ზაზა მიმინოშვილი: ჩვენ არ ვარგივართ ემიგრანტებად, რადგან ძალიან გვიყვარს საქართველო

ზაზა მიმინოშვილი: ჩვენ არ ვარგივართ ემიგრანტებად, რადგან ძალიან გვიყვარს საქართველო

„ჩვენ ყველანი ერთი დედამიწის შვილები ვართ. დაგვბადა გამჩენმა პატარა, მშვენიერ სამშობლოში, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია. ჩვენ ახალი საუკუნის დასაწყისის მკვიდრები ვართ. დღეს ჩვენი უმეტესობა ემიგრანტია წინა საუკუნიდან. ვიცხოვრეთ და მოვედით დღევანდლამდე – ვატარეთ და გადმოვიტანეთ იმ დროის ავიც და კარგიც... დაბადებიდან მოუცია გამჩენს საჩუქრად არჩევანის უფლება და ჩვენ კი მთელი წინა ცხოვრება მოვუწყვეთ ჩვენ თავს არადანის განაჩენი. ისევ ვაბრალოთ სხვას, თუ მივხვდეთ იქნებ, რომ ის არადანი ჩვენი არჩევანი იყო?!“ - ნათქვამია ჯგუფი „შინ“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფი „შინი“ ახალ პროექტს იწყებს. ქართველი ემიგრანტები ადამიანებს არჩევნებზე მისვლისა და ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. „ერთი ხმა“ - ასე ჰქვია საზოგადოებრივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ემიგრანტები საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მიმართავენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდონ საქართველოს მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში პირველ ღონისძიებას თავად ჯგუფი „შინ“ გამართავს. პირველი კონცერტი 24 აგვისტოსაა დაგეგმილი. მუსიკალური ტურნე მთელ საქართველოს მოიცავს.

For.ge ჯგუფ „შინის“ სოლისტს ზაზა მიმინოშვილს ესაუბრა. სხვათაშორის, ამ ორიოდე თვის წინ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარ მიზეზად სწორედ მისი ძმის -ზაზა მიმინოშვილის პოლიტიკური პოზიცია სახელდებოდა. კერძოდ, ზაზა მიმინოშვილი არც მალავდა, რომ 26 მაისს იგი თავისი ბავშვობის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, 27 მაისს დაგეგმილ გამოსვლებში თანადგომა გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ თავად ამ შეკრებაში მონაწილეობასა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის ფიზიკურ თანადგომას ვერ ახერხებდა. მართალია, ზაზა მიმინოშვილი აცნობიერებდა, რომ ეს სატელეფონო ზარი პირდაპირ ეთერში საუბარს ნიშნავდა, მაგრამ მაინც არ ეგონა, რომ მის საუბარს ასეთი რადიკალური რეაქცია მოჰყვებოდა. დღეს ზაზა მიმინოშვილი აცხადებს, რომ ადამიანების ერთად ყოფნა არის ღვთის გზა, ცალ-ცალკე ყოფნა კი ეშმაკისაა.

