ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგა ხანია დაწყებულია საუბარი იმაზე, რომ ამერიკელებმა ეგვიპტიდან ადრევე წამოღებული საგანძური, ეგვიპტეშივე უნდა დააბრუნონ და ამ ჟესტით ისტორიული სამართლიანობა აღსდგება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, შეერთებულ შტატებში მაინც მიიღეს გადაწყვეტილება განძეული დაბრუნებასთან დაკავშირებით.
როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმმა გადაწყვიტა, ფარაონ ტუტანჰამონის სამარხში აღმოჩენილი 19 არტეფაქტი ეგვიპტის ხელისუფლებას დაუბრუნოს, სადაც დიდი ეგვიპტური მუზეუმის გახსნა იგეგმება. ამერიკელების ”ამანათი” შეიცავს რამდენიმე პატარა ფიგურასა და სამშვენისს, ასევე ბრინჯაოს ძაღლის ქანდაკებას, სფინქსის ფორმის სამაჯურსა და მძივებს. ეს ნივთები გიზიში ეგვიპტის დიდ მუზეუმში არსებული ტუტანჰამონის მუდმივი კოლექციის ნაწილად იქცევა, რომელიც 2012 წელს გაიხსნება.
ცნობისათვის, არტეფაქტები ნიუ იორკში 1948 წელს მოხვდა, როცა მეტროპოლიტენ-მუზეუმმა ეგვიპტეში თავისი საექსპედიციო სახლი დახურა. ამ ნივთების ეგვიპტისათვის გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ისინი ნამდვილად ფარაონ ტუტანჰამონის სამარხიდან იყო ამოღებული.
ამერიკელების ამ ჟესტს ეგვიპტის ხელისუფლება დიდი სიხარულით ხვდება. ეგვიპტის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკელთა ეს დიდსულოვანი ნაბიჯი, სხვა ქვეყნებისათვის მისაბაძი უნდა გახდეს.