რამდენიმე დღის წინ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" წითელი მაისურით არის გამოსახული (მხარზე საარჩევნო ნომრით - 5) ამ ფოტოს სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში დიდი ხმაური მოჰყვა. ნიჟარაძეს საზოგადოების ნაწილმა მოუწონა არჩევანი, ნაწილმა კი მკაცრად და ირონიულად გააკრიტიკა. ფოტო გადაღებულია ბათუმში, სადაც მომღერალი მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერისთვის ემზადება. კადრებზე კარგად ჩანს, რომ ის თეატრში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მაისურით გადის რეპეტიციას. "ფეისბუკის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა კოტე ცირეკიძემ სოფო ნიჟარაძეს საკმაოდ რიტორიკული კითხვა დაუსვა: "სოფო, ოქტომბრის მერე სიმღერას თავს ანებებ თუ რაშია საქმე?" რაზეც მომღერალმა უპასუხა: "კოტე, თქვენს შეკითხვას მრავალნაირად შემიძლია ვუპასუხო, უბრალოდ, ზედმეტად პოლიტიზებული პასუხისგან თავს შევიკავებ და მოკლედ გიპასუხებ - არა!" სოციალურ ქსელ "ფორუმ.ჯი"-ზე, ნიჟარაძის ამ ფოტოს თემაც მიეძღვნა, სახელწოდებით: "ეჰ, სოფიკო, სოფიკო". სოფო ნიჟარაძე რომ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ პარტიული მაისურებითა და ლოზუნგებით საკუთარ თვალსაზრისს არასოდეს გამოხატავდა, მით უმეტეს - სოციალურ ქსელში.
P.S. სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" მაისურში გადაღებულ ფოტომდე, კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს ერთ მხარეს აღბეჭდილია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი როგორ აკვირდება ვერტმფრენიდან კრიმსკში დატრიალებული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. მეორე მხარეს კი - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი როგორ შედის ადიდებულ წყალში ბოტებით.