გადმოცემით, დავით აღმაშენებელს ანდერძად დაუტოვებია, ფეხი დაედგათ მისი საფლავის ქვისთვის, რათა ამით გაეგო, რომ ქართველი ერი ისევ არსებობდა. უცნობია, რა განცდა დაეუფლებოდა დავით აღმაშენებელს, როცა გაიგებდა, რომ 2012 წელს დიდგორის ველზე „გამარჯვებას“ აზერბაიჯანელები აღნიშნავდნენ, ჩვეულებრივ ქართველებს კი პარტიულ დიდგორობაზე შესვლა უჭირდათ. ამის შესახებ ინფორმაცია For.ge-ს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნების“ პრეზიდენტმა ირაკლი ქოქოსაძემ მიაწოდა.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს „შავფაროსნებმა“ დიდგორის ველი პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან უბრალო ადამიანებს ღონისძიებაზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ. „შავფაროსნების“ განცხადებით, მათ დემონსტრაციულად დატოვეს დიდგორის ველი და უარი თქვეს ღონისძიებაში მონაწილეობაზე, სადაც დიდგორის ბრძოლის ინსცენირება უნდა გაემართათ და მასიური საბრძოლო სცენები დაედგათ, რისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
მოგეხსენებათ, „შავფაროსანი“ ისტორიული სახელია და ადამიანთა ეს ჯგუფი საქართველოს ისტორიის ყოველ ეტაპზე არსებობდა. მტრის შემოსევის დროს, როდესაც ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი ურიცხვ მტერთან პირისპირ შებმას ერიდებოდა, ქართველები პარტიზანულ ბრძოლას აჩაღებდნენ, მტერზე იერიში ღამით მიჰქონდათ და ფარებს შავად ფერავდნენ, რათა მთვარის შუქი არ არეკლილიყო და მტრისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ. წლევანდელ დიდგორობაზეც ხელისუფლებას „შავფაროსნების“ უფროსი თაობის წარმომადგენლები შეუმჩნევლად დაუტოვებია და, სხვა თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად, ღონისძიებაზე არ შეუშვია, თუმცა ამის მიზეზი მათი შავი ფარები არ ყოფილა...
For.ge-ს ირაკლი ქოქოსაძე ესაუბრა.
- ილუზია გვქონდა, რომ დიდგორობაზე მივდიოდით, ამ დროს კი აბსოლუტურად სხვაგან მოვხვდით. ეს არ იყო დიდგორობა, არამედ ეს იყო პარტიული დღესასწაული. რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩვეულებრივ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდა, დიდგორობას დასწრებოდა, არ უშვებდნენ. მათ შორის, არ შეუშვეს ჩვენი უფროსი თაობის წევრები. წარმოუდგენელი იყო ასეთ სიტუაციაში მონაწილეობა მიგვეღო და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ 80 ადამიანი ვიყავით და მოსამზადებელ ვარჯიშებზე დიდი დრო დავხარჯეთ, საბოლოოდ მაინც წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღეთ. დიდგორობის ამ დღესასწაულზე განსხვავებულ ფორმაში ჩაცმული ადამიანის ნახვა გაგიხარდებოდათ, რადგან ყველას თეთრი მაისური ემოსა, წარწერით „მე მიყვარს საქართველო“. ასევე, მსგავს წარწერიანი ქუდები ეხურათ. ძირითადად, აზერბაიჯანული და სომხური მოსახლეობა იყო ჩამოსული.
მოგეხსენებათ, დიდგორობაზე როცა ჩადიხარ და ქართული სულის გამოვლინებას ელოდები, უნებურად გახსენდება 1121 წელი, დავით აღმაშენებლის ეპოქა, და ამ დროს თათრებით არის სავსე იქაურობა. ეს ცოტა უხერხულია.
აზერბაიჯანელები სპეციალურად ამოიყვანეს ნაციონალებმა?
- მოგეხსენებათ, გარკვეული ღონისძიებებისთვის ესენი წინასწარ აგროვებენ ადამიანებს. როგორც ჩანს, უკვე ჭირს ქართველების შეკრება და გაცილებით მარტივია აზერბაიჯანელების სოფლებიდან წამოყვანა. მე მგონი, ამ შემთხვევაშიც, ასე მოხდა.
ბევრნი იყვნენ?
- ძალიან ბევრი, წარმოუდგენლად ბევრი. ქართველებს ეგონებოდათ, მტერი ხომ არ მოგვადგაო. ასევე, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიასაც ნახავდით, სადაც კატასტროფულად ბევრი პოლიციელი იდგა. ირგვლივ, მთელ ტერიტორიაზე, ყოველ ხუთ მეტრში, თითო პოლიციელი მაინც იდგა, რომ ვინმე არ შესულიყო არა გზიდან, არამედ სხვა ადგილიდან არ გადმოსულიყვნენ. ეს ტერიტორია მთლიანად დაცული იყო.
მოკლედ, სიტუაციას ყივჩაღებიღა აკლდა და ბრძოლის სრული პანორამაც გაიშლებოდა. სხვა ეროვნების ხალხმა თუ იცოდა, რისთვის მოდიოდნენ, რა დღესასწაულს აღნიშნავდნენ და, რომ ისტორიულად, დიდგორობა მათთვის სასურველი დღესასწაული არ უნდა ყოფილიყო?
- დიდი საუბარი არ მქონია მათთან. უბრალოდ, თათრები თავად მოდიოდნენ, ინტერესდებოდნენ ჩვენი იარაღით, წესიერად ვერც ქართულად ლაპარაკობდნენ, ვერც რუსულად.
დიდგორობაზე ქართველები თუ იყვნენ?
