„სიცოცხლე გრძელდება შენთან ერთად“

„სიცოცხლე გრძელდება შენთან ერთად“

აივ–ინფიცირების ახალი შემთხვევები წლიდან წლამდე მატულობს. წარმოგიდგენთ სტატისტიკას:  2007 წელს – 344,  2008 – 351, 2009 – 385, 2010 – 455, 2011 – 424, 2012 – 253 ( 01.07–მდე). ამ დროს, მკურნალობის ძირითად ნაწილს, ანუ  ანტივირუსულ თერაპიას „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი“ აფინანსებს.  დაფინანსება 2015 წლის ბოლომდე გასტანს. გაგრძელების პერპექტივები კი ფრიად ბუნდოვანია.

მუდამ დონორთა იმედზე, ცხადია, ვერ ვიქნებით. მოქალაქეთა პრობლემების მოგვარებაზე საკუთარმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამ საკითხის მედიაში გაჟღერებას  ყველაზე დამაჯერებლად თავად აივ–პოზიტიური პირები შეძლებდნენ, მაგრამ დისკრიმინაციის შიშით ღია გამოსვლებს გაურბიან.  ჩვენმა სტუმარმაც ანონიმად დარჩენა არჩია.

სტიგმა რომ არ არსებობდეს, ღიად საუბარი არ ამიჭირდებოდა!..“

ნოდარი . (40 წლის):

– აბსოლუტურად გეთანხმებით: სრული დაფინანსება, საბოლოოდ, სახელმწიფომ უნდა იკისროს. ამ საკითხის მედიამხარდაჭერა  ძალზე თანადროული იქნებოდა. ცხადია, აივ–პოზიტიურმა პირებმაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ არსებული სტიგმის პირობებში ანონიმურობა აუცილებელია. ყველაფერი, საბოლოო ჯამში, საზოგადოების არაადეკვატურ დამოკიდებულებამდე დადის.

როდესაც გავიგე, რომ ინფიცირებული ვიყავი, ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს  ყველამ გაიგო  აივ–დადებითი სტატუსის მატარებელი რომ ვიყავი (!).  თვითმკვლელობაზეც კი ვიფიქრე. ასეთი მდგომარეობა დაახლოებით ორ თვეს გაგრძელდა. „შიდსით დაავადებულთა დახმარების  ფონდში“ ფსიქოლოგებმა საჭირო დახმარება გამიწიეს. რაღაც ერთ კვირაში თავი საკმაოდ კომფორტულად ვიგრძენი. აქ ძალზე კორექტულად გვექცევიან, ისე, როგორც წესით საზოგადოება უნდა გვექცეოდეს. ვერ კი ვგრძნობთ, რომ რაღაცით გამორჩეულნი ვართ. თითქოს, რაღაც უბრალო დაავადება გვჭირდეს, მაგალითად – სურდო. სტიგმა და დისკრიმინაციის საშიშროება რომ არა, თავს ჩვეულებრივად ვიგრძნობდი. არც საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარი გამიჭირდებოდა.

გახსნილობა აივპოზიტიურს შესაძლოა საბედისწეროდ შემოუბრუნდეს!“

გიორგი წოწკოლაური („შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდისპალიატიური მზრუნველობის პროგრამა; მზრუნველი):

– გლობალ ფონდი ზოგიერთი ქვეყნიდან უკვე გამოვიდა. ჩვენ ჯერჯერობით, პრიორიტეტში ვართ, რაც მუდმივად ვერ გაგრძელდება. ყველაზე დიდ საშიშროებას მედიკამენტებზე დაფინანსების შეწყვეტაში ვხედავ. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დახმარებას, საქართველოში იმას მაინც მოახერხებ, გასაჭირი უახლოეს მეგობარს შესჩივლო. სახელმწიფოს ვალდებულების  გადაბარებაზე აქამდეც უნდა ეზრუნა და პროცესი 2008 წლისთვის დაესრულებინა. 

ბენეფიციართა უმეტესობას ჰგონია, რომ სულ ასე იქნება. ფსიქიკა ყოველთვის ბოლო წამამდე ირეკლავს ცუდ ინფორმაციას. შეჩვევის მომენტიც „მუშაობს“, განსაკუთრებით კი იმათ შემთხვევაში, ვინც წლების მანძილზე სარგებლობს ამ დახმარებით. ხომ იცით, „კვერცხი რომ მოაწვება, ქათამი მაშინ აკაკანდება“.

