რატომ არ მოსწონს აკაკი ძნელაძეს ჩორბისა და დონერის სუნით გაჟღენთილი ბათუმი

რატომ არ მოსწონს აკაკი ძნელაძეს ჩორბისა და დონერის სუნით გაჟღენთილი ბათუმი

ბათუმში „ქართული ოცნების“ აქციაზე გამოსული მხატვრის აკაკი ძნელაძის სიტყვამ ადგილობრივების განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურა და თანხვედრაში აღმოჩნდა აჭარლების განწყობასთან. მართალია, ამ გამოსვლის შემდეგ ბევრმა აკაკი ძნელაძეს ანტითურქული განწყობა დასწამეს, მაგრამ For.ge-სთან საუბარში მხატვარი აცხადებს, რომ იგი სტუმრად მოსული თურქის წინააღმდეგი არ არის. თუმცა სავალალოა, როცა ეს სტუმრობა ძლიერ ჭიანურდება და ბოლოს დამპყრობლური გავლენის გავრცელების, მკვიდრი ერის ჩაყლაპვის წინაპირობა ხდება. ჩვენში უცხო ხალხი დასაქმებულია, აჭარლებს კი სამუშაო არ აქვთ და თურქეთში სამუშაოს საძებრად 2-3 თვით გარბიან.

„ბათუმო, მე შენი ბულვარი მომენატრა, არა ის ბულვარი, ჩორბისა და დონერის სუნით გაჟღენთილი..“ - რას ნიშნავდა აკაკი ძნელაძის მიერ თურქული კერძების ამ კონტექსტით მოხსენიება და როგორ შეფასებას აძლევს მხატვარი ბათუმის ძირძველ ნაწილში გაჩაღებულ „აღმშენებლობასა“ და უცნაური ხელოვნების ნიმუშებს. ამის შესახებ კაკო ძნელაძე გვესაუბრება.

ბათუმში გამართულ აქციაზე, ტრიბუნიდან როგორ დაინახეთ ხალხის განწყობა?

- ამბიციურად ნუ გამიგებთ, მაგრამ ჩემი აზრითა და გრძნობით, მე გამოვხატე ყველა ბათუმელის ტკივილი, ენერგეტიკულად დაფარული  გრძნობები. ვიყვირე და გამოვხატე ეს გრძნობები. ამიტომაც, ალბათ, ეს ოვაციები დამიბრუნდა ხალხისგან. მოგეხსენებათ, წინა დღით საშინელება მოხდა, ბეშუმში ამოსულ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა. ყველასთვის ცხადია, გარკვეული კუთხით, ამანაც იმოქმედა მიტინგის ხალხმრავლობაზე და, შესაძლოა, დამატებით სადღაც 5 ათასი კაცი კიდევ დაემატა, თორემ ხალხმრავლობა ისედაც იქნებოდა.

ბათუმის აღმშენებლობასაც შევეხოთ. არ მოგწონთ ბულვარში ცათამბჯენები?

- არავინ არ არის ახლის მოწინააღმდეგე, მით უმეტეს, ხელოვნებაში. რაც შეეხება ბათუმს, ძალიან მარტივად გეტყვით, ძველ ბათუმს აქვს 120 წლის ენერგეტიკული, არქიტექტურული ისტორია და ეს ისტორია უნდა შერჩენილიყო ისე, როგორც იყო და განახლებულიყო მხოლოდ იმგვარად, რომ ძველი სტრუქტურა არ დარღვეულიყო. ფაქტობრივად, ამ სხეულში შევიჭერით, იგი დავარღვიეთ და საშინელი ეკლექტიკა გამოვიდა. ცათამბჯენებზე როცა ვსაუბრობთ, თუნდაც ანბანის კოშკზე, ახლაც ცათამბჯენი შენდება „კემპინსკი“ და სხვა, ეს ყველაფერი შეიძლებოდა არა ძველ ქალაქში, არამეც ცოტა მოშორებით, თუნდაც ერთი კილომეტრის დაშორებით ბათუმიდან. ეს არ არის ძალიან დიდი მანძილი. ეს არის ახალი ბულვარის დასაწყისი. ამის მოწინააღმდეგე არავინ იქნებოდა, მაგრამ პირადად მე და ბევრი ბათუმელი წინააღმდეგნი ვართ, რომ ამ ძველ ბათუმში, შიგნით აურ-დაურიეს ყველაფერი. თუნდაც აგერ, ქალაქის ცენტრში ძველი ბანკის შენობას რა უყვეს? - ჩიპოლინოს ქუდი დაადგეს.

