სარეკლამო შეტევა მედიასა და ოპოზიციაზე

სარეკლამო შეტევა მედიასა და ოპოზიციაზე

ხელისუფლება ოპოზიციასა და თავისუფალ მედიაზე შეტევას განაგრძობს. 6 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც წინასაარჩევნოდ მედია-საშუალებებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება სურთ, ამ მომსახურების საფასური წინასწარ უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოლიტიკური რეკლამა საინფორმაციო საშუალებებში არ განთავსდება.

მედიასაშუალებებში რეკლამის განთავსების საკითხი კანონით რეგულირდება, რომლის თანახმად, ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან, განათავსონ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიის უფასო რეკლამა კანონით განსაზღვრული დროით და ამასთან, თუკი განათავსებენ რომელიმე პარტიის ფასიან რეკლამას, ვალდებულნი არიან, ამავე პირობებით განათავსონ სხვა პარტიების რეკლამაც, რათა დაცული იქნას თანასწორობის პრინციპი. ბეჭდვით მედიასთან დაკავშირებით კი არანაირი რეგულაცია არ არსებობს, გარდა იმ ბეჭდვითი მედიასაშუალებებისა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

გენერალურმა აუდიტორმა კი გამოსცა ბრძანება, რითაც ადგენს რეკლამის განთავსებისთვის პირობებს.

„წინასაარჩევო რეკლამისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წინასწარ გადაიხადოს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.

საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების განხორციელებიდან არა უგვიანეს 24 საათისა“.

ბრძანება 12 აგვისტოდან ამოქმედდება და ყველა პოლიტიკური სუბიექტი და მედია-საშუალება იძულებული გახდება, ამ ნორმებს დაემორჩილონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მაღალი საჯარო ინტერესით, მოხდეს ყველა მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტების თანაბარ და არადისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება და ამ პროცესში ფინანსური რესურსების გამჭვირვალედ გამოყენება.

„შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, გენერალური აუდიტორის ბრძანებით, განმარტა გამჭვირვალობის სტანდარტები წინასაარჩევნო პერიოდში სარეკლამო ხარჯებთან მიმართებაში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები, ერთი მხრივ, არ აფერხებს პოლიტიკური სუბიექტებისთვის კანონით უზრუნველყოფილ უფლებას შეუფერხებლად აწარმოონ საარჩევნო აგიტაცია. მეორე მხრივ, აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების განკარგვის ეფექტურ მონიტორინგს და ამ გზით ახდენს საარჩევნო სუბიექტების ან/და მაუწყებლების მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის რისკების მინიმიზაციას. შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების გზით, გენერალური აუდიტორის ბრძანებით დადგენილი რეგულაციები ხელს უწყობს ლეგიტიმური ინტერესის - ფინანსურად გამჭვირვალე ჯანსაღი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას“, - განმარტავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

ქართულ საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ეს ბრძანება ოპოზიციასა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის კიდევ ერთი ხერხია. ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს კაბალური კანონია და ამით ხელისუფლებამ ორი კურდღლის ერთად დაჭერა გადაწყვიტა - შეუტიოს ოპოზიციასა და მედიას. ღლონტის განცხადებით, „მაესტრომ“ რეკლამა უკვე საგრძნობლად გააიაფა, რადგან მისი მესვეურები მიხვდნენ, რომ ამ თანხის გადამხდელი არავინ იქნება, მით უმეტეს, წინასწარ. ამასთანავე, მამუკა ღლონტი მოუწოდებს მედია-საშუალებებს, ამ თემასთან დაკავშირებით შეიკრიბონ და რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ.

„მედია აუცილებლად უნდა შეიკრიბოს და ამასთან დაკავშირებით რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ, რადგან ეს არის წინასაარჩევნოდ მედიის დახრჩობა“, - ამბობს ღლონტი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს, რომ ამ ბრძანებით პირდაპირ არის დარღვეული „ნორმატიული აქტების“ შესახებ კანონის ის ბმა, რომელიც ამბობს, რომ კანონქვემდებარე აქტი შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საკანონმდებლო აქტით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში და იმ საკითხის მოსაწესრიგებლად, რომელიც საკანონმდებლო აქტში არის აღნიშნული.