- რა თქმა უნდა, ქართველებიც იყვნენ, მაგრამ გაცილებით მეტი აზერბაიჯანელი ვნახე. თანაც, ეს ქართველები ნაცმოძრაობის აქტივისტები იყვნენ, ასევე, მათი სტუდენტური ფრთიდან იყვნენ.
როგორც ვიცი, დიდგორობისთვის საგანგებოდ ემზადებოდით და სპეციალურად მომზადებული საბრძოლო სცენები უნდა გაგეცოცხლებინათ.
- დიდგორობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლაა. მართლა განსაკუთრებულად, სულ სხვა სტიმულით ვემზადებოდით ამ დღისთვის. მსგავს ღონისძიებებში ყოველთვის ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას. ახლაც რომ დაგვიკავშირდნენ, ჩავთვალეთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იქნებოდა და ვუთხარით, სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას-თქო. თუმცა იქ არსებული სიტუაცია ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სულ ახლახანს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდანაც დაგვირეკეს და გვითხრეს, 19 აგვისტოს ბახმაროში ეწყობა მსგავსი ღონისძიება - დოღი და სხვა. იქაური სიტუაციაც გამოვკითხე და, რომ გავიგეთ, მიშა და აბსოლუტურად ყველა მისი მინისტრი იქ იქნებაო, შეგვეშინდა, იქაც მსგავსი სცენარით არ წარიმართოს ყველაფერი და უარი ვთქვით მონაწილეობაზე. უკვე შეშინებულები ვართ, ხომ შეიძლება, შემთხვევით, სადღაც პარტიულ ყრილობაზე მოვხვდეთ?!
დიდგორობაზე ჩასასვლელად თავად ნაციონალები დაგიკავშირდნენ?
- ჩვენი მეგობრები დაგვიკავშირდნენ, „არტ-გენის“ ჯგუფიდან. ზუსტი სცენარი, თუ რა მოხდებოდა დიდგორზე, იმ ხალხმაც არ იცოდა. ორი დღით ადრე შეიცვალა ყველაფერი. უკვე ამბობდნენ, შეიძლება, პრეზიდენტი მოვიდესო, თუმცა იქ რა სიტუაციაც დაგვხდა, ისინიც გაოგნებულნი დარჩნენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაშვებული საბურავების მომიზეზებით დიდგორობაზე არ დაუშვეს. მაშინვე თუ ფლობდით ამ ინფორმაციას?
- „ქართულ ოცნებას“ რომ არ შემოუშვებდნენ, ლოგიკურად, ეს რთული გასაგები არაა. მაგრამ იქ არ შეუშვეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები, არ შეუშვეს გლეხები, რომლებსაც თივა მიჰქონდათ და, ალბათ, ყოველდღიურად გადაადგილდებოდნენ ამ ტერიტორიაზე. უბრალო ადამიანები ეკითხებოდნენ, რატომ არ გვიშვებთო, ეუბნებოდნენ, რომ ეს არის პარტიული ყრილობა და დიდგორობა დაიწყება მაშინ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება.
სხვა დროს თუ შეგქმნიათ პრობლემები?
- არასდროს მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვართ. აქამდე უამრავ დღესასწაულზე და ღონისძიებაზე ჩავსულვართ. პრობლემა არც ჩვენ შეგვქმნია და არც სხვას.
მართალია, რომ დიდგორის ბრძოლის სცენების გაცოცხლებას აპირებდით?
- დიდგორის ბრძოლა უნდა დაგვედგა, ოღონდ, გაცილებით პატარა მასშტაბით. ახლა 300 ათას ადამიანს და 60 ათასს იქ ვერ შევკრებდით. ჩვენი ძალებით, რაც შესაძლებელი იყო, დაახლოებით იმავე სახის, სანახაობრივი ბრძოლა უნდა გამართულიყო. „ჩვენებურების“ ჯგუფთან ერთად იყო ეს ჩაფიქრებული და მომღერლებს აკომპანიმენტი უნდა გაეკეთებინათ. ჩვენი გამოსვლა დიდგორობის ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი წარმოდგენა უნდა ყოფილიყო. მასში ცხენოსნებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ამ მომენტს, ცხენოსნების მოსვლას ჩვენ უკვე აღარ შევსწრებივართ. უკვე წამოსულები ვიყავით.
80-ივე შავფაროსანი ახალგაზრდა თქვენნაირ განწყობაზე იყო, რომ ეს პარტიული ღონისძიება იყო?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ქართულ საბრძოლო ხელოვნებას წარმოვადგენთ და ჩვენთან, როგორც ერთი წყვეტს საკითხს, ისე წყვეტს ყველა. როდესაც ჩვენს რომელიმე წევრს არ უშვებენ, მით უმტეს, ლაშა კობახიძე და მამუკა მახარაძე ჩვენი ორგანიზაციის უფროსი წევრები არიან, აქ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ყველას ერთი და იგივე აზრი გვქონდა. ამიტომ მივედით, გავახმოვანეთ ეს აზრი და ამის შესახებ ორგანიზატორებს ვუთხარით. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და ცუდი ის იყო, რომ მათ შეექმნებოდათ პრობლემები, მაგრამ ჩვენს თავს ნამდვილად ვერ გადავაბიჯებდით და ვერ წავიდოდით ისეთ რამეზე, რაც ჩვენში არ ზის.
ანუ, დიდგორზე ჩვეულებრივი არაპარტიული ადამიანები არ გინახავთ?
- შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ საერთოდ არ მინახავს ჩვეულებრივი ადამიანები. ყველანი ამ მაისურებსა და ქუდებში იყვნენ გამოწყობილნი. არ ვიცი, ამ ადამიანებში, შესაძლოა, ვინმეს შინაგანად სადიდგორო-საზეიმო განწყობა ჰქონდა, მაგრამ გარეგნულად ეს არ იგრძნობოდა.