სააკაშვილი ბათუმელებს განებივრებთ, რადგან ახალ-ახალ ხელოვნების ნიმუშებს ბათუმში უკეთებს აპრობირებას - ალი და ნინო, ანბანის კოშკი, შლოპანცები და კვერცხები (თავისი საკამათო მხატვრული ღირებულებით), სულ მალე ბათუმში პირველი სიყვარულის ქანდაკებას დადგამენ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი, სხვა ქალაქებთან შედარებით, ბათუმის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. როგორია თქვენი აზრი ამ ქანდაკებებთან დაკავშირებით?

- კონკრეტულად ალისა და ნინოს ქანდაკება შესანიშნავია. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. უბრალოდ, შეიძლებოდა, ამ ქანდაკებისთვის უკეთესი ადგილი მოეძებნათ. თავიდან, როდესაც დადგეს ეს ქანდაკება, ის ძრავა ჩანდა ქანდაკების ქვემოთ, რითაც იგი ბრუნავს და რომელი ძრავაც მას ამოძრავებს. ამას თავისი კონცეპტუალური დატვირთვა ჰქონდა და ძალიან კარგი იყო. მაგალითად, პარიზში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ეიფელის კოშკზე სამი მხრიდან ადიხართ ლიფტით და ერთი მხრიდან ფეხით. მე ფეხითაც ავსულვარ და ასვლის დროს ყველა კუთხე-კუნჭული დამითვალიერებია. სწორედ მაშინ დავაკვირდი ეიფელის ლიფტს, რომელი ძრავითაც ადის ეს ლიფტი. ეს უძველესი ძრავაა და ეს ძრავა ჩანს მთლიანად, იგი მინაშია მოთავსებული. მოძრავი დგუშებიც ჩანს შიგნით. ეს იმდენად ფანტასტიური, ეფექტური და იმდენად უნიკალურია, რომ ასეთი ეფექტები უნდა გადმოვიტანოთ. ჩვენ თუ „არტ ნოვოს“, ანუ რაიმე ახალს ვაკეთებთ ქალაქში, ის ახალი კონცეპტუალურად უნდა იყოს დატვირთული. ალისა და ნინოს ქანდაკებაც თავიდან ასეთი გახლდათ, მერე კი ჩვენმა ე.წ. მუნიციპალიტეტის თავიანმა ბიჭებმა ალისა და ნინოს გარედან გალავანი შემოავლეს და აბსოლუტურად დაიკარგა ეს ქანდაკება, მეტიც, იგი გაფუჭდა. ალბათ, ამით თავად ქანდაკების ავტორიც უკმაყოფილოა. არავინ ახლის წინააღმდეგი არ არის, თუმცა არის ზოგიერთი საშინელი ახალი ქანდაკება.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ ჩვენს ახლით განებივრებას, როგორ გითხრათ, ეს ყველაფერი, რაც ახლა შემოდის ბათუმში, ევროპაში უკვე იყო. 30-იან წლებში შემოვიდა ეს სტილი, რაც ახლა არის, თუნდაც შლოპანცები, ეს ძველია. საფრანგეთის რომელიღაც მუზეუმში კეტების ქანდაკებისთვის მომიკრავს თვალი, თანაც ძალიან ადრე. იქაც კეტები დგას კვერცხებზე და მასში იკითხება ასეთი კონცეფცია - ცხოვრება იმდენად სათუთია, რომ სათუთად უნდა გაიარო ამ კვერცხებზე.

