ბათუმის ბულვართან, ღია კაფეში მჯდარი იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთი უწყინარი ინტერვიუს გამო დიდ სკანდალში გაეხვეოდა. გასულ კვირას ერთ-ერთმა ინეტრნეტსაიტმა ვახოსთან ჩაწერილი ვიდეოინტერვიუ გამოაქვეყნა. "ვახო ბიჭიკაშვილმა მოხარშული კარტოფილით დაიწყო" - ასე იყო დასათაურებული ინტერვიუ, რომელმაც ვახოს გულშემატკივრების ყურადღება მაშინვე მიიქცია. მსახიობი საუბრობდა კარიერაზე, შვილზე, ჰყვებოდა კურიოზებს, თბილად იხსენებდა მეგობარ თემო მჟავიას, უჩვეულო კი ამ შემთხვევაში მხოლოდ ის გახლდათ, რომ ინტერვიუს დროს ვახო ნასვამი იყო.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორ საათში ინტერნეტში ვახოს ინტერვიუს 27-წამიანი მონაკვეთი დაიდო, სადაც იუმორისტი უცენზურო სიტყვებს ხმარობდა და ამბობდა:
"იმაზე მეტი ვერ გავხდები აქ, ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ყ-- ქვეყანაა, ჯიგრულად რომ გითხრათ, ხელოვნების ამბავში ყ--ში ვართ. ისე ვიკაიფოთ, რითაც გინდა, გავერთოთ, დავლიოთ, ვიაროთ, ვისეირნოთ, არ დავლიოთ, სპორტულად ვიაროთ, ვირბინოთ, ფეხბურთი, ტენისი, ბილიარდი ვითამაშოთ, ოღონდ დანძრეული გვაქვს მაგრად".
ვიდეოს ამ მონაკვეთის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა გამოხმაურებები:
"მგონი, დაკარგავს ეს ბიჭუნა სამსახურს, ამიტომ არ უნდა დალიოს კაცმა..."
"თუ "რუსთავი 2-ზე" ყველა ვახოსნაირად ფიქრობს, ერთი მთვრალი ზალიკო უდუმაშვილი გამოიჭიროს ვინმემ..."
"გადავა ბერასთან და ეგაა, ჩარტყმულია და იმიტომ ჭიკჭიკებს ასე, ტელევიზიაში რომ დაბრუნდება, მოსცხებენ ამისთვის..."
შემდეგ კიდევ უფრო შორს წავიდა საქმე, ვახოს ვიდეოს "ქართული ოცნების" ლოგო დაადეს და ისე გავრცელდა ინტერნეტში. საიტზე კი, სადაც ინტერვიუს სრული ვერსია დევს, ეს მონაკვეთი ამოღებულია, თუმცა ფაქტია, რომ სკანდალი უკვე შედგა.
როცა ვახოს ამ თემაზე კომენტარის გასაკეთებლად დავუკავშირდი, იმ მომენტისთვის ტყიბულში იმყოფებოდა და "კომედი შოუს" კონცერტი მიჰყავდა. თუმცა შოუს დაწყებამდე ჩვენთვის მაინც მოიცალა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.
- ვახო, რას გვეტყვი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ამბობ, რომ ამ ქვეყანაში მეტს ვერაფერს მიაღწევდი...
- ეგ იყო ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა. კითხვა დამისვეს, თეატრში ან კინოში თუ თამაშობო. "რუსთავი 2"-ში ვმუშაობ, სადაც იდეალურად ვგრძნობ თავს, მაგრამ თეატრალური დავამთავრე და პროფესიით მსახიობი ვარ-მეთქი. ჩემს პასუხში სწორედ თეატრალურ სამყაროს ვგულისხმობდი, მეტს ვეღარ განვვითარდები-მეთქი... აღარ გავიმეორებ იმ უხერხულ სიტყვას, რაც მაშინ ვთქვი. შემდეგ ჩემი სიტყვები პოლიტიკურმა ძალებმა სათავისოდ გამოიყენეს.
- ისიც თქვეს, მგონი, ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში გადასასვლელად ემზადები...
- (იცინის) დაზუსტებით გეტყვით, რომ არსად გადასასვლელად არ ვემზადები. "რუსთავი 2"-ში ვრჩები, სადაც აქამდე ვიყავი, აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს.
- ვახო, შენს კომენტარში თეატრალურ წრეს გულისხმობდი?
