შვებულებას, ტრადიციულად, საქართველოში ატარებს. ამბობს: ისედაც ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე, არ შემიძლია ქართული თეატრის გარეშე და დაახლოებით, წელიწად-ნახევარში ერთხელ აქ ვდგამ სპექტაკლს, სხვაგვარად ამდენ ხანს ვერც გავძლებდი სანკტ-პეტერბურგშიო. ჟურნალისტებს დიდად არ გვანებივრებს ინტერვიუებით და მიხარია, რომ მისი მეუღლის, ქალბატონი ნანი ჩიქვინიძის დიდი ძალისხმევით დავიყოლიე. დღეს "ყველა სიახლეს" სანკტ-პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, რეჟისორი თემურ ჩხეიძე სტუმრობს:
- წელიწად-ნახევარია პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ჩვენს სცენაზე ვერ ვმუშაობთ და ამიტომ ძალიან რთული პერიოდი გვაქვს. რომ არა ეს ამბავი, შეიძლება საბოლოოდ წამოვსულიყავი იქიდან. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს. მინდა, დარჩენილი წლები საქართველოში გავატარო. ერთ რამეზე ვოცნებობ: თუკი რამ ვიცი და შემიძლია, სხვებსაც ვასწავლო. სპექტაკლების დადგმაზე ხელის აღებას კი არ ვაპირებ, მაგრამ პედაგოგიური მოღვაწეობა მიზიდავს - ახალგაზრდებთან მუშაობა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პედაგოგობა ოცნებასავით მქონდა მუდამ და ამ ბოლო ხანს რამდენჯერმე თბილისიდანაც შემომთავაზეს. მაგრამ საქმე ის არის, რომ პეტერბურგის თეატრის დასი იმ შენობიდან მე გამოვიყვანე და მორალური პასუხისმგებლობა მაკისრია, რომ თვითონვე დავაბრუნო უკან. მერე კი წამოვალ, თუმცა... თუკი ვიგრძენი, რომ ჩემი წამოსვლით იქ არაფერი დაშავდება, შეიძლება უფრო ადრეც წამოვიდე.
- ვიცი, ყოველდღიურად უკავშირდებით ოჯახს, საქართველოს და ეცნობით, რაც აქ ხდება. ამიტომ ჩვენი ინტერვიუც უფრო აქაურ ამბებს გვინდა დავუკავშიროთ.
- აქაურობას არ ვარ მოწყვეტილი. ოჯახთან დღეში რამდენჯერმე ვსაუბრობ, თეატრში კი, ჩემს კაბინეტში, სამ ქართულ არხს ვიჭერ: "პირველ არხს", "რუსთავი 2"-ს და "მაესტროს". წარმოგიდგენიათ? - პეტერბურგში ვუყურებ "მაესტროს" და აქ, ჩემს აგარაკზე, წეროვანში - ვერა.
- უპირველესად, რუსთაველის თეატრზე შეგეკითხებით. წარმოგედგინათ, რომ როდისმე ამ თეატრის სცენაზე თვეების განმავლობაში ერთი სპექტაკლიც არ დაიდგმებოდა?
- რობერტ სტურუას რომ გაუშვებ თეატრიდან, თაობა უნდა გამოიცვალოს, რაღაც რომ გაკეთდეს იქ. არადა, რუსთაველის თეატრი ქვეყნის პირველი თეატრი იყო. რომ ამბობ, რა მოგება მოაქვს დრამატულ თეატრსო, სად მოაქვს დრამატულ თეატრს მოგება, რომელ ქვეყანაში, დედამიწის რომელ კუთხეში? სარეპერტუარო თეატრებს, რომელსაც ჰყავს დასი და სცენაზე ყოველდღე სხვადასხვა სპექტაკლი გადის, საბჭოთა გადმონაშთს უწოდებენ, არადა, ამ "გადმონაშთის" გამო მთელ მსოფლიოში შურდათ ჩვენი. ამდენი კი მაინც უნდა იცოდე, არა?
- თუ ნებას მომცემთ, თქვენ მიერ პეტერბურგში დადგმულ ინგლისურ პიესაში - "კოპენჰაგენში" დასმულ მთავარ საკითხს კითხვად შემოგიბრუნებთ: სად იწყება და სად მთავრდება ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა?
- თუკი რამ სატანჯველი შეკითხვა არსებობს, ერთ-ერთი სწორედ ეს შეკითხვაა. მთელი ცხოვრება ამ ზღვარს ვეძებთ. ერთია, პირადად მე რა მინდა და მეორე - რაც მინდა, თუ სჭირდება სხვას, სხვებს და, თუ პათეტიკურად არ ისმის, ქვეყანას. მუდმივი კითხვაა, მუდმივი საფიქრალი და საზრუნავი. სულ მეშინია, ღმერთმა ისეთი შეცდომა არ დამაშვებინოს ან ისე არ დამებინდოს გონება, რომ გავაკეთო რაღაც, რაც ჩემთვის კარგია და სხვისთვის - საზიანოდ იქცევა.
