სოციალური რეკლამა „ნაციონალურად“

სოციალური რეკლამა „ნაციონალურად“

„მაუწყებლობის შესახებ კანონის“ 65-ე მუხლის თანახმად, სოციალურ რეკლამას მაუწყებლები ეთერში უსასყიდლოდ განათავსებენ. ხოლო „რეკლამის შესახებ კანონის“ მე-12 მუხლში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ სოციალური რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე, მის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ქართულ რეალობაში ხშირად, ამ ნორმის გვერდის ავლით, სოციალური რეკლამის სტატუსით ტელევიზიით მმართველი პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ფარული რეკლამა გადის. რა თქმა უნდა, ძირითადად ეს ე.წ. სახელისუფლო სატელევიზიო არხებს ეხება, „რუსთავი2“-ს, „იმედს“ და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საოზგადოებრივ მაუწყებელსაც. ამგვარი შედეგით დასრულდა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 18 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით წარმოებული მედია-მონიტორინგი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბრის გამოცხადების შედეგად ოფიციალურად წინასაარჩევნო პერიოდი 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც ბევრი სპეციფიური რეგულაცია ამოქმედდა. ეს შეზღუდვები 1-ლ აგვისტომდე პერიოდს არ ეხება, მაგრამ „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ სოციალური რეკლამის სტატუსით ფარული პოლიტიკუი რეკლამის გაშვება ყველა პერიოდში სერიოზული დარღვევაა. ამასთანავე, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ფარული რეკლამის დეფინიცია ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს და ამიტომ დროა, რომ ამ საკითხზე შესაბამისმა უწყებებმა მუშაობა დაიწყონ.

მისი თქმით, ვინაიდან რეკლამას სოციალური რეკლამის სტატუსს თავად მაუწყებლები ანიჭებენ, „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 6 სატელევიზიო არხს - „რუსთავი2“-ს, „იმედს“, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „მაესტროს“, „კავკასიას“ და „მეცხრე არხს“ სთხოვა, წარმოედგინათ იმ რეკლამების სია, რომლებსაც აღნიშნული არხები სოციალური რეკლამის სახით ე.წ. პრაიმ-თაიმში, ანუ საღამოს 7-დან 12 საათამდე პერიოდში უშვებენ. ორგანიზაციის თხოვნას მხოლოდ სამი არხი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ გამოეხმაურნენ. ამდენად, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მედიამონიტორინგის პერიოდში იმის განსაზღვრა დანარჩენ სამ არხზე რომელი იყო სოციალური რეკლამა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სოციალურ რეკლამას რაიმე მინაწერი არ აქვს.

აქვე ორგანიზაციის მონიტორს, ალეკო ცქიტიშვილს მაგალითად მოჰყავს რამდენიმე სარეკლამო რგოლი, რომელიც თითქოს, სოციალური რეკლამის სტატუსით სარგებლობს, მაგრამ რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ფარულ რეკლამას ეწევა.

„2012 წლის 23 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან მიღებული სოციალური სტატუსის მქონე რეკლამების ჩამონათვალში შედის შემდეგი რეკლამები: „დამზადებულია საქართველოში“, „მე მიყვარს თბილისი“, „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“.

კლიპში „დამზადებულია საქართველოში“ წარმოდგენილია გემის აგების პროცესი. რეკლამა მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. გემბანზე მუშა აკეთებს წარწერას „სანაპირო დაცვა“. რეკლამის ბოლოს ჩნდება წარწერა - www.police.ge. აღნიშნული რეკლამა ვერ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. „რეკლამის შესახებ კანონში“ წარმოდგენილი დეფინიციით, სოციალური რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. რეკლამის ბოლოს აღნიშნული წარწერა www.police.ge არის სამთავრობო დაწესებულების - შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ოფიციალური ვებსაიტი. სანაპირო დაცვის სამსახური კი, რომლის შესახებაც მუშა გემბანზე წარწერას აკეთებს, შსს-ს ორგანოა. გემის აგების შემდეგ რეკლამაში კონკრეტული სახელმწიფო უწყების ვებგვერდისა და მისი ორგანოს მსგავსი ფორმით გამოჩენა ხაზს უსვამს ამ კონკრეტული უწყების მიღწევებს. რეკლამის შინაარსიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა თუ საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ არის იგი მიმართული, რაც აუცილებელი რეკვიზიტია იმისათვის, რომ რეკლამა სოციალურად ჩაითვალოს.