ზაზა მიმინოშვილი:  ემიგრაციაში დაიბადა ეს შეგრძნება, რომ ჩვენ, ყველანი, რომლებიც დროებით საზღვრებს გარეთ ვართ გასულები და, სხვათაშორის, ძალიან მძიმედ ვეგუებით სიტყვას „ემიგრაცია“, ჩვენ პირდაპირ ვართ მიჯაჭვულნი იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება. ამდენად, ამ პროექტით გამოვხატავთ იმ მხარდაჭერას, რომელიც „გარეთა“ საქართველოშია. „შინის“ წევრები მთელი შემადგენლობით ჩამოვედით, ასევე, გვახლავს ჩვენი მხარდამჭერი, სხვა ეროვნების ადამიანებიც. გვინდა, მოვიაროთ ქართული ქალაქები და ქართული მუსიკის ჟღერადობის ენაზე ადამიანებს გაერთიანებისკენ მოვუწოდოთ. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, რომლებიც გარეთ არიან, რომ,  ყოველგვარი კომერციული ინტერესის გარეშე, მხოლოდ საქართველოს გაერთიანებას უნდა ვემსახუროთ, უნდა გაქრეს ყოველგვარი დაძაბულობა. სცენა არის ის ადგილი, საიდანაც უნდა ჟღერდეს ქართული ჰანგი, რომელიც აერთიანებს, რომელიც მრავალჟამიერს ამბობს. პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად, თითოეულ ჩვენგანს თავისი პირადი არჩევანი აქვს გაკეთებული, მაგრამ სცენა არ უნდა იყოს ის ადგილი, საიდანაც რომელიმე ძალის მიმხრობას ვიქადაგებთ. ერთადერთი მხარე არის საქართველო და მისი ინტერესები. ამდენად, სრულიად მისაღებია, რომ ჩვენს გარშემო სხვადასხვა წარმოდგენის ხალხი შეიკრიბოს. შესაძლოა, ჩვენი პუბლიკა იყოს სრულიად მრავაფეროვანი - მათ შორის, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მოსწონთ ლურჯი ფერი, ან კიდევ - წითელი ფერი და ა.შ. ამ მრავალფეროვნებაში უნდა ვიპოვოთ ერთიანობა. პიროვნულად ყოველი ადამიანი უნდა დარჩეს თავისუფალი, დარჩეს თავისი გადაწყვეტილების წინაშე და ახსოვდეს, რომ მის წინაშე დგას სამშობლო, მაღლა არის ღმერთი და მეტი არავინ. არჩევანი თავად პიროვნების გასაკეთებელია, ესაა სამი ღირებულება - ადამიანი, სამშობლო და ყოველივეს შემქმნელი უფალი. ამიტომ შიშისა და ანგარებისგან უნდა განთავისუფლდე და დადგე შენი არჩევანის წინაშე, შენ ირჩევ შენს სამშობლოს.

თქვენ ხელოვანები ახსენეთ, რომლებიც, წესით, თავიანთ სიტყვას უნდა ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცით ქართული რეალობა - ხელოვანები ყოველთვის სათქმელს ვერ ამბობენ. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში განთქმულ მუსიკის სფეროს კორიფეებს თავი შეუკავებიათ პოლიტიკური სიმპათიის გამოვლენისგან, მაშინ, როცა ყველამ ვიცით მათი პოზიცია. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი თავშეკავება ანგრევს ქართულ ცნობიერებას?! მაშინ, როცა ხელოვანი ადამიანები წინ უნდა მიუძღოდნენ ერს, როგორც სულიერ ფასეულობებთან ახლოს მდგომი ადამიანები?

- ზუსტად ამაშია საქმე. თქვენ უკვე თქვით ჩემი სათქმელი. როგორ შეიძლება, ასეთ დროს ადამიანი ამ მოძრაობაში არ ჩაებას. პირადად მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს. იმ ადამიანს, ვინც თქვენ ახსენეთ, თავისი არჩევანი აქვს გაკეთებული. ვინ უშლის მას ხელს, დადგეს ჩემს გვერდით და შემოგვიერთოს თავისი ხმა?! ჩვენ ერთხმად უნდა ვიქცეთ. არა ერთ რომელიმე ფერად, არამედ მრავალ ფერებში დავრჩეთ. პირველ რიგში, რასაკვირველია, მოვუწოდებ მთავრობას, ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც არის არა განხეთქილების, არამედ მშვიდობის გარანტი, ერთად ყოფნა ეს არის ღვთის გზა, ცალ-ცალკე ყოფნა კი არის ეშმაკის გზა. არ მინდა, ჩვენი საუბარი რელიგიურ პლანში გადავიტანო, ქადაგების უფლება არ მაქვს, მაგრამ რელიგია არის ის, რაც არის შინაარსი. ხაზგასმულად, არავითარი აგიტატორული მიმართულებით არ ვმუშაობთ, ჩვენი სცენიდან არ გაჟღერდება არც ერთი პოლიტიკური მოწოდება. ერთადერთი მოწოდება არის საქართველოს სიყვარული. უნდა შევიგნოთ, რომ თავისუფალი არსებები ვართ.

საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებთ. თუმცა მე უფრო ემიგრანტების თვალსაზრისით მაინტერესებს. გერმანიაში თქვენ ხვდებით ემიგრანტებს, აპირებენ კი ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ვის სასარგებლოდ? მოგეხსენებათ, არჩევნების დღე ორშაბათს დაემთხვა, ემიგრანტების სამუშაო დღეს.

- ეს საბედისწერო შეცდომაა. გერმანია უზარმაზარი ქვეყანაა, სადაც არის ერთადერთი საარჩევნო ყუთი ქართული მომავლის. ეს არის ბერლინში, ქართულ საელჩოში. რეალურად, ელექტორატის 95 %, თუ მეტი არა, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც ტრაგიკულია. ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით გარეთა საქართველოს არჩევანის უფლება წაართვეს. არ მინდა, ვთქვა, ეს განზრახ გაკეთდა თუ ეს იყო, უბრალოდ, ძნელადგამოსწორებადი შეცდომა. არც იმაზე მსურს საუბარი, თუ საითქკენ იხრება ემიგრანტების სიმპათია, ეს მართლაც პოლიტიკოსების საქმეა, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ რეალურად, გარეთა საქართველომ დაკარგა ხმის მიცემის საშუალება. ჩვენი საქმიანობის გამო ჩვენ ვხვდებით ქართულ დიასპორას, საოცრად ძლიერი დიასპორა გვყავს. სხვათაშორის, სულ რამდენიმე წლის წინ ქართული დიასპორა არც არსებობდა, ყველანი ცალ-ცალკე ვიყავით, ახლა კი ეს წრე ადგილობრივი ეკლესიების ირგვლივ იკვრება. გარეთა საქართველო - ეს არის თბილი, კეთილი ძალა. უბრალოდ, პრობლემაა, რომ უდიდესი ნაწილი ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან ძნელია, ორშაბათ დღეს გერმანიაში სამსახურიდან გათავისუფლდე და, ფაქტობრივად, ორი სამუშაო დღე გააცდინო. მაგალითად, ჩვენ მინიბუსი გვყავს, სადაც მხოლოდ ცხრა ადამიანი ეტევა. ასე რომ, ეს ცხრა ადამიანი წავალთ ბერლინში, გავაცდენთ სამუშაოს და ორშაბათს აუცილებლად ვიქნებით საარჩევნო ყუთთან.  ჩემს თავზე ავიღე მძღოლის ფუნქცია. ამასთან, მოვუწოდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, დაირაზმონ და წავიდნენ ბერლინში. ამ ბრწყინვალე ქალაქს დავათვალიერებთ და ხმას საქართველოს მივცემთ.

თქვენი პოლიტიკური პოზიცია მეტ-ნაკლებად ცნობილია. კარგად მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი მაია, თქვენი და, პოლიტიკური მოტივით გაუშვეს გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, თქვენთან სატელეფონო საუბრის, ასევე, მისი შვილის განწყობის გამო, რომელიცქართული ოცნებისაქციაზე იდგა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, როგორი პოლიტიკური გარემო დაგხვდათ საქართველოში? როგორია გერმანიიდან დანახული საქართველო?

