ფრთხილად, თქვენი საბანკო ანგარიშები კონტროლდება!

ფრთხილად, თქვენი საბანკო ანგარიშები კონტროლდება!

ხელისუფლების მიერ საქართველოს მოსახლეობაზე კონტროლის დაწესების მეთოდები უკვე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა. გარდა იმისა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებები აქვთ მინიჭებული, მასობრივად აწარმოებენ მოქალაქეების სატელეფონო საუბრებისა და ელექტრონული მიმოწერის კონტროლს, მათ ასევე საშუალება ეძლევათ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საბანკო ანგარიშებზე მიმდინარე ნებისმიერი სახის ტრანზაქციების შესახებ მიიღონ დეტალური ინფორმაცია.  ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი საკუთარ საავტორო გადაცემაში „ანატომია“ იმ სასამართლო განჩინების შესახებ მოგვითხრობს, რომლითაც პროკურატურას ამგვარი უფლება მიენიჭა.

აღნიშნული განჩინება for.ge-ს სწორედ ნათია მიქიაშვილმა მიაწოდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ დოკუმენტიდან.

„საჭიროა ამოღებული იქნას საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო დაწესებულების კუთვნილი ბანკომატების მეშვეობით, უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციის ამსახველი დეტალური ინფორმაცია (ტრანზაქციის დროის, განხორციელებული ტრანზაქციის ოდენობის და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით) 2012 წლის 13 ივლისიდან 20 ივლისის პერიოდის ჩათვლით“, - ნათქვამია საქართველოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის მიერ 2012 წლის 20 ივლისს გამოტანილ განჩინებაში საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მოსამართლემ საქართველოს პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის შუამდგომლობის საპასუხოდ მიიღო. ამასთან დაკავშირებით, განჩინებაში წერია, რომ გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს იმის დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარკვეულ პირთა წრე საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებების ბანკომატების მეშვეობით, უცხო ქვეყნების მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების გამოყენებით ახორციელებენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების განაღდებასა და შემდგომში მის ლეგალიზებას.

სასამართლო განჩინებაში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ქართული და უცხოური ბანკია ჩამოთვლილი და ნათქვამია, რომ ამ ბანკებიდან ამოღებული იქნას მათი კუთვნილი ბანკომატების მეშვეობით უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათების გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი დეტალური ინფორმაცია, ტრანზაქციის დროის, განხორციელებული ტრანზაქციის ოდენობის და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მითითებით, 2012 წლის 13 ივლისიდან 20 ივლისის პერიოდის ჩათვლით.

 საყურადღებოა, რომ განჩინებაში არაფერია ნათქვამი იმ კონკრეტულ პირთა წრესთან დაკავშირებით, ვისი ანგარიშების გაკონტროლების უფლებაც პროკურატურას მიენიჭა. ამდენად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პროკურატურას შეუძლია 2012 წლის 13 ივლისიდან 20 ივლისის პერიოდში როგორც ნებისმიერი ჩვენგანის, ასევე საქართველოში მცხოვრები, თუ დროებით ჩამოსული ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშზე მიმდინარე ტრანზაქციების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, მაგალითად გაკონტროლდეს საქართველოში მოღვაწე რომელიმე უცხოელი დიპლომატის, ან თუნდაც ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე ტურისტის საბანკო ანგარიშები.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, შეუთანხმა თუ არა, ან თუნდაც აცნობა თუ არა ამ გადაწყვეტილების შესახებ სასამართლომ საქართველოში მოქმედი უცხოურ ბანკებს, ან იმ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც საქართველოში პლასტიკური ბარათების ოპერირებას ახდენენ, მაგალითად „ვიზას“, „მასტერ ქარდს“ და ა.შ.

ამ საკითხის გარკვევას for.ge საქართველოში მოქმედ ბანკებთან შეეცადა, მაგრამ არც ერთმა მათგანმა, მათ შორის არც უცხოური კაპიტალით მომუშავე ბანკებმა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

რას ფიქრობენ ამ საკითხზე ეკონომიკის ექსპერტები და იურისტები? For.ge რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარე ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მოსამართლე ეკა არეშიძემ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციას დააფურთხა. მუხაშავრია ამბობს, რომ მსგავსი უკანონო და კატასტროფული სასამართლო გადაწყვეტილება არასოდეს უნახავს. მისი თქმით, სასამართლოს ამ განჩინებით ერთადერთი რამ, რაც არის განსაზღვრული, ეს არის 2012 წლის 13 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ხოლო პირთა წრე, ვისაც ეს განჩინება ეხება, განუსაზღვრელია.

„მთელი უბედურება ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება არ საჩივრდება და მხოლოდ აღსრულების შემდეგ 48 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს. ამასთანავე, განჩინებაში ნათქვამია, რომ თუკი ვინმე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას წინააღმდეგობას გაუწევს, შესაძლებელია იძულების წესის გამოყენებაც. ეს არის კატასტროფა და არ მგონია, მეოცე საუკუნის შემდეგ ამგვარი რამ ვინმეს დაეწეროს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, განჩინებაში არ არის აღნიშნული, რა ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ან ვის შეეხება ეს სისხლის სამართლის საქმე. მითითებულია მხოლოდ საქმის ნომერი, რომელიც არავის არაფერს ეუბნება. ამასთანავე, ამ საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქმის სახელწოდება აქვს. ამდენად, იურისტის თქმით, თუკი ვინმემ ამ განჩინებაში მითითებულ პერიოდში (2012 წლის 13-დან 20 ივლისის ჩათვლით) თავისი პლასტიკური ბარათის მეშვეობით რაიმე სახის ტრანზაქცია განახორციელა, იგი ავტომატურად ხდება ამ საქმეზე ან ბრალდებული, ან ეჭვმიტანილი. ეს კი შეიძლება ადამიანთა სრულიად განუსაზღველი წრე იყოს, რომელშიც როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირებიც ხვდებიან. ამასთანავე, მუხაშავრიას განცხადებით, ამ განჩინების თანახმად, სასამართლოსა და პროკურატურას სრული უფლება ეძლევა, ამ ადამიანებიდან ვინც უნდა, ამოკრიფოს, მიიყვანოს თავისთან და საპროცესო გარიგება გაუფორმოს იმის კვალობაზე, თუ ამ კონკრეტული ადამიანისგან რა უნდა.