- ცხოვრების გზაზე რამდენ ადამიანთან იმუშავეთ, რომ მათი ბუნება "გაგეხსნათ" და როლისთვის მოგერგოთ, თუნდაც რამდენი პერსონაჟი გაიცანით... თქვენ ხომ ფსიქოლოგიც ხართ, ფიქრისა და განსჯის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული.
- დიდი მადლობა, არ დავიწყებ კეკლუცობას და დაგეთანხმებით, მაგრამ... გაგიკვირდებათ და, საკმაოდ ბევრი რამ არ ვიცი. მთელი ჩვენი ცხოვრება მაინც სუბიექტურ აღქმათა ნაკრებია - თითოეულს გვაქვს საკუთარი სუბიექტური თვალსაზრისი ყველაფერზე და ამით განვსხვავდებით კიდეც. ამიტომ მიჭირს განვმარტო, რას ნიშნავს ობიექტური აზრი. თუ ობიექტური აზრი მხოლოდ უმრავლესობის აზრია, მაშინ ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია სწორი და მართებული აზრის ჩამოყალიბებისა, რადგან შეიძლება ცხელ გულზე იყოს მიღებული. თუმცა არც იმას ვამბობ, რომ უმრავლესობის აზრი ყოველთვის მცდარია... მაინც ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ მოვლენას დრომ და დისტანციამ უნდა მიუჩინოს ადგილი. როდესაც ძალიან ახლოსაა მოვლენა, ლამის ვაიძულებ თავს, შეფასებისგან თავი შევიკავო, ეს შეფასება ვადაზე ადრე არ მომივიდეს, რადგან მცდარი იქნება.
- ოთხი წელიწადი გავიდა აგვისტოს ომიდან: დევნილთა რიცხვი გაიზარდა, ქვეყანაში კვლავ უმუშევრობა და გაჭირვებაა... და ისევ ლაპარაკობენ ხალხის დაშინებასა და ადამიანების შიშზე, გამოთქვან საკუთარი აზრი. ამას წინათ კადრები უჩვენეს, ცაიშში პრეზიდენტთან თავისი გაჭირვების სათქმელად გამოსული მოხუცი ქალბატონი მიწაზე ხოხვით როგორ გაათრიეს დაცვის წევრებმა, იქვე შეკრებილი ადამიანებიდან კი ერთიც არ გამოქომაგებია მოხუცს, არ ვიცი - შიშის, არ ვიცი - უსულგულობის გამო... ეს რაზე მეტყველებს, როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია დღეს ქართველი საზოგადოება?
- საშინელ დაღად დააჩნდა ჩვენს სულსა და გონებას ყველაფერი, რაც ბოლო წლებში მოხდა. ჩვენ ტერიტორიები კი არ დავკარგეთ, სხეულის რაღაც ნაწილი მოგვაგლიჯეს. დამარცხებულის, მოტყუებულის, ანალიზსა და სიტუაციის აღქმაში შემცდარის, იმპულსურის და ამის გამო უდიდესი შეცდომების დამშვების კომპლექსი მაქვს. გასაგებია, ვინც წაგვართვა და მოგვგლიჯა, მაგრამ მირჩევნია ვეძებო, თვითონ სად დავუშვი შეცდომა, ჩემი ბრალი სად არის. მეჩვენება, რომ ეს მარტო ერთ დღეს დაშვებული შეცდომა არ არის, უფრო ხანგრძლივ პერიოდს ითვლის. ცხადია, მარტო ჩვენი შეცდომა არ არის, მაგრამ მე ჩემი მტკივა და ჩემსას ვეძებ. რაც შეეხება ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არ გეჩვენებათ, რომ ამას ერთი პასუხი არ აქვს? - ვინ - როგორ! ზოგს ეშინია, ზოგი ფიქრობს, რომ მას არ ეხება და თავს არ იტკიებს, ზოგი კი, - მეც გამომიცდია ასეთი რამ, - იბნევა, მყისიერად ვერ რეაგირებს. ცაიშის კადრები არ მინახავს და ადამიანის დაბნევის სიტუაციას შეიძლება ჩემი მონათხრობი არც მიესადაგება, მაგრამ მაინც გეტყვით: დიდი ბიჭი ვიყავი, ერთხელ დედამ რომ მითხრა, რამდენი წელიწადი გავიდა და საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია: წელიწად-ნახევრისა ხელჩაკიდებული მომყავდი ქუჩაში, უცებ ვიღაც გამომელაპარაკა, ამ მომენტში შენ ხელი გამომგლიჯე და მანქანებით სავსე ქუჩა სირბილით გადაჭერი. ისე გავოგნდი, იქვე ჩავიკეცე. კიდევ კარგი, გადავრჩით, მაგრამ დღემდე ვიტანჯები, ინსტინქტურად მაინც როგორ არ გამოგედევნეო... ისეც ხომ ხდება, საჭეს რომ უზიხარ და კრიტიკულ სიტუაციაში აზროვნებამ კი არა, ინსტინქტმა უნდა გიშველოს, რადგან ფიქრი თუ დაიწყე, ავარია გარდაუვალია. ყველაფერი ხდება, მაგრამ რასაც ვამბობ, ეს გულგრილობის გამართლება არ არის, ეს ახსნაა. ამის გამართლება არ შეიძლება, შენმა ინსტინქტმა, - საკუთარ თავსაც ამას მოვუწოდებ, - ალბათ, დროზე უნდა მიგიყვანოს იქამდე, რომ დაუშვებელი არ დაუშვა... მხოლოდ იმის იმედად ყოფნა, რომ ამჟამად მე არაფერი მემუქრება, არ შეიძლება, იმიტომ, რომ ხვალ შენ დაგემუქრება!