ჩვენს ხელისუფალს პრეტენზია აქვს პროგრესულობაზე და გინდათ თქვათ, რომ ამ დროს ხელოვნებაში ჩამორჩებიან?

- მოდით, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი, ესენი აგოიმებენ ხალხს. სიტყვა „გოიმი“ საძრახისი სულაც არ არის. უბრალოდ, 50 წელია, ეს სიტყვა სულ სხვანაირად გამოვიყენეთ. სინამდვილეში, „გოიმი“ არის უცხო და ებრაელებისთვის ნიშნავდა, უცხო ადამიანს, არაებრაელს. ესენი მეტ-ნაკლებად განათლებულ ან გაუნათლებელ უცხოელებს ამით აგოიმებენ. შეგვიძლია, გადავხედოთ ხელოვნების ისტორიას, ეს ნიმუშები ბოლო 30-40 წელია, არსებობს. ვისაც კითხვა არ უყვარს, შეუძლია, ინტერნეტით იმოგზაურონ და ნახონ, სად, როდის და ვისი გაკეთებულია ეს ყველაფერი, რაც, თითქოსდა, ახალია და ბათუმშია შემოტანილი.

თქვენ უშუალოდ ხვდებით უცხოელ ტურისტებს, ხელოვნების ამ ნიმუშების დანახვისას რა რეაქცია აქვთ მათ?
- არის სიტუაცია, როდესაც აღშფოთებულები არიან. ყველაფერი ხომ შედარებითია? არის ლამაზი ქალი, ცოტათი ულამაზო ქალი, ან მეტ-ნაკლებად ლამაზი ქალი. ასევე, გვხვდება კარგი ბიჭი, სპორტული აღნაგობის და სხვა. მოდით, ასევე შევხედოთ ადამიანის სულიერი განათლების სამყაროსაც - არსებობენ განათლებული ადამიანები და გაუნათლებლები. ბევრი ჩამოსული ტურისტი შემხვედრია, რომლებსაც უთქვამთ, ამით ბათუმელებო, თქვენს ქალაქს ცუდ რამეს უკეთებთ, ეს ჩვენ არ გვაინტერესებსო. უცხოელებს რატომღაც ეგონათ, რომ ეს ჩვენი გაკეთებულია. ტურისტს აინტერესებს ბათუმი, ბათუმის შიდა ეზოები, ძველი სახლები, ტუფის ქვები და არა, ბოდიში და, შპაკლით გაშპაკლული ქვები. ამიტომ, ბევრი ადამიანი აღშფოთებულია.

თქვენ ანბანის კოშკიც ახსენეთ, რომელზეც ქართული ანბანის გარდა, ყველაფერი იკითხება.

- კონცეპტუალურად, ანბანის კოშკი, თუ ის მართლაც ანბანის კოშკია, სხვაგვარი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ანბანი ვიცით, დედაენა სკოლაში გვისწავლია - აი ია-ს რომ ვწერდით, ეს იყო კლასიკური ანბანის მართლწერის პრინციპები. მოდით რა, ამ კლასიკური ანბანით დაგვეწყო ამ კოშკის აშენება და არა ასეთი სარეკლამო ასოებით. მართალია, ეს ასოები, შეიძლება, რომელიღაც რეკლამაში გამოიყენო, მაგრამ, თუ ანბანის კოშკს აფიქსირებ, მოდით რა, მასზე კლასიკური ანბანი დაწერე და არაფერი საწინააღმდეგო არ გვექნება.

თქვენ ახსენეთ, რაც კარგია, უნდა გადმოვიღოთ უცხოეთიდან. ბაგრატის ტაძარზე ლიფტის დამონტაჟების მცდელობა, იქნებ, ესეც ევროპულის გადმომღერება იყო?!