ვიდეორგოლში - „მე მიყვარს თბილისი“ პირდაპირ არ ხდება საქართველოს სამთავრობო დაწესებულების საქმიანობის რეკლამირება, თუმცა გამოყენებული კადრები მიუთითებს იმ მიღწევებზე, რომლებიც მაყურებლისთვის მოქმედ ხელისუფლებასთან ასოცირდება. კლიპის მთელი მსვლელობის მანძილზე განახლებული თბილისის კადრები ტრიალებს. ერთმანეთს ენაცვლება მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ისეთი პროექტები, როგორიც არის რეკონსტრუირებული გმირთა მოედანი, მუნიციპალური ტრანსპორტის ელექტრონული სტენდები, რესტავრირებული შენობები, ახალი ხიდები, გზები, თეატრები. კლიპიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა თუ საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ არის იგი მიმართული“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი. 

მისი თქმით, მონიტორინგის პერიოდში გასულ სოციალური სტატუსის მქონე კიდევ ერთ რეკლამას, რომელიც სცდება სოციალური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციის ფარგლებს, წარმოადგენს სარეკლამო რგოლი - „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“.

აღნიშნულ რეკლამაში თბილისის მერია წინასწარ აანონსებს ინფორმაციას სექტემბრიდან თბილისში უფასო ინტერნეტის გავრცელების შესახებ. რეკლამაში გამოყენებული სლოგანი - „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“ საზოგადოებას ჰპირდება ისეთ სიკეთეს, რითაც მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. თბილისში უფასო ინტერნეტის ამოქმედება, მართალია, საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენაა მიმართული, მაგრამ ამის მიუხედავად, უფასო ინტერნეტის შესახებ სარეკლამო რგოლს ვერ ექნება საქველმოქმედო მიზანი.

„გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში სლოგანი - „უფასო ინტერნეტი თბილისისმერიისგან“ საარჩევნო დაპირებადაც შეიძლება აღვიქვათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის მერი და მერიის სხვა მაღალჩინოსნები პერიოდულად ერთვებიან ხოლმე მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში და შესაბამისად, ამ საარჩევნო სუბიექტთან არიან გაიგივებული. ქალაქ თბილისის მერიისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების მიერ განხორციელებული თუ განსახორციელებელი პროექტები ხშირად არის მმართველი პარტიის ლიდერების სასაუბრო თემა ამომრჩევლებთან

შეხვედრებზე. თანაც, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი, გიგი უგულავა, საქართველოს მთავრობის მინისტრები, სამხარეო ადმინისტრაციებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები იმავდროულად არიან მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ასეთი პოლიტიკური სისტემის პირობებში, ამომრჩევლისთვის მეტად რთული ხდება ხელისუფლების საქმიანობისა და პარტიული აქტიურობის გამიჯვნა“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, ფარული რეკლამის ნიშნებია „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ გასულ „კავკასუს ონლაინის“ კომერციულ რეკლამაში სახელწოდებით „ქალაქში კარგი ინტერნეტია.“ რეკლამის ბოლოს ისმის ფრაზა - „კარგი ინტერნეტი იწყება ხუთი მეგაბიტიდან“ - და წითელ ფონზე ჩნდება ციფრი 5, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერს წარმოადგენს, რომელშიც ასევე წითელი და თეთრი ფერები ფიგურირებს. აღნიშნული ფორმით ციფრი 5-ის წარმოდგენა, ცქიტიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოს ასოციაციას იწვევს.

მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოკვლეული იყო აგრეთვე, რომელ სატელევიზიო არხზე რომელ პოლიტიკურ სუბიექტს ან სოციალურ რეკლამას ვხედავთ ყველაზე ხშირად და რომელ მათგანს ეთმობა ყველაზე მეტი დრო. შედგები ასე განაწილდა: საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე ხშირად სამთავრობო უწყებების რეკლამები გავიდა. ამავე დროს - „დამზადებულია საქართველოში“, „მე მიყვარს თბილისი“, „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“, „ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი“ და ბიზნესომბუდსმენი გავიდა სოციალური რეკლამის სტატუსით. ყველაზე ხანგრძლივი დრო დაეთმო რეკლამებს: „რაჭა ჩემი სიყვარეული“ (15%), „ანაკლია გულითადად გელით“ (13%), „უფასო ინტერნეტი თბილისის მერიისგან“ (12%), „მე მიყვარს თბილისი“ (9%).

რაც შეეხება სუბიექტებს, საზოგადოებრივ მაუწყებლებზე ამ მხრივ ყველაზე მეტი დრო დაეთმო ჯანდაცვის სამინისტროს (30%), „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ (14%), საკონსტიტუციო სასამართლოს (13%), საქართველოს მთავრობას (10%), საქართველოს პირველ ლედის (6%).

