სად ემალებიან ზაფხულის ხვატს ცნობილი ქართველები

სად ემალებიან ზაფხულის ხვატს ცნობილი ქართველები

ზაფხულის ამ ცხელ დღეებში მუშაობა თქვენ ბუკლიკოსაც კი გაუჭირდა. ყველა ჩემი რესპონდენტი სადღაც ისვენებს და ცოტა არ იყოს, გულიც კი მწყდება, მათ შორიდან მაინც რომ ვერ ვუთვალთვალებ. ხომ იცით, ჩემს თვალსა და ყურს არაფერი არ უნდა გამორჩეს. ამიტომ გადავწყვიტე მათთვის დამერეკა ან "ფეისბუქზე" შევხმიანებოდი და გამერკვია, სად და როგორ ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს. თუმცა ბუკლე რისი ბუკლეა, თქვენთვის სხვა საინტერესო ცხელ-ცხელი ამბები არ გამოეჩხრიკა.

კრისტი ყიფშიძე:
- ძალიან მიყვარს ზაფხული. ივნისიდან ვიწყებ აუზზე სიარულს. წელსაც ნატაშკასთან ერთად დავდიოდი აუზზე, მერე ყაზბეგში ვიყავით მე და ჩემი შვილი, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ძალიან მიყვარს მთა. ახლა ზღვაზე ვგეგმავთ წასვლას, ოღონდ ჯერ ვერ გადავწყვიტე, სად წავიდე. ვაპირებ ეს ზაფხული მთლიანად დასასვენებლად გამოვიყენო. მშვიდ გარემოში მირჩევნია დასვენება. ხმაურიანი ადგილები და "ტუსოვკები" თბილისშიც მეყოფა.

ნინო ძოწენიძე:
- შემოქმედებით წვაში ვარ. ძალიან დატვირთული ზაფხული მქონდა. სამ სიმღერაზე ერთად ვმუშაობდი. ერთი ინგლისურენოვანია. ორი მათგანი გიგამ (ქმარს, გიგა კუხიანიძეს გულისხმობს - ავტ.) დამიწერა, ერთი ჩემია. ძალიან გადავიღალე, რამდენიმე დღეში აჭარაში მივდივარ ოჯახთან ერთად. დასვენება ნამდვილად მჭირდება.

მარკუს მეტრეველი:
- ეს ზაფხული საქართველოს საოცარი კუთხეების მონახულებით გავილამაზე. ივლისის ბოლოს წაღვერში ვიყავი ჩემს დიდ სამეგობროსთან ერთად და არაჩვეულებრივი დრო გავატარე. მინერალური წყლებით ვისიამოვნე. ჩავდიოდით ბორჯომშიც. თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი და საქართველოზე ლამაზი ადგილები არსად მინახავს. იმ სიამოვნებას, ბუნების სილამაზით ტკბობას სხვაგან ვერსად ვიღებ. საქართველოზე ლამაზი და დახატული ქვეყანა არსად მეგულება. აქ სხვანაირად გიღიმის ბუნება, სხვანაირად სუნთქავ ჰაერს.

წვიმაც კი სხვანაირია ჩვენს სამშობლოში. თან ირგვლივ ყველაფერი კეთდება. ისე მიხარია, განახლებულ ადგილებს რომ ვხედავ, ასე მგონია, სახლში ვაკეთებ რემონტს (იცინის). ბორჯომიც სულ ხარაჩოებშია ჩასმული. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ულამაზეს სახეს მიიღებს. ახლა დუბაიში ვარ ჩემს ორ მეგობართან ერთად.

მე და ჩემს შემოქმედებით ჯგუფს ფოტოსესია გვაქვს დაგეგმილი ბარსელონაში და იმედი მაქვს, ამ იდეასაც განვახორციელებ... ზღვას ბავშვობიდან ვარ შეჩვეული და უკვე მომბეზრდა. ყველა ბათუმში მიდის და ეს ჩემთვის ბანალურია. ძალიან მიყვარს ბათუმი, ულამაზესი კურორტია, მაგრამ იქ რომ ჩავდივარ, იგივე ხალხი მხვდება, ვისაც თბილისის ქუჩებშიც ვხედავდი. ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა მირჩევნია. ძალიან მიყვარს მთა და ბუნება. მოვინახულე ადგილები, სადაც სამომავლოდ კლიპის გადაღებას შევძლებ.

- "ფეისბუქში" შენი ერთი ფოტო ვნახე საწოლში, კლიპის გადაღების დროსაა გადაღებულიო, აწერია. სად გადაიღე და რომელი სიმღერის კლიპზეა ლაპარაკი?
- ეს არის "რადისონში" გადაღებული ფოტო. ბერძნულ სიმღერაზე ვიღებ კლიპს და ის კადრებია აღბეჭდილი.