- უცხოეთში ყველაფერი კარგად არ კეთდება. ამ ბოლო დროს გერმანიაში გახლდით. კიოლნის ტაძარი იმ მდგომარეობაში იყო, რომ მას რესტავრაციას უკეთებდნენ. კერძოდ, ეს ტაძარი უკვე შავი იყო. მე რომ ჩამოვედი გერმანიიდან, ალბათ, უკვე გაწმინდეს. როდესაც ქვის წმენდას იწყებენ, გადის წლები, თითქმის ათი წელი, სანამ ეს ყველაფერი არ დამთავრდება - ქვა იფხიკება და არ იშპალება, ეს შავი ტაძარი ხდება თეთრი, ისეთი, როგორიც ადრე იყო. სწორედ ასე უნდა მიუდგნენ რესტავრაციას. სხვათაშორის, ერთი თვის წინ გავიარე ბაგრატის ტაძართან. ამ ტაძრის აღდგენა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს ხდებოდა მე-10 საუკუნეში, როდესაც იგი აიგო. იმ დროს კვერცხის ცილით ურევდნენ ბათქაშს და მინერალებს, რითიც ხდებოდა ქვების ერთმანეთთან შეერთება. მაშინ ხომ ცემენტი არ იყო? მაგრამ ტაძარი, ეს სასწაული აშენდა. თუ აღდგენა უნდათ, ის სულიერება აღადგინონ. როდესაც დავინახე, რომ გუმბათზე, აქეთა მხარეს, შესასვლელში, არმატურები იყო და ცემენტს ასხამდნენ, დავრწმუნდი, რომ ეს აღდგენა არ იყო. ლიფტი კი რა მოსატანია, ეს უკვე „სასწაულია“, ამაზე საუბარიც ზედმეტია. მაგალითად, პეტერბურგში მილიონჯერ ვარ ასული ისაკის ტაძარში, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას და 1859 წელს არის გახსნილი. სხვათაშორის, მის გახსნას ესწრებოდა ილია ჭავჭავაძე და გრიბოედოვის მეუღლე ნინო ჭავჭავაძე, ასევე, ეკატერინეც. ამ ტაძრის გუმბათში რომ ადიხარ (უდიდესი გუმბათი აქვს, მოოქროვილი), მთელ პეტერბურგს გადაჰყურებ. შიგნით უძველესი ხვეული ქვის კიბეა და ტურისტები ამ კიბის მეშვეობით მოძრაობენ ზემოთ. ამდენად, რა საჭიროა ბაგრატის სამი-ოთხი სართულისთვის ტურისტმა თავი არ შეიწუხოს და ლიფტით ავიდეს?! რა ხდება? თითქოს სიახლე მოაქვთ?! ეს ხელოვნებაში არ ჯდება. ახლა გვეტყვიან, თქვენ კი ასე ლაპარაკობთ, მაგრამ თავის დროზე ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათო, მაგრამ ჩვენ უდიდესი კულტურის ქვეყანა ვართ, განსხვავებული კულტურის, არქიტექტურის ქვეყანა. რაც შეეხება პარიზს, იგი განსხვავებული არქიტექტურის ქალაქია და განსხვავებულ გენიალურ ქალაქში გენიალური ეიფელის კოშკი ჩაიდგა. მოდით, თავი დავანებოთ პარიზსა და ბათუმს. პარიზს არქიტექტურის უდიდესი ისტორია აქვს, ხოლო ბათუმის ისტორია 120 წლისაა. ასე რომ, ნუ შევადარებთ. პირამიდა რომ დაიდგა პარიზში, ეს არის ერთი კონცეპტუალური მომენტი და ასეთი უამრავი ნიმუში არ არის პარიზში. იმ პირამიდამ გაამართლა, ჩვენს ბათუმში კი მინის უამრავ ნაგებობას რომ ვუყურებთ, ეს საშინელებაა. შეიძლებოდა, სადმე მინის ერთი ნაგებობა გაკეთებულიყო, ისევე, როგორც პარიზში არის მონპარნასის ცათამბჯენი; შუა პარიზში, ძველ პარიზში დგას მონპარნასის კოშკი და იდეალურია. თუმცა ზოგიერთ პარიზელს ახლაც არ მოსწონს, სხვათაშორის, ახლა ჩაიდგა და 20 წლის ისტორია აქვს, თუმცა მაგარია.