„უფრო პოპულარულ ენაზე კი ეს ასე ჟღერს - კანონქვემდებარე აქტი შეიძლება გამოიცეს მხოლოდ მაშინ, თუ კანონში წერია, რომ ასეთი აქტის გამოცემის უფლება აქვს გენერალურ აუდიტორს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის დასადგენად. მაგალისთისთვის გეტყვით, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში წერია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია დაადგინოს პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის წესი, ანუ გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც გვეტყვის, გამჭვირვალობის წესი არის ასეთი - უნდა გვაცნობოთ ეს, ამდენ ხანში და ა.შ. ამის უფლება მას აქვს, მაგრამ არსად წერია, არც პარტიების შესახებ კანონში, არც სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონში, რომ აუდიტის სამსახურს უფლება აქვს დაადგინოს ანგარიშსწორების წესი“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

აქვე იგი დასძენს, რომ ამდენად ასეთი წესის დადგენის უფლება გენერალურ აუდიტორს არ აქვს. ხმალაძის თქმით, ნორმატიული აქტების შესახებ კანონში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონით ნორმატიული აქტის გამოცემის წესი, მაშინ ამ ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არ აქვს.

„ამ საკითხზე კონტროლის ვალდებულება კი (ანუ შეესაბამება თუ არა კანონს ნორმატიული აქტი) აქვს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ვალდებულია, რომ თუ ასეთი რამ აღმოჩნდა, მიმართოს თავად იმ ორგანოს (ვინც უკანონო აქტი გამოსცა), ან/და სასამართლოს. ამდენად, იუსტიციის სამინისტრომ უნდა მიმართოს ან მარტო ამ ორგანოს, ან მხოლოდ სასამართლოს, ან ორივეს ერთად, ხოლო სასამართლომ ეს აქტი უნდა გააუქმოს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, ამ საკითხზე იგი წმინდად იურიდიული თვალსაზრისით საუბრობს, მაგრამ აქ მეორე პრობლემაც არის.

„ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ვინმემ კანონში ჩაწეროს, აუდიტის სამსახურს ანგარიშსწორების წესების დადგენის უფლებაც აქვსო. საბედნიეროდ, ასეთი რამ კანონში ჯერ არ წერია. ამდენად, ამ აქტით, რომელიც გენერალურმა აუდიტორმა გამოსცა, კიდევ ირღვევა რიგი კონსტიტუციური თავისუფლებებისა. კერძოდ, ირღვევა სიტყვისა და გამოხატვის, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებები, და ახლა მოგახსენებთ, როგორ - მაგალითად, არჩევნების წინ მინდა გავავრცელო ინფორმაცია, რომელსაც პოლიტიკური რეკლამა ჰქვია, ამ წუთას ამის რესურსი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ მოგვიანებით ეს რესურსი მექნება. ამიტომ, მე მოველაპარაკები კონკრეტულ მედია-საშუალებას, რომ მან ჩემი რეკლამა გაუშვას, ხოლო ერთი ან ორი თვის შემდეგ მე მას ამ მომსახურების საფასურს გადავუხდი. თუ ეს მედია-საშუალება ჩემს წინადადებას სარწმუნოდ მიიჩნევს, ჩვენს შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება. თუ ის მე არ მენდობა და ხელშეკრულებას არ გამიფორმებს, ამით ის დაკარგავს შემოსავალს, მაგრამ რისკი არ ექნება. ხოლო როდესაც სახელმწიფო წინასწარი გადახდის გარეშე პოლიტიკური რეკლამის განთავსებას გვიკრძალავს, მაშინ ამით ის მე ინფორმაციის გავრცელების უფლებას მიზღუდავს, ხოლო მედია-საშუალებას, როგორც ინფორმაციის გავრცელების უფლებას, ასევე შემოსავლის მიღების შესაძლებლობას უზღუდავს, რადგან იგი ვერც კი დამიდებს ხელშეკრულებას იმისთვის, რომ მე მას მომსახურების საფასური მომავალში გადავუხადო“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

მისი თქმით, ყველაფერ ამის გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ამ ბრძანებით ასევე თავისუფალი კონკურენციის უფლებაც იზღუდება, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას შეუწყოს ხელი.

„ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ვთქვათ ერთ მედია-საშუალებას შეიძლება მეტი წინასწარი გადამხდელი გაუჩნდეს, რადგან ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, ხოლო მეორე მედია-საშუალებასთან, რომელიც ნაკლებ არეს ფარავს, წინასწარი გადახდის პირობებში, შეიძლება ხელშეკრულება აღარავინ დადოს, რადგან როდესაც მე მცირე რესურსი მაქვს, ვამჯობინებ წინასწარ გადავუხადო იმას, ვინც ამ ინფორმაციას მაქსიმალურად დიდი ოდენობის ადამიანს მიაწვდის და არა იმას, ვინც მხოლოდ შეზღუდულ წრეს აწვდის მას. არადა თუ მექნებოდა შესაძლებობა, რომ მერე გადამეხადა, მაშინ ორივე მათგანთან განვათავსებდი ამ ინფორმაციას. ამდენად, ამით თავისუფალ კონკურენციასაც ეშლება ხელი“, - აღნიშნავს ექსპერტი.