ლენონის მკვლელმა შეწყალება მოითხოვა

ლენონის მკვლელმა შეწყალება მოითხოვა

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ჯონ ლენონის მკვლელმა მარკ ჩეპმენმა გათავისუფლების შესახებ რიგით მეშვიდე თხოვნა შეიტანა.

57 წლის ჩეპმენის საქმის განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება. 2000 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ის შეწყალებას ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.

ამჟამად ჩეპმენი ნიუ-იორკთან მდებარე ქალაქ ოლდენის ციხე „Wende”- ში იმყოფება. ამ ადგილას მიმდინარე წლის 12 მაისს გადმოიყვანეს. მანამდე სასჯელს „Attica State”-ს ციხეში იხდიდა. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ამ დღეებში ციხის ადმინისტრაციამ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით წერილი მიიღო. ლენონის შემოქმედების თაყვანისმცემლები კატეგორიულად მოითხოვენ რომ ჩეპმენი არ შეიწყალონ.

თავისი სიტყვა თქვა ლენონის ქვრივმა იოკო ონომაც. ქალბატონი იოკი მარკის თავისუფლებაში გამოშვების სასტიკი წინააღმდეგია. მისი მტკიცებით, ჩეპმენი მისი ოჯახის წევრებისთვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის კვლავ საშიშ ელემენტად რჩება.