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ რადგანაც „რუსთავი2“-მა მათ შეკითხვას არ უპასუხა, უცნობია, ზუსტად რა სტატუსით გავიდა სამთავრობო უწყებების საქმიანობის ამსახველი რეკლამები - სოციალური რეკლამის სტატუსით თუ დაფინანსებული წესით, ხოლო რეკლამების განთავსების დინამიკა ამ არხზე ასეთია - ყველაზე ხშირად გასული რეკლამა არის „კავკასუსი - ქალაქში კარგი ინტერნეტია“ (17%), ჯანდაცვის პოლისი (10%), დასაქმება (10%), ნაციონალური მოძრაობა (9%), „დამზადებულია საქართველოში“ (9%). „რუსთავი2“-ის სარეკლამო დრო კი ასე განაწილდა - „ჯანდაცვის პოლისი“ და „მე მიყვარს ანაკლია“ 11-11%, ბათუმის რეკლამა (8%), დასაქმება (7%), „კავკასუსი - ქალაქში კარგი ინტერნეტია“ (6%).

და ბოლოს, ნიშანდობლივია, როგორ მოხდა „რუსთავი2“-ის სარეკლამო დროის განაწილება სუბიექტებზე. კერძოდ, ყველაზე მეტი, ანუ დროის 39% დაეთმო ბიძინა ივანიშვილს ანტირეკლამას. აღნიშნული რეკლამები შეიცავს ამონარიდებს „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებიდან. სარეკლამო რგოლებში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლების ისეთი ფრაგმენტებია შერჩეული და დამონტაჟებული, სადაც პოლიტიკოსს ენა ებმის, სიტყვები ავიწყდება, ან მათ არასწორად წარმოთქვამს. ყოველი რეკლამის ბოლოს კადრზე ჩნდება წარწერა „ქართული ოცნება?“ ქვეტექსტით - ეს არის ქართული ოცნება? „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ ამგვარი რეკლამის განთავსება კანონის დარღვევაა.

„აღნიშნული რეკლამები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პირის შესაძლებლობებს ისეთი თვისების გამო, როგორიც არის მეტყველება. რეკლამებში ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ პირი ვერ საუბრობს სწორად და აუდიტორიის წინაშე ისმება კითხვა ქვეტექსტით - განახორციელებს თუ არა ეს პირი ქართულ ოცნებას? შესაბამისად, აღნიშნული რეკლამები შეიცავს არაეთიკური რეკლამის ნიშნებს, რომელთა ეთერში გაშვება მაუწყებლებს ეკრძალებათ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რომელიც ამბობს, „იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება“, - განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც, ძირითადად ისეთი რეკლამები გადის, რომელიც თითქოსდა სოციალურ რეკლამას წააგავს, მაგრამ ფარულად „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამის ნიშნებს შეიცავს. „იმედის“ ეთერში ყველაზე ხშირად გავიდა რეკლამები „ანაკლია გულითადად გელით“ (39%), „ისწავლე დღეს, დასაქმდი ხვალ“ (7%), ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა (4%) და ა.შ. სუბიექტებიდან კი ყველაზე მეტი დრო, 26% დაეთმო საქართველოს ხელისუფლებას.

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ყველაზე ხშირად გავიდა რეკლამები „არჩევანი ჩემია“ (31%), „ქართული ოცნება“ (24%), „სამართლიანი არჩევნებისთვის“ (16%), გაზეთი „თავისუფალი საქართველო“ (14%) და ბიძინა ივანიშვილის ანტირეკლამა, „ოცნება?“ (11%). დაახლოებით იგივენაირად ნაწილდება „კავკასიის“ სარეკლამო დრო. ხოლო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი დრო კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ეთმობა (57%).

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ყველაზე ხშირად გასული რეკლამების ჩამონათვალი ასეთია - „ქართული ოცნება“ (66%), „თავისუფალი საქართველო (14%), ამომრჩეველთა ლიგა (12%) და გაზეთი „თავისუფალი საქართველო“ (8%). დაახლოებით იგივენაირად არის „მაესტროს“ სარეკლამო დროც განაწილებული.

ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირად გავიდა ივანიშვილის აქციის ანონსი (34%), „ეს შენ გეხებას“ რეკლამა (34%), „ამომრჩეველთა ლიგა“ (17%) და ივანიშვილის აქცია გორში (15%). სარეკლამო დროც მცირედი ცვლილებებით იგივე რეკლამებზე ნაწილდება, ხოლო რაც შეეხება ამ დროის სუბიექტებზე გადანაწილებას, „მეცხრე არხის“ ყველაზე მეტი სარეკლამო დრო ბიძინა ივანიშვილს ეთმობა (49%).