2016 წელს, ანუროდესაც კვერცხი მოაწვება“, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება. ხომ არ აჯობებს განხორციელდეს მასშტაბური მედიაკამპანია თავად აივპოზიტიური პირების მონაწილეობით, რომელშიც სახელმწიფოს მის მოვალეობას შევახსენებთ?

– მშვენიერი აზრია: სამი წელიწადში მართლაც ბევრი რამის მოსწრება მოხერხდებოდა. მაგრამ დისკრიმინაციის შიშით აივ–პოზიტიური პირები ღიად გამოჩენას ერიდებიან. სერიოზული სახელმწიფო დაფინანსება კი ღია ადვოკატირებას საჭიროებს.   საზოგადოებას ურჩევნია უშუალოდ მოუსმინოს მას, ვისაც უჭირს. ანონიმურობას მეორე ცუდი მომენტიც აქვს: რახან იმალები, ესე იგი აღიარებ, რომ რაღაც დასამალი გაქვს და დამნაშავე ხარ. სტიგმის მატარებელი ხალხი ასე სწორედ აღიქვავს.

კამპანიაში სტიგმის დასაძლევი ანალიტიკური მიმართულებაც უნდა ჩავრთოთ. ხალხს უნდა ავუხსნათ: აივპოზიტიურიიმალებაარა იმიტომ რომ რაღაცაშია დამნაშავე, არამედ  არაადეკვატურ რეაქციას გაურბის. ისე, ოდესმე გიკითხავთ: იქნებ, ასეთი კარგი საქმისათვის  გარისკვის მსურველი გამოჩნდეს

– რა თქმა უნდა, მიკითხავს. დისკრიმინაციის შიში ამის შანსს თითქმის არ იძლევა. ახლობლები, პრობლემას, საბოლოოდ, გაგებით მოეკიდებიან, სამაგიეროდ, საზოგადოების, ანუ  მეზობლების, ან უბნის იმედი არ აქვთ. გახსნილობა აივ–პოზიტიურს, შესაძლოა, საბედისწეროდ შემოუბრუნდეს და მსხვერპლადაც შეეწიროს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ისედაც ტრავმირებული ადამიანები უარესი საფრთხის წინაშე დავაყენოთ. ასეთნი არც თუ ცოტანი არიან. მოკითხვიანობა საკმაოდ მაღალია: წინა ექვსი თვის მანძილზე 320 ადამიანი მოვიდა. ოთხი რეგიონი, ანუ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი მაქვს მხედველობაში. ზოგიერთი ბენეფიციარი ჩვენთან წლების მანძილზე ურთიერთობს, ზოგი კი საჭიროების მიხედვით გვაკითხავს.

რა დგას სტაბილური მოკითხვიანობის უკან: სოციალური სიდუხჭირე, თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მოთხოვნილება?

– როდესაც ბენეფიციარებს მედიკამენტებით, პროდუქტებით და ა.შ. ვეხმარებოდით,  ვიზიტები, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამით  იყო განპირობებული. მას შემდეგ, რაც დაფინანსება შიდსის ცენტრმა იკისრა,  ძირითადად, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის გვაკითხავენ. ზოგადად, მომართვიანობამ იმატა, რაც მხოლოდ ინფიცირების სტატისტიკის ზრდით არ არის  განპირობებული. აივ–პოზიტიური მოქალაქენი ჩვენთან იმიტომ მოდიან, რომ აქ თავს კომფორტულად გრძნობენ. ისინი საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ უმხელენ თავის გასაჭირს. საზოგადოებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ადამიანებს ძალიან უჭირთ მიიღონ განსხვავებულობა, რაც სტიგმის მთავარი წყაროა. სანამ ცნობიერება არ შეიცვლება, მომართვიანობა ყოველთვის მაღალი იქნება. 

გამოდის, რომ არა საზოგადოებრივი სტიგმა, თქვენი ორგანიზაციის ტიპის სამსახური არც იქნებოდა საჭირო?

- შეიძლება ასეც ითქვას. სტიგმისგან თავისუფალი  მენტალიტეტის პირობებში აივ–პოზიტიური პირი მხარდაჭერას ჰპოვებდა ახლობელში, ან ჩვეულებრივ რიგით ფსიქოლოგში. მაგრამ ეს, ალბათ, უფრო იდეალური სიტუაციაა. დისკრიმინაციის წყაროა სტიგმა, რომელსაც ადამიანთა უმეცრება ასაზრდოებს.