- ძალიან დიდი ტკივილია, როდესაც ჩვენ ვუყურებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა განწყობილი. საოცარ ადამიანებს უპირისპირებენ ერთმანეთს. ნორმალურ ქვეყნებში კახი კალაძის მსგავს ადამიანს ხელის გულზე ატარებენ. ეს არის ლეგენდარული პიროვნება. სავალალოა, როცა  ოლიმპიურ ჩემპიონს არ აქვს საშუალება, ღამე გაათენოს თავისი სამშობლოს სასტუმროში, ამას ზვიადაურის მაგალითზე მოაგახსენებთ. ეს ამბავი სულ ახლახანს შევიტყვე. მოულოდნელ რამეს გეტყვით, ამას აკეთებენ პრეზიდენტის მტრები, რამეთუ მე ავირჩიე პრეზიდენტი, როგორც მთელი საქართველოს მშვიდობის გარანტი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ, თუ ზვიადაურს არ შეუშვებენ სასტუმროში, ამით აამებენ პრეზიდენტს, ცდებიან. ამით მას საშინელ სამსახურს უკეთებენ. ვინც ქვას ესვრის თავისიანს (სულ ერთია, რომელ მხარეს), პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოებრიობის, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა. პირველმა, პრეზიდენტმა უნდა დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა. რაც საქართველოში ხდება, ჩვენთვის, გარეთ, დიდი ტკივილია. ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში გათითოკაცებულები ვიყავით, ვერთიანდებით იმ საოცარი იმედით, რომ ყოველივე დაბრუნდება შინ. ჩვენ არ ვარგივართ ემიგრანტებად. იცით, რატომ? ძალიან გვიყვარს აქაურობა. არ არის საჭირო იქით ყოფნა, ძალიან ცოტა ემიგრანტი თუ დარჩება უცხოეთში, დანარჩენები კი განახლების მოლოდინში აქეთ იყურებიან.

რა განწყობა დაგეუფლათ, როცა მაია მიმინოშვილი სატელეფონო ზარის გამო დაითხოვეს სამსახურიდან?

- ცალსახად, ნებისმიერი ნორმალური ადამიანის რეაქცია (სულერთია, რა ფერის დროშა მოსწონს), ასეთია - ადამიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება სახელმწიფოს წინაშე დანაშაულია. ხოლო, თუ სახელმწიფო ამას აკეთებს, მაშინ თვითონ ასეთი სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს და შეიცვალოს. მე მგონი, კარგად იცით ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ მე არ მინდა, ახლა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო. ის, ვინც ცალკეული ადამიანის ან მისი შვილის პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან ათავისუფლებს მოხელეს, სახელმწიფოს წინააღმდეგია.

ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, თქვენი სიმპათიაქართული ოცნებისადმიიმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ რა განწყობაა ქართველ ემიგრანტებში, როცა მათ ესმით ასეთი კატეგორიული განაცხადი: „არ ვაპირებ, ჩვენი აშენებული ქვეყანა ვინმეს გადავაბარო“, ან კიდევ, ჩვენში საკმაოდ ადვილია რუსეთის აგენტობის იარლიყის მიწებება. ემიგრანტები თუ აცნობიერებენ, რა ხდება საქართველოში?

- ვისაც მე ვხვდები, ყველგან განახლების სურვილს ვგრძნობ. ეს ცალსახაა. მაგრამ იქაურ საქართველოში სხვადასხვა აზრებია - ზოგიერთს სწამს ერთი გზის, სხვებს - მეორის. მე მართლა მოწინააღმდეგე ვარ, რომ ერთფერად შეიღებოს საქართველო, ერთპარტიულობა დამღუპველია. იმის ხაზგასმა, თუ რომელი პარტიაა წინ, არ არის ჩემი მიზანი. ჩემი სურვილია, საქართველომ თვითონ აირჩიოს თავისი მომავალი. პირადად ჩემთვის შიშის ფაქტორი გამორიცხულია. ოღონდ ეს არ ნიშნავს ჩემს პარტიულობას. მე მუსიკოსი ვარ და ჩემი პოლიტიკაა მუსიკა. როდესაც ვხედავ, რომ გრადუსი იწევს, წნევა მატულობს და ყველაფერი შეჯახებისკენ მიდის, ამ დროს ხელოვანის ერთადერთი მოვალეობაა, შეარბილოს ეს ყოველივე და გაახსენოს ადამიანს, რომ სიყვარულმა შეგვქმნა სიყვარულისთვისვე. მტრობა და განხეთქილება ღვთისგან არ მოდის. იმედი მაქვს, ჩემი ასეთი აქტიურობა, დაახლოებით, ოქტომბრამდე გასტანს, შემდეგ კი მინდა, ისევ  ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ამდენად, ჩემი ეს პროექტი არის გულისტკივილი და შიში, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - დაძაბულობა ძალიან მძიმე შედეგამდე არ მივიდეს.