თიკო ნატროშვილი:
- დასვენებას ახლა ვგეგმავ. აგვისტოს ცხელ დღეებს ბათუმში გავატარებ ჩემს შვილთან ერთად. სამსახურის გამო ჩემი მეუღლე მხოლოდ რამდენიმე დღით დარჩება ჩვენთან... დასასვენებლად მშვიდ გარემოს ვამჯობინებ. რაც თავი მახსოვს, მთელი წალი აქტიური, დატვირთული და ქაოსური მაქვს. ამიტომ ზაფხულს ძალების აღსადგენად ვიყენებ ხოლმე. ამისთვის მზე და წყალი მჭირდება. მთა ზამთარში მიყვარს. თხილამურებზე ვსრიალებ. სპორტული აქტივობა ცხოვრებაში სტიმულს და ახალ მუხტს მაძლევს. ახლაც აქტიურად ვვარჯიშობ. ერთ-ერთ სატრენაჟორო დარბაზში ვცურავ და ვირუჯები. ეს რაც თბილისის პირობებშია შესაძლებელი, დანარჩენს ბათუმში გავაგრძელებ.

ნიკა არაბიძე:
- მე ვერ ვისვენებ, "ლოტოს" გათამაშება მიმყავს და თბილისს შემოვრჩი ჯერჯერობით. ცოლ-შვილი გავუშვი მთაში, ბახმაროში არიან. მერე ზღვაზე წავლენ და ჩავაკითხავ ალბათ მეც 2-3 დღით, თუ მეღირსა დასვენება.

- მოკლედ, გადაგიყოლებს "რუსთავი 2"...
- (იცინის) ჰო და მერე იტყვიან, რა კარგი კაცი დავკარგეთო.

- რაც დუტამ "რუსთავი 2" დატოვა, იმედოვნებენ, რომ "იღბლიან ბორბალს" შორენასთან ერთად შენ გაუძღვები. ხომ არ შემოუთავაზებიათ უკვე ამ გადაცემის წამყვანობა?
- არა.

- თუ შემოგთავაზებენ, დათანხმდები?
- მოკლედ "კაგებე" ხარ, რაა (იცინის). არ შემოუთავაზებიათ ჯერ და რა ვიცი წინასწარ, რას ვიზამ. რომ შემომთავაზებენ, შენ გეტყვი პირველს.

დავით გოგიშვილი (ციყვი):
- წელს პირველი სერიოზული დასვენება მქონდა ბერას სტუდიაში, როცა დავტოვეთ ის სამუშაო და ის ფსიქო-მორალური გარემო, რაც წინა სამსახურში გვქონდა და გავაცნობიერე, რომ იქ აღარ ვმუშაობდი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, არსებობს სამსახურები, სადაც შეიძლება მორალური შვება იგრძნო ადამიანმა და ეს არანაკლები რელაქსაციაა, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტის მეწილეები რომ აღნიშნავენ შვილის დაბადებას თანამგზავრული ხილვადობითაც კი მიუწვდომელ კუნძულზე... ძალიან დაძაბული გრაფიკი გვაქვს, ტელევიზიის ეთერში გასასვლელად ვემზადებით, ბევრი გადაღება გვაქვს. ამიტომაც ტელევიზიის შემდგომი წარმატებისთვის შეველევი შვებულებას.

- ზოგადად როგორ დასვენებას ანიჭებ უპირატესობას?
- ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, რომ კომუნიკაბელურობის, ახალი მეგობრების შეძენისა და მარაქაში გარევის ფანი ვარ. დასვენების დროს ძალიან ვგავარ ინდოეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, მაჰათმა განდის. ისიც სულ ხალხთან იყო (იცინის). ახალგაზრდულ ასაკში დასვენება იმისთვისაა, რომ "რესტარტი" გააკეთო, შენი გონების ფსიქო-მორალური ვინდოუსი გადააყენო და არა პროფკავშირების "პუტიოვკით" წახვიდე საირმეში აბაზანების მისაღებად.

- დათო, ზღვა გირჩევნია ზაფხულში თუ მთა?
- წელს ჩემს რევოლუციური რომანტიკის "ბაითში", რომელიც ზაფხულში ძალიან ემსგავსება რუსთავის მეტალურგიის საგლინავი მილების საამქროს, მომცრო "ზიმა-ლეტა" დავიდგი, რითაც ძალიან დავაფასე მთა, ამიტომ წელს მთას ვამჯობინებ. ორივე, მთაც და ზღვაც რომ ჩავატიო, მაშინ სააკაშვილივით სინათლის სიჩქარით უნდა ვიარო და ასეთი მაგარიც არ ვარ.