" და ცუდ რაღაცებს ილაპარაკებენ.
- მუსიკალური განათლება თუ გაქვს?
- არა. მხატვარი, დიზაინერი და მოქანდაკე ვარ. რეპს ბავშვობიდან ვწერ... ვოკალის პედაგოგთან მისვლასაც ვაპირებ, რომ არ თქვან, - რას ყროყინებსო (იცინის)? ქართველი რეპერებიდან კაბუ და, რა თქმა უნდა, ბერა მომწონს. ბერამ ჩემი ნამუშევარი დადებითად რომ შეაფასოს, ვიფიქრებ, რომ მართლა კარგად ვრეპავ.
- შენი ნამუშევარი არასოდეს შეუფასებია?
- ამ საკითხზე არაფერს ამბობს.
- კლიპს საკუთარი ხარჯებით იღებ?
- კი, ყველაფერს თავად ვაკეთებ.
- შემოსავლის წყარო გაქვს?
- ჩემი ნახატები უცხოეთში გამაქვს - ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. თუმცა, მამაც მეხმარება.
- რა თემაზე ხატავ ხოლმე?
- ძირითადად, პორტრეტებზე ვმუშაობ. ბერაც დავხატე... ხატწერაზეც ვმუშაობდი - შეკვეთებს საფრანგეთიდან ვიღებდი... იმას ვხატავ, რასაც ვგრძნობ. ერთხელ მუზამ დილის 5 საათზე გამაღვიძა.
- და რა დახატე?
- რაღაც ორიგინალური დავხატე, სასიყვარულო თემაზე. ძნელია, როცა გიყვარს და თქმას ვერ ბედავ, რაღაც გაფერხებს....
- ბერას მიმართ სინამდვილეში რას გრძნობ? ხომ არ გიყვარს?
- ჯერჯერობით - არა და ოდესმე მის მიმართ ძლიერი გრძნობა თუ გამიჩნდება, ამას პირადად მას ვეტყვი. XXI საუკუნეში გოგოსგან აქტიურობა ნამდვილად არ "ტეხავს"... ისე, ერთხელ ივანიშვილების რეზიდენციაში ღამის 3 საათზე, მეგობარ გუგა გეგეჭკორთან ერთად მივედი და დაცვა გადავრიეთ (იცინის).
- ბერასთან შეხვედრა მოახერხე?
- ვერა. რეზიდენციასთან მეთვალყურე დადიოდა და მგონი, "კაიფში" ვეგონეთ.
- ფხიზლები იყავით?
- აბა, რა!.. მერე "გადამეკეტა", გავგიჟდი და ყვირილი დავიწყე: ბერა, გამოდი-მეთქი! რეზიდენციის კამერებმა დამაფიქსირეს, მაგრამ იმედია, ეს ამბავი ბერას ყურამდე არ მივიდოდა. თუმცა, ალბათ, ახლა გაიგებს...
- ღამის 3 საათზე სიყვარულმა შეგაწუხა?
- უცებ "წამომიფრინა" და, - ბერა რომ არ ვნახო, გავგიჟდები-მეთქი. ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემმა სიგიჟემ გადამაწყვეტინა.
- სიგიჟემ თუ - გიჟურმა გრძნობამ?
- ვაიმე (იცინის)... სიგიჟემ!
- როცა მშობლებმა შენი საქციელის შესახებ შეიტყვეს, როგორი რეაქცია ჰქონდათ?
- მშობლებმა იციან, რომ გიჟი ვარ (იცინის). არავინ იცოდა, იქ თუ მივდიოდი. იმ დღეს დაბადების დღეზე ვიყავი და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მეგობარი დავიყოლიე, გამომყოლოდა.
- ბერასთან თუ განმარტოებულხარ?
- მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მარტო ვიყავით და ვსაუბრობდით. რომანტიკული ვახშამი გვქონდა, წითელი სანთლების ფონზე. არ ვიცი, ამაზე ხალხი რას იტყვის, მაგრამ... რაც უნდათ, ის თქვან!
- რომანტიკული ურთიერთობა გაქვთ და მალავთ?
- ლოგიკურად, თითქოს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მეგობრები ვართ (იცინის).
- ახლახან აბორტის საწინააღმდეგო კლიპში მონაწილეობდი...
- რეპერებმა: ვუდიმ, გერციმ (მანიფესტა) და გიგ ლაიფმა კლიპში მონაწილეობა შემომთავაზეს. შინაარსი მომეწონა და დავთანხმდი. ნორმალური კლიპი გამოვიდა. ხარისხი უკეთესი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა.
- იმ პრობლემაზე თუ დაფიქრებულხარ, რაც კლიპშია ასახული?
- მე მსგავსი რამ არასოდეს დამემართება! როცა ქმარი მეყოლება, შვილის გაჩენაც მენდომება!
- ქორწინებამდე შეყვარებულთან ინტიმურ ურთიერთობას გამორიცხავ?
- არა, არ გამოვრიცხავ. თუკი ადამიანი გიყვარს, მასთან ინტიმური ურთიერთობაც უნდა გქონდეს - მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ბოლოს და ბოლოს, ყველანი სექსის შედეგად არ გავჩნდით?!
- ოდესმე სერიოზულად გყვარებია?
- კი, ერთხელ მიყვარდა. მაშინ 14 წლის ვიყავი... გარეგნობით ბერა ჩემს პირველ სიყვარულს მაგრად მაგონებს.
- ერთმანეთს რატომ დაშორდით?
- ის ამჟამად უცხოეთშია. იქ ერთად უნდა წავსულიყავით, მაგრამ მამამ არ გამიშვა. ჰოდა, მერე დეპრესია დამეწყო, სახლიდან ვერ გავდიოდი. რაღაც პერიოდი ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით, მერე კი დავშორდით... არ ვიცი, ისე ძალიან კიდევ თუ შემიყვარდება ვინმე.
- ხომ თქვი, გარეგნულად მას ბერა ჰგავსო...
- ბერა ისეთი ტიპია, ვისაც ჩემი გულის დაპყრობა შეუძლია. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ყველა ის თვისება აქვს, რაც ნამდვილ მამაკაცს უნდა ჰქონდეს.