ტრაგედია ქუთაისში

საკუთარ პრობლემაზე ღიად საუბარი აივ–პოზიტიურს  ნერვების წყვეტად რომ უჯდება, ამაზე ქუთაისში მომხდარი ტრაგედიაც მეტყველებს. მიმდინარე წლის 26 იანვარს შიდსით გარდაიცვალა ქალბატონი ლამზირა ჩალაძე. ამ უშიშარმა  ადამიანმა 2005 წელს ღიად განაცხადა თავისი პრობლემის შესახებ. საკეისრო კვეთის დროს მას გადაუსხეს ინფიცირებული სისხლი, რომელიც შპს „ქუთაისის რეგიონალურ სისხლის ბანკში“ იყო შეძენილი.  უპასუხისმგებლო სპეციალისტებმა სისხლი აივ-ინფექციაზე არ გამოიკვლიეს, შედეგად დედაც და ჩვილიც დაინფიცირდნენ.

ლამზირა ჩალაძემ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის 200 000 ლარი მოითხოვა, მაგრამ  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს „ქუთაისის რეგიონალური სისხლის ბანკი“-ს 20 000 ლარის გადახდა დააკისრა (?). მოპასუხემ დაკისრებული თანხის გასაუქმებლად ბოლო ინსტანციამდე იბრძოლა (!).

ცნობისთვის: ქალბატონ ლამზირას ოჯახში კიდევ რამდენიმე ბავშვი იზრდება. სამწუხაროა, რომ დაზარალებულებმა  ჯეროვანი მხრდაჭერა ვერც საზოგადოებისაგან მიიღეს და ვერც სახელმწიფოსაგან. პირიქით: ოჯახის მიმართ დისკრიმინაცია წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

(ფაქტზე დაწვრილებით იხ: ttp://www.drugpolicy.dsl.ge/news.htm)

ქალბატონი ლამზირა ჩალაძის მოქმედება იმის ბრწყინვალე  მაგალითია, როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა საკუთარი ღირსებისა და უფლებების დასაცავად. მომხდარი ტრაგედია ზემოთაღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ჯეროვნად უნდა შეფასდეს და ჩალაძეების ოჯახს ღირსეული დახმარება გაეწიოს.

სახელმწიფოს შეჯანჯღარება სჭირდება, საზოგადოებას -შემოლაწუნება 

ჩვენი პუბლიკაცის გმირი თვალითაც არ მინახავს – სკაიპით ვისაუბრეთ. მას არც ნოდარი ჰქვია და არც გვარის ინიციალია ნამდვილი. ვიდეოთვალი არ გამომირთავს და თავად მიცნო: თურმე სადღაც შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ  ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. ცხადია, ეს არც მისი ბრალია და არც ჩემი. დამნაშავეა სტიგმა, რომლის გამო ერთმანეთს შიშით თვალებში ვეღარ ვუყურებთ.

„აივ–პოზიტიურთა მკურნალობა–მხარდაჭერის სრული სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობა მალე კარზე მოგვადგება. პრობლემაზე ღიად საუბარს და გადაწყვეტის გზების მოძიებას კი სწორედ სტიგმა აფერხებს. ბარიერის დასაძლევად „შოკური თერაპიაა“ საჭირო: სახელმწიფოს საფუძვლიანი შეჯანჯღარება სჭირდება, ხოლო საზოგადოებას – ერთი ლაზათიანი შემოლაწუნება. ხალხმა თავისი დამოკიდებულების არაადეკვატურობა უნდა გააცნობიეროს,  დანაშაულის კომპლექსი ხშირად სასიკეთო მოქმედების სტიმულად იქცევა.

დრო არ ითმენს: სრული დაფინანსების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვიძიოთ. არაფერი დაშავდება, თუკი ხელისუფლება მივლინებებში ეკონომ–კლასით იფრენს და  სამვარსკვლავიან სასტუმროებში დაბინავდება. ამით ასტრონომიულ თანხებს დავზოგავთ. მონდომება იყოს, თორემ ბიუჯეტის ეკონომიის სხვა წყაროებიც გამოინახება, ხოლო გამოთავისუფლებულ თანხებს ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებში დავხარჯავთ“.