დაშლილი წყაროსთავის სახარება ახალციხეში ქურდულად გაიტანეს (PHOTOS, AUDIO)

დაშლილი წყაროსთავის სახარება ახალციხეში ქურდულად გაიტანეს (PHOTOS, AUDIO)

გუშინ, 7 აგვისტოს, როცა ხელოვნების მუზეუმის გამოსასვლელ კართან მოგვიწია მიგვემართა მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ზომისთვის, რათა მუზეუმიდან არ გაეტანათ აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან ჩუმად გაიტანეს თამარ მეფისდროინდელი, ბექა ოპიზარის მოჭედილი ხელნაწერი - წყაროსთავის ოთხთავი, რომელიც რესტავრატორთა განმარტებით უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი ტრანსპორტირება დაუშვებელია.

საპირისპიროს აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა, რომელთანაც 15-წუთიანი ინტერვიუ ჩავწერე. მასალის ბოლოს ამ ინტერვიუს აუდიოფაილის მოსმენა და წყაროსთავის სახარების ფოტოების ნახვა შეგიძლიათ. ამ ფოტოებზე კარგად ჩანს სახარება როგორ არის დაჭიანებული, დაზიანებული და მინიატურებზე საღებავები როგორ არის ჩამოშლილი. ის, რომ სახარება დაშლილია, ბუბა კუდავამ დაადასტურა.

სანამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მანამდე იმ დოკუმენტების შესახებ მოგახსენებთ, რომლის ასლები ხელთ მაქვს და ადასტურებს იმას, რომ 2008 წლის ოქტომბერში წყაროსთავის ოთხთავის ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიაში გადატანა უნდოდათ, სადაც სახარება 2009 წლის მარტამდე უნდა დარჩენილიყო. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სარესტავრაციო საბჭომ, რომლის თავმჯდომარე გიორგი კალანდია გახლდათ, შეადგინა დოკუმენტი, რომლის თანახმად ოთხთავის ტრანსპორტირება პრობლემას არ წარმოადგენდა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, დაშლილი ოთხთავი ლონდონში გადასატანად მზად იყო, როცა ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეატყობინეს. მისი უწმინდესობის ჩარევის შემდეგ, სახარება ლონდონში ვეღარ გაიტანეს. კულტურის იმჟამინდელმა მინისტრმა, ნიკა ვაჩეიშვილმა 2008 წლის 7 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება N3/207. მასში წერია, რომ ბათილად იქნეს ცნობილი ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც წყაროსთავის ოთხთავი საქართველოდან დიდ ბრიტანეთში უნდა გაეტანათ.

ხელოვნების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ჩაწერილი ინტერვიუს დედანი რვა გვერდიანია. ამიტომ, ნაბეჭდი ვარიანტი შევკვეცე. სურვილის შემთხვევაში აუდიოფაილს შეგიძლიათ ბოლომდე მოუსმინოთ.

როდის და რა წაიღეს ხელნაწერთა ცენტრიდან ახალციხის მუზეუმში?

ბუბა კუდავა: ახალციხის ახლად რეაბილიტირებულ მუზეუმში ექსპონირებისთვის ჩვენგან 7 აგვისტოს ის 3 ხელნაწერი გავიდა, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება ისტორიული მესხეთის რეგიონს. ეს არის XII-XIII საუკუნეების წყაროსთავის სახარება; XVIII  საუკუნის სამართლის წიგნთა კრებული, რომელიც შეიცავს აღბუღას სამართალს და XVI საუკუნის ოსმალური ხელნაწერი - გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი.

რამდენი ხნით და რის საფუძველზე წაიღეს ხელნაწერები?

- ხელნაწერები ახალციხის მუზეუმში წლის ბოლომდე იქნება გამოფენილი. რაც შეეხება საფუძველს - ეროვნულ მუზეუმთან ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს. დავით ლორთქიფანიძის მომართვა იყო, რომ ეს ხელნაწერები ექსპონირებისთვის ახლად რეაბილიტირებული მუზეუმისთვის გვეთხოვებინა.

უნდა შეგეთანხმებინათ თუ არა ეკლესიასთან წყაროსთავის ოთხთავის გადაადგილება, 2002 წელს გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად?

- იურისტები უკეთესად გაგცემენ პასუხს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ამას არ გვავალდებულებს, არც ერთი კანონმდებლობა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაადგილების საკითხები ჩვენ შევუთანხმოთ ან კულტურის სამინისტროს, ან ჩვენს მაკონტროლებელ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან საქართველოს საპატრიარქოს.