- არა, საქართველოში თეატრის ფეხმოკიდებულობას (რესპონდენტის სტილი დაცულია - ავტ.). ეს იყო მეგობრული ინტერვიუ და ეს მონაკვეთი არ უნდა ჩაერთოთ.
- ამ ინტერვიუს დროს ნასვამი ხარ...
- დიახ, ბათუმში ვიყავი, ვსვამდით, ჩვეულებრივად ბახუსის მდგომარეობაში ვიყავი და მეგობრული ინტერვიუ უნდა ჩაგვეწერა. ვსაუბრობდით "კავეენზე", ხელოვნებაზე...
- სხვა დროსაც მიგიცია ნასვამს ინტერვიუ ჟურნალისტისთვის?
- არა, სხვა დროს ასეთი რამე არ მომხდარა. ეს იყო პირველი შემთხვევა, ვთვლიდი, რომ მეგობრული ინტერვიუ იყო, ამ დროს კი საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად გამოიყენეს. ის სიტყვები, რაც მე ვთქვი, მგონი, საქართველოში არავის უკვირს. თუ კორექტულად დაამონტაჟებდნენ და ისე გაუშვებდნენ, არანაირად არ გამოვიდოდა სკანდალური ინტერვიუ. შემდეგ ჩემს ინტერვიუზე პოლიტიკური ლოგოც გაჩნდა... თან მოჭრეს ის მომენტი, სადაც ვამბობდი, რომ ხელოვნების ამბავში ვიყავით ამ მდგომარეობაში, უშუალოდ ქვეყანას არ ვეხებოდი, უბრალოდ იმ სფეროზე ვსაუბრობდი, რომელშიც პირადად მე განვითარება ვერ ვნახე, ეს არის თეატრალური სამყარო და კინო.
- და შენი ინტერვიუ სხვანაირად გამოიყენეს?
- რა თქმა უნდა, სრული ვერსია მაქვს და მოგასმენინებთ.
- არ დაურეკე ჟურნალისტს იმის გასარკვევად, რატომ მოხვდა ეს მონაკვეთი ინტერვიუში?
- ბევრად კორექტული ადამიანი ვარ, ვიდრე იმ ინტერვიუში ჩანს, ამიტომ არანაირი პასუხი არ მომითხოვია. აზრი არ ჰქონდა. რა უნდა ველაპარაკო, ვეჩხუბო, ვეკამათო თუ ვუჩივლო? ყველაფერი ისე დავტოვე.
- თეატრალური წრე რომ გაგინაწყენდეს?
- მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ყველა თეატრალს, მსახიობს, "კინოშნიკს", იუმორისტს. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავზე ვლაპარაკობდი, რომ მე ამ სფეროში განვითარება ვერ ვნახე, თორემ ყველას შეუძლია გააგრძელოს საკუთარი საქმე და ისე აკეთოს, როგორც გამოსდის.
- ვინ გაავრცელა ეს დამონტაჟებული ვერსია?
- არ ვიცი, რამდენი ინტერნეტბლოგერია, ვის როგორც აწყობს... დღეს ინტერნეტი ის სივრცეა, სადაც ნებისმიერი ამბავი უფრო აქტუალური ხდება, ვიდრე ტელევიზიით ნანახი. ალბათ უსაქმურებმა (იცინის).
- ოპოზიციონერები ხომ არ შემოგხმიანებიან ან შენს გადაბირებას ხომ არ ეცადნენ?
- არანაირი შეთავაზება არ მიმიღია. არ ვერევი პოლიტიკაში, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, მე მსახიობი ვარ, იუმორისტი, ჩემს საქმეს ვაკეთებ პატიოსნად და ვმუშაობ.
- დასასრულ გკითხავ, ნანობ თუ არა ამ ინტერვიუს ჩაწერას და განსაკუთრებულად იმას, რომ იმ დროს ნასვამი იყავი?
- რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ ნასვამმა მივეცი ინტერვიუ. ეს არავისი ბრალი არ არის. ჟურნალისტმა რა და როგორ გააკეთა, მეორე საკითხია და მის ადამიანობაზეა დამოკიდებული, თორემ მე, რა თქმა უნდა, ვნანობ. ვფიქრობ, რაც იმ ადამიანთან ვილაპარაკე მეგობრულად, არ უნდა ჩაესვა ინტერვიუში, ეს იყო ჩემი ადამიანური მხარე, ადამიანური პროტესტი, გულის ტკენა... უბრალოდ, სხვანაირად, ნასვამ მდგომარეობაში გამოვხატე და ვნანობ, რომ მეგობრულად და გახსნილად ვესაუბრე იმ ადამიანს.