„ეკა არეშიძის განჩინება პროკურატურას აძლევს სრულ უფლებას, ნებისმიერ პირს, რომელმაც განჩინებაში მითითებულ პერიოდში რაიმე სახის საბანკო ტრანზაქცია განახორციელა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებით წაუყენოს ბრალი, სცნოს ბრალდებულად, დაკითხოს, წამების, ზეწოლის და უკანონობის ქარცეცხლში გაატაროს, შემდეგ კი ჩასვას ციხეში, ან გამოუშვას იმ თანხის საფასურად, რა თანხაზეც განხორციელებული იყო ტრანზაქცია, ან სულაც თავად პროკურატურისთვის სასურველი თანხის სანაცვლოდ“, - ამბობს ლია მუხაშავრია.

მისი თქმით, ეს არის წარმოუდგენელი განუკითხაობა, რადგან სასამართლოს ეს განჩინება პროკურატურის მიერ კერძო პირების მიმართ ყოვლად უკონტროლო დამოკიდებულებას აკანონებს.

„როდესაც პროკურატურას ასეთი განუსაზღვრელი ოდენობის ადამიანების მიმართ ამგვარი ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელების უფლებას აძლევ, ეს არის კატასტროფა. მიმაჩნია, რომ 2012 წლის 20 ივლისს (როდესაც ეს განჩინება არის გამოტანილი) ამ ქვეყანაში დამთავრდა კანონიერებაც, კონსტიტუციის მოქმედებაც და სასამართლომაც თავი გარდაცვლილად გამოაცხადა და თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ და ერთი სული მაქვს, ნეტა ვინმემ მიჩივლოს, ან მოსამართლემ, ან პროკურატურამ. მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ჩვენს სასამართლოს და ამ პატივცემულ მოსამართლე ეკა არეშიძესაც, რადგან მან ოცსაუკუნოვანი მართლმსაჯულების ისტორია, პრინციპები და ფუძემდებლური დებულებები შეურაცხყო“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ როგორც პიროვნებას, მას ეს განჩინება გარკვეულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ მიაჩნია, რომ მთავარი დარტყმა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის, როგორიც არის „ვიზა“, „ამერიქან ექსპრესი“ და ა.შ. ხოლო კითხვას, სასამართლოს ამ განჩინებით ირღვევა თუ არა საქართველოში მოქმედი ქართული და უცხოური ბანკების კლიენტების კონფიდენციალობა, ნოდარ ჯავახიშვილი ასე პასუხობს: - „თქვენ შემოგევლეთ, უკვე ათი თვეა ჩვენი ბანკის კლიენტების კონფიდენციალობა კი არ ირღვევა, არამედ ყველა ჩვენი ოპერაცია ავტომატურ რეჟიმში ხვდება პროკურატურაში, კონტროლის პალატაში (რომელსაც ახლა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჰქვია), და რა ვიცი, სადაც გნებავთ, მათ შორის გაზეთშიც. ამდენად, სამწუხაროდ, საქართველოში ეს პრობლემა უკვე აღარ დგას.“

For.ge დაინტერესდა „ქართუ ბანკმა“ თუ მიიღო ან პროკურატურიდან, ან სასამართლოდან მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნა, რაც ნოდარ ჯავახიშვილმა არ გამორიცხა.

„იცით რა არის, ყოველდღიურად იმდენი რამე მოდის, რომ ალბათ, ეგეც მოვიდოდა, უბრალოდ მე არ გადამიმოწმებია. დღეს საქართველოში კონფიდენციალობა არის საშაყირო სიტყვა. 10 000 კაცზე რომ მოგივა მონიტორინგის განხორციელების დავალება, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სადღაც 37 წელში ხარ, ძალიან ღრმად“, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი საბანკო სისტემა თანდათან პროკურატურის ნაწილი ხდება და ქვეყანაში აბსოლუტურად დარღვეულია უმთავრესი პრინციპი, საბანკო საიდუმლოება. ხადურის თქმით, ეს გარემოება საბანკო სისტემისადმი კლიენტების ნდობის შემცირებას იწვევს და საბოლოოდ, საქართველოს საინვესტიციო პოზიციას ასუსტებს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ამ დროს კი ხელისუფლება ისეთ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ნამდვილად არ უწყობს ხელს. რომელი უცხოელი ჩამოვა აქ, თუკი იგი დარწმუნებული იქნება, რომ მის მიერ ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელების შესახებ საქართველოს ხელისუფლება საქმის კურსში იქნება?“, - სვამს კითხვას ხადური.

მისი თქმით, ხელისუფლების ამგვარი ქმედებები მიმართულია იქით, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად გააკონტროლოს, რაც საბოლოო ჯამში როგორც ქვეყნის იმიჯს, ასევე მის მომავალსაც ემუქრება.