რამდენიმე დღის წინ ცნობილ მსახიობ უმა თურმანს ნიუ-იორკში მდებარე მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადება მოუწია. ის ვინმე ჯეკ ჯორდანის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გამოიძახეს.
ბოლო ორი წელია ბატონი ჯეკი მსახიობს ატერორებს და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. არა მარტო მას, არამედ მის ოჯახსაც.
სასამართლოზე გამოსულმა თურმანმა განაცხადა, რომ ჯორდანისგან ღებულობდა ღია ბარათებს გათხრილი საფლავებისა და ხელში სამართებლიანი კაცების გამოსახულებით.
პირველი მუქარის წერილი 2010 წელს მიიღო. ღია ბარათში ეწერა: „ჩემი ხელები მუდამ შენს სხეულს უნდა ეხებოდეს“. ერთხელ ჯორდანი უმას ტრეილერს მიუახლოვდა და მასთან შეხვედრას ლამობდა, მაგრამ მსახიობის ასისტენტმა შეაჩერა.
მოგვიანებით თურმანმა გაიგო, რომ ზუსტად ასეთი მუქარის წერილებს ღებულობდა მისი ოჯახიც.
სასამართლოზე ჯორდანი თვალს არ აშორებდა უმას, ქალს კი ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ. საბოლოოდ, ბოროტმოქმედის წინააღმდეგ რამდენიმე ბრალდება წამოაყენეს და მას კარგა ხანს მოუწევს ციხეში ჯდომა.