ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული დამოკიდებულებაა, რომ ის, ვინც მთელი ცხოვრება სულიერების სამყაროში გაატარა, კუნძულზე მოექცეს და გარიყულობის განცდა ჰქონდეს, - ამბობს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელიც "ყველა სიახლის" მკითხველს თავის ლიტერატურულ სამყაროს გააცნობს...
- წიგნიერების პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, მაგრამ საქართველოში ეს განსაკუთრებით თვალში საცემია. გამომცემლობები საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, კარგი თარგმანებიც იბეჭდება, თუმცა ეს ყველაფერი დღევანდელ საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს.
დიდი ხანია საფრანგეთში ვცხოვრობ და იქ წიგნისადმი სხვანაირი დამოკიდებულებაა. ელექტრონული მედია წიგნის პოპულარიზაციისათვის ძალისხმევას არ იშურებს. წარმოუდგენელია, გამოვიდეს საინტერესო წიგნი და მას გადაცემები არ მიუძღვნან. საქართველოში ამ მხრივ ლიტერატურული პროცესი საერთოდ ჩამკვდარია.
- როდესაც ტელევიზიების წარმომადგენლებს ამ კითხვას ვუსვამთ, გვპასუხობენ, რომ ლიტერატურული გადაცემა საზოგადოებას არ აინტერესებს...
- ამაში არის სიმართლის მარცვალი. შესაძლოა, საფრანგეთშიც დიდი მოთხოვნა არ არის ასეთ გადაცემებზე, მაგრამ მედია მიზანმიმართულად ხელს უწყობს კულტურის პოპულარიზაციას. მენატრება საქართველოში ასეთი გადაცემები. ერთხანს კულტურის არხის გაკეთებაც კი მქონდა ჩაფიქრებული, გადაცემები მოფიქრებული იყო, მაგრამ ვერ განვახორციელე. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მთავარი სულიერი საზრდო სიტყვა და წიგნია.
არ შემიძლია უიმედოდ შევხედო მომავალს და ვფიქრობ, ხელისუფლებაში მოვა ახალი ძალა, რომელიც სულიერებაზე გაცილებით მეტს იფიქრებს. სულიერებაზე ზრუნვა კი ეს არის ლიტერატურაზე, წიგნზე, პოეზიაზე ფიქრი. წიგნი ყველა ახალგაზრდის მეგზურად უნდა იქცეს.
- თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე რას ფიქრობთ?
- დიდი ხანია, საქართველოში არ ვყოფილვარ და არ ვიცი, ლიტერატურა რა დონეზეა. თუმცა, ძალიან საწყენია ის, რომ კრიტიკული პროცესი სრულიად ჩამკვდარია, შეფასების კრიტერიუმი ტენდენციურია. ლიტერატურულ კონკურსებსაც დიდად არ ვიცნობ, რადგან როდესაც პროცესს არ ენდობი, კონკურსის შედეგიც არ გაინტერესებს...
- უამრავ ქვეყანაში გიწევთ მოგზაურობა... წიგნები, რომლებიც ყოველთვის თქვენთანაა...
- ჩემთვის ასეთია პოეზია. ჩემს წიგნის თაროზე ყოველთვის საპატიო ადგილი უკავია რუს, ფრანგ და ქართველ პოეტებს... რუს და ფრანგ პოეტებს ხშირად ვთარგმნი. ქართველებიდან ჩემი ცხოვრების მეგზურები არიან გალაკტიონი, ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე. ძალიან მიყვარს პასტერნაკი, ცვეტაევა, ახლა ბროდსკის ვთარგმნი და მისით ძალიან შთაგონებული ვარ. ახლახან გამოვეცი "ფრანგული პოეზია", მაგრამ არა მგონია, მკითხველი დიდად დაინტერესებულიყო. თუმცა, იქ საუკეთესო ფრანგი პოეტების ლექსებია თავმოყრილი...
დღევანდელი თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა ყველა მიმართულებით ძალიან მდიდარია.
- ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ლანა ღოღობერიძის ცნობიერებაზე რომელმა ავტორებმა დატოვეს?
- ასეთები არიან: პრუსტი, ფოლკნერი, თავის დროს დოსტოევსკი. გალაკტიონ ტაბიძემ ჩემში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. ერთხანს მისით ვსაზრდოობდი. ძალიან დიდია ვაჟა-ფშაველა.
- დღეს წიგნიერება დაფასებულია?
- დაფასებას დიდად ვერ ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც წიგნით საზრდოობს, საზოგადოების მხრიდან უნებლიეთ იწვევს პატივისცემას...
- ბევრი განათლებული, წიგნიერი ადამიანი დღეს უსამსახუროდ არის დარჩენილი...
- ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. საერთოდ, ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული დამოკიდებულებაა, რომ კუნძულზე მოექცეს და გარიყულობის განცდა ჰქონდეს მათ, ვინც მთელი ცხოვრება სულიერების სამყაროში გაატარა. არის პრიმიტიული კრიტერიუმი - ინგლისურის და კომპიუტერის ზედაპირული ცოდნა უფრო მნიშვნელოვნად შეიძლება ჩათვალოს ხელისუფლებამ, ვიდრე განათლებული ადამიანები, რომლებსაც მსოფლიო კულტურაში აქვთ ფესვები გადგმული.
- საინტერესოა, დღევანდელი ქართველი ამომრჩეველი დეპუტატობის კანდიდატის განათლებასა და წიგნიერებას თუ ითვალისწინებს?
- არა მგონია, ჩვენ აქამდე ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია. ბევრი ვიმუშავე "ქართული ოცნების" კულტურის კონცეფციაზე და აღმოვაჩინე: ყველა ფრანგი პრეზიდენტი, წიგნიერი იყო თუ არა, ამბობდა, რომ საარჩევნო კამპანიის გული არის კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება... მათ იციან, რომ საზოგადოება თუ ვერ ხედავს კულტურისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, მაშინ ასეთ პრეზიდენტს პატივს არ სცემენ. ჩვენთან კი ეს მეორეხარისხოვანია. იმედია, ესეც შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ერს განვითარება და მსოფლიო ოჯახში დამკვიდრება არ უწერია.
- ჩვენი დღევანდელობა რომელ ნაწარმოებს გაგონებთ?
- ჩვენი დღევანდელობა "აბსურდის თეატრია". ამჟამინდელი საქართველო კაფკას "პროცესსაც" მაგონებს.
- რის წაკითხვას გვირჩევს ლანა ღოღობერიძე?
- რადგან მე პოეზიისკენ ვარ მიდრეკილი და ახლა ბროდსკის ვთარგმნი, მეც ამ პოეტის გაცნობას გირჩევდით, ჩვენს დღევანდელობასაც ძალიან მიესადაგება.