აქციამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთავში ,,ოცნების“ წევრი დააკავეს

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთავში ,,ოცნების“ წევრი დააკავეს

„ქართული ოცნების“ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთავის პოლიციამ კოალიციის ახალგაზრდული ფრთის  წევრი, მიხელ წიქარიშვილი დააკავა.

„ღამის 2 საათზე ჩემს სახლში ოთხი ადამიანი მოვიდა. ერთს  პოლიციის ფორმა ეცვა. მითხრეს, რომ მეგობრობის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო უნდოდათ ჩემი დაკითხვა. წამიყვანეს სამმართველოში და დილის ხუთის-ნახევრამდე გამაჩერეს.

ადამიანი, რომელიც სამმართველოს შენობაში მკითხავდა არ მეუბნეოდა თავის ვინაობას. სხვებს, რომ ვეკითხებიდი ვინ იყო ეს კაცი, ზოგი მპასუხობდა, რომ ის მათი თანამშრომელი არ არის. არადა ეს კაცი შენობაში თავისუფლად გადაადგილებოდა.

დაკითხვისას მეუბნებოდნენ, რომ  „ყველაფერი იციან“. მითხრეს თქვი, რომ ჩხუბს შეესწარი-ო. მე არავითარ ჩხუბს არ შევსწრებივარ და რა უნდა მეთქვა?

- ახლა თაროდან საბუთებს გადმოვიღებთ და მერე ნახე შენ-ო, მემუქრებოდნენ. მე ვუხსნიდი, რომ მათი საბუთების არ მეშინია და რაც არ მინახავს იმაზე არაფერს ვიტყოდი. მომმართვადნენ, ნუ ბლატაობ ბიჭო და ტყუილად გაქვს შენ ვიღაცეების იმედი-ო“ - საუბრობს, რუსთავის პოლიციის მიერ დაკავებული „ოცნების“ წევრი, მიხელ წიქარიშვილი.

წიქარიშვილი რუსთავის პოლიციამ ისე დააკავა, რომ სულ გადაავიწყდა, როგორ უნდა იქცეოდეს ასეთ დროს სამართლადამცავი უწყება - მათ დაკავებულს არც მისი უფლებები განუმარტავს და არც ის, თუ რა სტატუსით კითხავდნენ.

„სანამ სახლიდან გამომიყვანდნენ, მოვახერხე და ჩვენი ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს დავურეკე. შემდეგ მობილური წამართვეს და დიდი დავიდარაბის შედეგად დამიბრუნეს“, - ამბობს წიქარიშვილი.

მისი თქმით, სავარუდოდ პოლიცია მობილურითაც იყო დაინტერსებული, რადგან მას  მობილურში რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ყველა წევრის მონაცემი და ნომერი იყო.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი აქციის წინ სურდათ ახაგაზრდების შეშინება. ჩემი დაკავებით ფიქრობდნენ, რომ სხვები  შეშინდებოდა და აქციაზე გამოსვლისგან თავს შეიკავებდნენ“, - დასძენს წიქარიშვილი.

„ოცნების“ მახარდამჭერის დაკავების შემდეგ მისი მეგობრები და კოალიციის წევრები რუსთავის სამმართველოსთან შეიკრიბნენ. მათ ადვოკატი, თედო კობახიძე გამოიძახეს. ადვოკატის ძალისხმევით ახალგაზრდა ხუთის წუთებზე გამოუშვეს, თუმცა რატომღაც სამართალდამცავი ქალბატონი  წიქარიშვილს ადვილად ვერ შეელია.  

„მას შემდეგ რაც ჩვენმა ადვოკატმა დაძრა მანქანა და უკვე, მიდიოდა - ვხედავთ, რომ პოლიციელი ქალბატონი უახლოვდება მიშას და ცდილობს მას ისევ გაესაუბროს და სამმართველოში შეიყვანოს. შესაბამისად, ჩვენ სასწრაფო წესით ვაბრუნებთ ადვოკატს და მისი დახმარებით მოგვყავს მიშა, უკვე საბოლოოდ“, - ამბობს რუსთვის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, ვახტანგ ყაველაშვილი.

მისი ინიციატივით „ოცნების“ დაკავებული აქტივისტი იმის შიშით, რომ მას ისევ დაიჭერდნენ სახლში არ გაუშვეს და ღამით თავიანთ სახლში წაიყვნეს.

ერთადერთი რა შემთხვევის გახსენებაც დღეს წიქარიშვილს შეუძლია, რაზეც, ალბათ, მისი მოწმედ გამოყენებას ცდილობდნენ - 18 აგვისტოს მეგობრობის გამზირზე მოსმენილი გოგონას საუბარია. წიქარიშვილი იხსენებს, რომ მან გამზირზე ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმაში ჩაცმული გოგონა, რომელიც ამბობდა, რომ მას „ოცნების“ წევრებმა სცემეს და დროშა გადაახიეს თავზე.

„ამ გოგონას არაფერი ეტყობოდა ნაცემის. მე ეგრევე ვიფიქრე, რომ ეს პროვოკაცია იყო და გავეცლა მათ. ამ საუბრის მეტი მათგან არაფერი მომისმენია“, - იხსენებს წიქარიშვილი.

უცნაურ ახალგაზრდების ჯგუფზე საუბრობს კოალიციის რუსთავის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელიც. მისი თქმით, სწორედ წუხელ ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნების“ მაისურში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებიც ერთად დადიოდნენ.