არ გამოგრჩეთ ხვანჭკარა!

არ გამოგრჩეთ ხვანჭკარა!

ქართული ღვინო – მათ შორის სტალინის საყვარელი წითელი – რუსული ემბარგოს დამანგრეველი ეფექტის შემდეგ, ბრუნდება.

გასული წლის შემოდგომის ერთ შაბათ–კვირას საქართველოს ისტორიული დედაქალაქის, მცხეთის კათედრალური ტაძრის – სვეტიცხოვლის მიმდებარე რიყის მოედანზე არომატული სურნელის სქელი ღრუბელი ჩამოწოლილიყო. გრძელი შინგამომცხვარი შოთის პურები, ხვეული მარილიანი ყველი პელმენებისა და ხბოს „ბარბექიუს“ მწვადების გვერდით ელაგა. ღვინის მოყვარულთა გამოფენაზე, ლალისფერი, ოქროსფერი და ქარვისფერი ღვინოებით სავსე ბოთლები ციმციმებდა მზის სხივებზე, ქართული სტუმართმოყვარეობის აღსანიშნავად ტურისტები ქება–დიდებას არ იშურებდნენ ინგლისურ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე… „ეს ღვთიური ღვინოა“, იმეორებდა კონორ მილსი, ლონდონიდან ჩამოსული მეწარმე, რომელიც ქალაქში იმყოფებოდა რთველის ფესტივალის დროს – მოსავლის ტრადიციული დღესასწაულის პერიოდში, როდესაც ქართველი მეღვინეები სარდაფებში ჩადიან ბოთლების გასახსნელად, რათა გამომწვარი თიხის დოქებიდან სადღესასწაულო სუფრის წევრებს გულუხვად გაუმასპინძლდნენ.

ფესტივალზე, რომელიც გეოგრაფიულად სრულიად საქართველოს მოიცავს – კახეთის, იმერეთის, ქართლის რეგიონებიდან დაწყებული, რაჭის მაღალმთიანეთითა და ზღვისპირა გურიით დამთავრებული, განწყობილება უმაღლესი იყო. ადრე ქართული ღვინოების წარმოება ნელი ტემპით ვითარდებოდა: 2011 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტი სხვა 48 ქვეყნის მიმართულებით მოახდინა, რაც 2007 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30% -იან მატებას ნიშნავდა. გასულ შემოდგომაზე მეღვინეებმა დიდი მოსავალი მოიწიეს, რამაც 2012 წელს ღვინის წარმოების მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა. კარგი განწყობის აღსანიშნავად ფერმერებმა პოლიფონიური სიმღერები შეასრულეს, წარმოთქვეს ქართული ღვინის აღორძინებისადმი მიუძღვნილი გრძელი, ემოციური სადღეგრძელოები. ბოლოსდაბოლოს, რამდენიმე წლის წინ ის ხომ სულ ახლოს იყო კატასტროფასთან.

ქართული ღვინო ათწლეულის შუაში, მოსკოვსა და თბილისს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, პირველი, სიმბოლური მსხვერპლი გახდა. 2006 წელს რუსეთმა ქართული ღვინის ხარისხი მიუღებლად, არასათანადოდ მიიჩნია და ქვეყანაში საქართველოდან ყოველგვარი იმპორტი აკრძალა. რუსები, რომელთაც მოენატრათ კარგი საფერავის ნამდვილი გემო, წინანდლის მაცოცხლებელი ხმა და ხავერდოვანი, ჟოლოსფერი, ყველასგან გამორჩეული ხვანჭკარა (სტალინის საყვარელი სასმელი) კონტრაბანდული გზით შევიდა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან. იაფფასიანმა ჩილიურმა მერლომ და სოვინიონმა სწრაფად შეავსეს რუსეთის ღვინის მაღაზიების ცარიელი თაროები.

ემბარგომ ქართველი მეღვინეები თითქმის გაანადგურა. იმ წელს მათ წარმოებული ჰქონდათ უკვე 68 მილიონამდე ბოთლი რუსეთში გასაგზავნად, რაც ქვეყნის საექსპორტო ღვინის თითქმის 90%–ს შეადგენს. უდიდესმა ექსპორტიორმა, თელავის ღვინის მარანმა, სამუშაოდან ათობით მუშა დაითხოვა. ამ დროს სხვა ღვინის მწარმოებლებმა, როგორიცაა ბადაგონი, თბილღვინო და ქინძმარაულის მარანი, ეს თავზარდამცემი მომენტი ინოვაციის შესაძლებლობისა და მოძველებული მეთოდების განახლებისათვის გამოიყენეს. ისინი არ შეეპუენ ემბარგოს, გამოაცხადეს თავიანთი პროდუქცია, როგორც „თავისუფალი ღვინო“, საბჭოური ეპოქის დროინდელი ლითონის კასრებისა და დაჟანგული ცისტერნების ნაცვლად ააგეს თანამედროვე ღვინის საწარმოები და მოაწყვეს საუკეთესო დასავლური აღჭურვილობით. მათ ასევე მოიწვიეს ფრანგი და იტალიელი ექსპერტები საკონსულტაციოდ – თუ როგორ უნდა გადაექციათ საქართველო სამოთხედ ღვინის მოყვარული ტურისტებისათვის.