პოლიტიკასაც შევეხოთ. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ რა განწყობა აქვთ ბათუმელებს?

- შეშინებული ადამიანებიც არიან, ზოგიერთები მუშაობენ და არ უნდათ, დაფიქსირდნენ, ეს მომენტი მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებში ისინი ორჭოფობას დაიწყებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე 60 ათასი ადამიანი იყო. დავუშვათ, შემოგარენიდან ოზურგეთიდან, ლანჩხუთიდან მაქსიმუმ 5 ათასი ადამიანი ჩამოვიდოდა, მეტი ვერ მოახერხებდა ჩამოსვლას,განა რამდენი მანქანა უნდა ჩამოსულიყო?! 50 ათასი ადამიანი კონკრეტულად ბათუმიდან მოვიდა. თანაც, ბევრია გასული ბათუმიდან. იმ 50 ათას ბათუმელს საშუალოდ ოჯახში ჰყავს 3 ადამიანი, რომელიც ხმას აძლევს „ოცნებას“. ეს უკვე დიდი ციფრია, თითქმის მთელი ბათუმია.   

თქვენ ბრძანეთ, ბათუმში ოსმალური შენობები არ უნდა შენდებოდესო. ჩორბისა და დონერის ჯიხურებიც ახსენეთ, ამის გამო ანტითურქული განწყობა დაგწამეს. თუმცა რეალურად რომ მივუდგეთ, ბათუმისა და გონიოს ცალკეული ადგილები მართლაც იქცა თურქულ დასახლებად, სადაც ბორდელებია აშენებული და რიგით ბათუმელებს ვერ გაუვლიათ. ჩვეულებრივი ბათუმელები რამდენად არიან დაჩაგრულები ჩამოსულ ხალხთან შედარებით?

- მე პეტერბურგში ვსწავლობდი და ვიცი, რომ იქ ყოველთვის ჩამოდიოდა უამრავი ტურისტი, უამრავი ავსტობუსი იდგა ერმიტაჟის წინ. თუ ბათუმშიც სტუმრად ჩამოვლენ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, როდესაც ჩამოსვლისა და წასვლის სიტუაცია აღარ არის, ეს უკვე სხვა საქმეა. როდესაც აქ ხდება დაფუძნება და თავიანთი კულტურის, დამპყრობლური კულტურის შემოტანა, აი, ამ ჩაყლაპვის წინააღმდეგნი ვართ ყველა. თორემ, კულტურის წინაააღმდეგი არავინაა. რაც შეეხება დონერს ბულვარში, მე შემიძლია, ამას დავუმატო საცივი. ბულვარი არის კლასიკური ნიმუში ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქალაქის ბრენდი და იქ არც მჭადის სუნი უნდა იყოს, არც საცივის, არც ჩორბის და არც დონერის. ტურისტების შემოტევა უნდა იყოს, მაგრამ დაპყრობითი შემოტევა არ იყოს. ისინი აქ რჩებიან და ჩვენს ადგილობრივებს სამუშაო არ აქვთ, ჩვენები მიდიან 2-3 თვით თურქეთში და გროშები მოაქვთ. ახლაც,

ტურისტულ სეზონზე, ბათუმში არიან ტურისტები, მაგრამ ისე ბევრი არ არის, როგორც შარშან. ის ხალხმრავლობა, ადრე რომ იყო ბულვარში, არ შეიმჩნევა.

ვარშალომიძისხის ქოხთანმიმართებითაც თქვენი აზრი გექნებათ.  

- რაც შეეხება ვარშალომოძის ქოხს, არ ვარ ის ადამიანი, სხვისი ფულები რომ ვითვალო, ძალიან მინდა, ყველა მდიდარი და კმაყოფილი იყოს, მაგრამ ეს სიმდიდრე რეალური გზით, გამჭვირვალედ და კანონის დაურღვევლად უნდა იყოს შეძენილი. ვარშალომიძის სახლი კარგად ვიცი, ეს თვალნათლივ ჩანს. ადრე იმ ეზოში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მარტო თვითონ ცხოვრობს.