შიშზე ერთ ამბავს გავიხსენებ. სტუდენტი ვიყავი და იმჟამინდელ თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობდა ასაკოვანი პედაგოგი კუკური პატარიძე, რომელიც 1930-იანი წლების ბოლოს სანდრო ახმეტელთან და სხვა თეატრალურ მოღვაწეებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა დახვრეტას გადაურჩა, მაგრამ დიდხანს იყო გადასახლებაში. ერთხელ, სიტყვამ მოიტანა და, მითხრა: თქვენ არ იცით, რა არის ნამდვილი შიში და ამიტომ არავინ განიკითხოთ ამისთვის. საშინელი ფიზიკური წამება გამოვიარე და თუ გაიკითხავთ, ყველა გეტყვით, რომ არავინ დამისახელებია, არავინ გამიცია და ხელი არაფერზე მომიწერიაო. მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ კაცმა ჩემთვის თავზარდამცემი რამ თქვა მაშინ: წამებით ადამიანი მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ ყველაფერზე ხელს მოაწერს, სიკვდილზეც კი თანახმაა, მაგრამ ის უკვე ადამიანი აღარ არის. მასზე ვერ იტყვი, ეს როგორ ქნაო. მეორე უკიდურესობაც არის: კრიჭა შეეკვრება და სიტყვას ვერ დააცდენინებ, მაგრამ ეს იმ ადამიანზე აღარაა დამოკიდებული. მე ღმერთმა მომცა რაღაც ძალა და კრიჭა შემეკრა, მაგრამ ამისთვის ქებას არ ვიმსახურებ. "ის" მე აღარ ვიყავი, მე ადამიანი აღარ ვიყავი. ამიტომ შიშის გამო ნურავის განიკითხავთ, შვილოო. ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება.
- თქვენ პოლიტიკურ განცხადებებს არ ერიდებით, მაგრამ როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეხვდით, ჟურნალისტებთან თქვით: მას სრული უფლება აქვს ჩემი და ჩემნაირების ზნეობრივი მხარდაჭერა ჰქონდესო.
- მახსოვს, მკითხეს: ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად მხარს უჭერთო? მე კი ვუპასუხე: არ ვიცი, პოლიტიკური მხარდაჭერა რას ნიშნავს, მე ზნეობრივად ვუჭერ მხარს. ვერ გეტყვით, პოლიტიკაში რას იზამს ეს ადამიანი, მაგრამ კაცი წლების განმავლობაში ამოდენა, ფაქტობრივად, უპრეცედენტო ქველმოქმედების გაღებას რომ შეძლებს, როგორ შემიძლია ზნეობრივი მხარდაჭერა არ გამოვუცხადო-მეთქი? ეს იცით, რას ჰგავს? მაგალითად, მავან რეჟისორს, მანამდე კარგი დადგმები რომ განუხორციელებია, დასადგმელად აძლევ სპექტაკლს. წინასწარ ხომ არ იცი, რა გამოუვა, მაგრამ... ისიც ხომ ფაქტია, რომ ვისაც არ ენდობი, იმას არაფერს მისცემ.
- ბატონო თემურ, ალბათ, აგვისტოს ბოლომდე დარჩებით საქართველოში და დაისვენებთ...
- ვისვენებ იმით, რომ ჩემს ქვეყანაში ვარ და შვილიშვილებთან მაქვს ყოველდღე კონტაქტი, თორემ რა დამასვენებს, ისეთი სულიერი ფორიაქი მაქვს ყველა სფეროსთან დაკავშირებით! პეტერბურგში კი სექტემბერში გავემგზავრები. ვნახოთ, შეიძლება არც დაველოდო თეატრის რეკონსტრუქციის დასრულებას და უფრო ადრე დავბრუნდე. ყოველ შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის გასვლამდე, ანუ 2015 წლის ბოლომდე იქ რომ არ დავრჩები, დანამდვილებით ვიცი.