მათმა წინასწარჭვრეტამ დიდებულად გაამართლა: 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, ღვინოსთან დაკავშირებული ტურიზმის მაჩვენებელი 39%–ით გაიზარდა. ღვინის ქვეყანა – საქართველო პეიზაჟებითა და არქიტექტურით ტოსკანას გვაგონებს, თუმცა განსხვავდება ტურისტთა ნაკლები რაოდენობითა და გაცილებით იაფფასიანი რესტორნებით. ანტიკური მონასტრები ამშვენებენ გარემოს, სადაც თავად ძველმა მეღვინეებმა – ეპისკოპოსებმა დააყენეს წმინდა ღვინო სახელწოდებით „ოქოს გზა“. ლეღვისა და ვაზის ნარგავებით გაშენებული ახალი მაგისტრალი კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ღვინის ყველაზე სახელგანთქმულ რეგიონს – კახეთს.

ზემოხსენებულ გზას თუ გაუყვება, სტუმარს შეუძლია შეჩერდეს და დააჭაშნიკოს გამორჩეული, უგემრიელესი ქართული ჩამოსხმები – ალავერდის ხილის ტრადიციული და შატო–მუხრანი მწვანე – თეთრი ქლიავისა და მაყვალის არომატით, ყვავილოვანი Kakheti Noble, რასაც მშვენივრად ერწყმის ყურძნის წვენის, კაკლისა და ფქვილისაგან დამზადებული ტრადიციული კახური ჩურჩხელები. ყვარელში, ხარებას მარანში, სადაც ადრე საბჭოური ფაბრიკა მოქმედებდა, კახეთის მთების სიღრმეში, შენობის აივანზე გასვლა მნახველებს საშუალებას აძლევს დატკბეს ვენახების საერთო ხედით და მოისმინოს ტრადიციული ქართული სადღეგრძელო: „მოდით, ამ პატარა ჭიქითა და დიდი გრძნობით იმათ გაუმარჯოს, ვინც ახლა აქ, ჩვენთან არ იმყოფება და ამ მშვენიერებით ვერ ტკბება“.

უფრო მოშორებით, ამავე გზაზე იხილავთ მე–11 საუკუნის ძეგლს, ალავერდის მონასტერს, სადაც ეპისკოპოსები მსახურებენ, გიგანტურ მიწისქვეშა ქვევრებში აყენებენ ქარვისფერ ღვინოს. მახლობლად აგრეთვე ჟან–ჟაკ იაკობის თონეც არის. ბოულენგერი აქ საფრანგეთიდან ხუთი წლის წინათ ჩამოვიდა, სურდა რა ქართული ტრადიციული პურის ცხობის საიდუმლოს ჩაწვდომოდა. კახეთის მრავალ ოჯახში ღვინოს მთელი წლის განმავლობაში მიირთმევენ. რეგიონის ყველა მცხოვრებს, როგორც წესი, საკუთარი მარანი ან ღვინის სარდაფი აქვს, სადაც ისინი ერთ ადამიანზე საშუალოდ 450 ლიტრ ღვინოს ინახავენ. უფრო დიდი ზომის ღვინის საწარმოები კი, მინისა და ფოლადისაგან დამზადებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს მოგვაგონებს, რომლებიც კავკასიონის დათოვლილ მწვერვალებზეა განთავსებული.

თვალშისაცემია ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2003 წლამდე, რეგიონული დედაქალაქის – თელავის გარეთ, ყველაფერი, რისი ხილვაც ტურისტს შეეძლო, ეს იყო რამდენიმე ღარიბული საკუჭნაო, სადაც წინსაფრებში გამოწყობილი ადგილობრივი დიასახლისები გაცვეთილი ჯაგრისებით ბოთლებს რეცხავენ და საფუარით გამდიდრებული ღვინით ავსებენ (ადრე სარდაფში იმ რეზინის მილებს იყენებდნენ, რომელიც ტალახიან გუბეებში მიიკლაკნებოდა). ამჟამად კი, 10 წელზე ოდნავ ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, ახალი „ქინძმარაულის მარნის“ ნაგებობა თანამედროვეობის სიმბოლოა, ბრწყინვალე DELLA TOFFOLA-ს აღჭურვილობითა და საერთაშორისო სტუმრებით. ამ ქარხანას, ერთი ბოთლისთვის 15–20 ევროს ფასად, 2 მილიონი ბოთლი მშრალი და ნახევრადტკბილი ღვინო გააქვს ყოველწლიურად უკრაინაში, პოლონეთში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბელორუსსა და შეერთებულ შტატებში. რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ბადაგონის ქარხანა მდებარეობს – ერთობლივი ქართულ–იტალიური საწარმო, არქიტექტურული საოცრება, რომელსაც 18 სახეობის ღვინო გააქვს 12 ევროპულ ქვეყანაში.

დღესდეობით ქართველი მეღვინეები ემბარგოს გამო რუსეთს ემადლიერებიან კიდეც, რადგან ამან მათი შთაგონება და მეთოდების გაუმჯობესება გამოიწვია, მაგრამ უმრავლესობა მაინც იმას იმეორებს, რომ ისინი ბედნიერნი იქნებოდნენ, თუკი რუსეთის ბაზარს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა უფრო ხარისხიანი პროდუქციით, ვიდრე მასობრივად წარმოებული იაფფასიანი ღვინით. ”თუკი რუსები ორი–სამი წელი დაელოდებიან ემბარგოს გაუქმებას, მთელი ჩვენი საუკეთესო ღვინოები ჩინეთისაკენ, კანადისაკენ, ევროპისაკენ და შეერთებული შტატებისაკენ წავა“, ამბობს დიმიტრი ლებანიძე, „ქინძმარაულის მარნის“ ღვინის ქარხნის დირექტორი. მაგრამ კერძო მეწარმეებისაგან განსხვავებით, ქართულ ოფიციოზს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების არანაირი სურვილი არ გააჩნია, თუკი იქ გრანდიოზული რეფორმები არ გატარდება. ,,რუსეთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“, განმარტავს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ბაკურ კვეზერელი.
foreignpress.ge