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, როგორია დასავლეთის თვალით დანახული სააკაშვილი?

- სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა პოზიციები. სამწუხაროდ, არაპოპულარულმა საქციელმა, რაც მთავრობის მხრიდან განხორციელდა, საკმაოდ შეცვალა შეხედულებები.

აგვისტოს ომს გულისხმობთ?

- არა, აგვისტოს ომს კიდევ იმდენად არა, რამდენადაც იმას, რაც ბოლო დროს ხდება. აგვისტოს ომის დროს ემიგრაციის აქტიური ნაწილი ქუჩებში ვიბრძოდით იმისთვის, რომ მოგვებრუნებინა ევროპელების გული და გონება იმ უსამართლობის საწინააღმდეგოდ, რაც საქართველოში ხდებოდა. უშველებელი ძალა მოდიოდა საქართველოსკენ და შეუკავებელი იყო ეს ძალა. მაგალითად, იყო ასეთი მომენტი, როდესაც ჩემთან ინტერვიუს დროს ერთ-ერთი ძალიან დიდი გაზეთი ცდილობდა, როგორმე ჩემგან უკმაყოფილო ემიგრანტი დაეხატა, რომელსაც ერთი სული აქვს, საკუთარ ხელისუფლებაზე ცუდი ილაპარაკოს. მაშინ სპეციალურად აღვნიშნე, რომ ეს ის დრო არ არის, როდესაც მე თქვენს წინაშე უნდა ვაკრიტიკო ჩვენი პრეზიდენტი, ეს სრულიად სხვა მომენტია, როცა ჩემს სამშობლოს საშინელი ძალა უდგას.

ხოლო ის, რაც ამჟამად ხდება, როცა სახელმწიფოს სახელით არასწორი ძალები ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობენ, ეს ყველაფერი ცუდი სახით წარმოაჩენს ქართულ სახელმწიფოებრიობას -ზონდერბრიგადები, ქვებით დაპირისპირება. საქართველოში უნდა შეიქმნას აბსოლუტურად დემოკრატიული ატმოსფერო და ყველაფერი, რაც ამას ებრძვის (მთავრობის მხრიდან დაშვებული შეცდომები, რომელიც ვერ ახერხებს დაძაბულობის მოხსნას და ხელკეტებამდე მიდის საქმე), ძალიან არაპოპულარულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გაიარეს და მიხვდნენ, რომ ამაში გამოსავალი არ არის. ეს მხოლოდ ანგრევს. ასე რომ, რაც მეტი შეცდომა იქნება ამ მიმართულებით, მით უფრო ცუდად გამოჩნდება ის ძალა, რომელიც ამას ეყრდნობა. ამიტომაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან მოწოდება, რომ ახლა გავერთიანდეთ და ადამიანი გავათავისუფლოთ თავისი სინდისის წინაშე და მან გადაწყვიტოს სამშობლოს ბედი. ამაზე ყველამ ვთქვათ - იყავნ ნებაი შენი.

სინდისის წინაშე სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები?

- თითოეული ჩვენგანი. არც ერთი მხრიდან ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს და ამომრჩეველმა შიშის გარეშე უნდა აირჩიოს მომავალი. თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ხმა. ახლა მე რომ ვინმეს მოვუწოდო, რომ აი, ემიგრაციაში უკვე  გამარჯვებულია ერთი რომელიმე პარტია, ეს უკვე აგიტაცია გამოვა და ამას მე არ გავაკეთებ.