სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავის, ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოებული როინ (რომა) შავაძის მკვლელობიდან ოთხი წლისთავზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს “შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ნომერი მიანიჭა და ჯარისკაცის ოჯახსა და ადვოკატს შესაბამისი დოკუმენტიც გამოუგზავნა. ამის შესახებ for.ge-ს განუცხადა ჯარისკაცის ქვრივმა ციცინო შავაძემ და მისი უფლებების დამცველმა, ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
როინ შავაძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე წლის 1 მაისს გაიგზავნა. სხვადასხვა მუხლებთან ერთად, ჯარისკაცის ოჯახი და ადვოკატი ევროპული სასამართლოსგან როინ შავაძის წამების მსხვერპლად აღიარებას ითხოვენ.
როინ შავაძე მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში დღემდე ეჭვმიტანილად ითვლება, ჯარისკაცის ქვრივი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ისევ არ უცვნიათ, ხოლო შავაძეების ადვოკატს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას კვლავ არ აძლევენ.
ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ “საგამოძიებო მოქმედებები მიზანმიმართულად არ ხორციელდება, ვინაიდან ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავად არიან როინ შავაძის მკვლელობის დამკვეთები“.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს საომარი მოქმედებებიდან სახლში ორი დღის დაბრუნებული როინ შავაძე 2008 წლის 16 გავისტოს ბათუმში წამებით მოკლეს და პარალელურად, მისი “მოღალატეობის“ შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. მოგვიანებით, ამგვარი განცხადებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გაკეთდა.
თუ ადამიანი მართლა მოღალატე იყო, მაშინ, საინტერესოა, საჯაროდ რატომ არ გაასამართლეს და რატომ დახვრიტეს?! როინ შავაძის მკვლელობის ირგვლივ 2008 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე არაერთი სტატია, მოკვლევა და ინტერვიუ გამოვაქვეყნე, მაგრამ ცხედრის ფოტოების გამოქვეყნებაზე დღემდე თავს ვიკავებ, იმდენად მძიმე სანახავია - სხეული მთლიანად დაცხრილულია, ხელი და თავი შემოკერილი, თითები დამტვრეული და კანზე ჩამოკიდებული.
“იმას, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან მკვლელობის დამკვეთები, პარლამენტის ტრიბუნიდან გივი თარგამაძის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს. მან თქვა, რომ თითქოსდა როინ შავაძის საეჭვო რეპუტაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე ჰქონდათ. გივი თარგამაძისგან რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის იმჟამინდელმა უფროსმა, ბატონმა გოგავამ. მას ომის საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის სხდომაზე, როინ შავაძის შესახებ კითხვა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაუსვა. გოგავამ უპასუხა, რომ ჯარისკაც როინ შავაძესთან არანაირი პრობლემა და პრეტენზია არ გააჩნდა.
გოგავას პასუხი ცხადყოფს, რომ როინ შავაძე მიზანმიმართულად გაანადგურეს. რეალურად როინ შავაძე თუ საეჭვო რეპუტაციით სარგებლობდა, მოღალატე და ქვეყნისთვის საშიში იყო, ამის შესახებ აუცილებლად უნდა სცოდნოდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსს. ეს ბრალდება გამოგონილი და შეთითხნილი, რომ არის, ამას ისიც ადასტურებს, რომ გამოძიების მიხედვით როინ შავაძე ეჭვმიტანილად იმის გამო დააკავეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და გადაზიდავდა“, - ამბობს რამინ პაპიძე.
ოფიციალური ვერსიით, ნარკოტიკული დანაშაულის გამო დაკავებული როინ შავაძე თბილისში გადმოყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას მოკლეს, მაშინ, როცა წინა მხრიდანაა დაცხრილული. არაოფიციალური ვერსიით, შავაძე ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი არაერთი ფაქტის თვითმხილველი გახდა, რის გამოც ის თავიდან მოიშორეს.
ამჟამად აჭარის პროკურატურაში გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - ეჭვმიტანილ როინ შავაძის სისხლის სამართლის საქმე არსებობს და ასევე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიდის.
ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულია შავაძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი, ოღონდ მოწმის სტატუსით. მაგრამ დაკითხვისას ვინ რა და როგორ თქვა, ეს რამინ პაპიძისთვის ჯერჯერობით უცნობია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქმის მასალების გაცნობის ნებას არ რთავენ.
შავაძის საქმის გამოძიებით დაინტერესებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რის შესახებაც გასულ წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ დასკვნაშიც აღნიშნეს.
საქართველოს შესახებ მომზადებულ ვრცელ დოკუმენტში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილში, სადაც საუბარია საქართველოში “პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების დაცვაზე“ და მათ შორის “სიცოცხლის თვითნებური ან უკანონო ხელყოფის“ ფაქტებზე, როინ შავაძის შესახებ შემდეგი რამ წერია:
“ადგილი არ ჰქონია შემდეგ წინსვლას და ის მოსალოდნელი არაა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით. არსებული ბრალდებების თანახმად, როინ შავაძე პოლიციამ 2008 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, 2008 წელს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფს გადასცა; წლის ბოლოს გამოძიება გრძელდებოდა“.