სიწმინდის ქვეყნის გარეთ გატანის საკითხს არ უთანხმებთ ეკლესიას?

- ჩვენ ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

მაშინ რატომ აღარ გაიტანეთ, 2008-ში რომ გაგქონდათ წყაროსთავის ოთხთავი?

- იმიტომ, რომ კულტურის სამინისტროსთან ერთად შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც მდგომარეობა უნდა შეეფასებინა და გარკვეული გადაწყვეტილება მიეღო. იქ  რამდენიმე ექსპონატზე იყო საუბარი.

მაგრამ წყაროსთავის ოთხთავზე გაეცით დასკვნა, რომ კარგ მდგომარეობაშია და შეიძლება გადაადგილება.

- სად?

ლონდონში.

- კი, ჩვენი დასკვნა ასეთი იყო.

ჰოდა, რატომ აღარ გავიდა?

- იმიტომ, რომ კომისიაში აზრი გაიყო.

იმიტომ, რომ პატრიარქმა გაიგო, გატანამდე ორი დღით ადრე.

- არა.

როგორ არა?!

- არა, არასწორს მეუბნებით (იცინის). რა გაიგო ორი დღით ადრე?

რომ სახარება ლონდონში გაგქონდათ.

- ჩუმად რომ გაგვქონდა ის გაიგო?

დიახ, ჩუმად გაგქონდათ.

- კარგით რა ნინო, რა, კარგით რა.

მე ნანახი მაქვს დოკუმენტები, ფოტომასალა.

- რა გაქვთ ნანახი?

ყველაფერი.

- ვინ განახათ?

რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მანახა?!

- არა გაქვთ სწორი ინფორმაცია.

2008 წლის შემდეგ ჩაუტარდა თუ არა რესტავრაცია წყაროსთავის ოთხთავს?

- არა.

ესე იგი მე რა მდგომარეობაშიც მაქვს ნანახი, ასე მოკიდეთ ხელი და წაიღეთ წყაროსთავის ოთხთავი ახალციხეში?! რატომ გეცინებათ? სულაც არ არის სასაცილო, რაც მე ვნახე.

- წყაროსთავის სახარების მდგომარეობა ჩვენი სპეციალისტების დასკვნით შეესაბამება ექსპონირებას, საქართველოს ფარგლებში. 2008-ში ჩვენი სპეციალისტები თვლიდნენ, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება ექსპონირებას, მაგრამ სპეციალისტთა აზრი გაიყო. სპეციალისტთა უმეტესობა თვლიდა, რომ შეესაბამებოდა ლონდონში ექსპონირებას, მაგრამ ვინაიდან ერთი წევრი მაინც ფიქრობდა, რომ არ შეესაბამება, ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა არანაირი სურვილი, რომ რაღაც ეჭვები დაბადებულიყო და ჩვენც უარი ვთქვით.

ოთხთავის დაჭიანებულ ადგილებს რა უქენით?

- ეს დაჭიანებული ადგილები აქვს ნებისმიერ, ძალიან ბევრ სიძველეს.

მითხრეს, რომ ჩამოშლილი მინიატურები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დარჩა.

- რას ჰქვია ჩამოშლილი?

საღებავები ჩამოშლილია.

- რას ჰქვია ჩამოშლილია, ნანახი გაქვთ?

ნანახი მაქვს.

- კარგით რა, ნინო რა, კარგით რა, ნინო. თქვენ ხართ ახლა წინასწარ მომზადებული.

დიახ, მომზადებული ვარ.

- თქვენ არ გინდათ ობიექტური ინფორმაციის გაკეთება.

როცა მკითხველი ნახავს ფოტოებს, წაიკითხვას დოკუმენტებს და თქვენთან ჩაწერილ ინტერვიუს მოისმენს, დასკვნა თავად გამოიტანოს.

ჭიან ადგილებს რაც შეეხება, ეს არის ძველი დაზიანება, რომელიც აქვს ძალიან ბევრ სიძველეს, ის არ პროგრესირდება და იმისი პროგრესირება არანაირად არ არის დაკავშირებული, არც ტრანსპორტირებასთან, არც ექსპონირებასთან.

მინიატურები სახარებიდან რატომ ამოიღეთ და დატოვეთ აქ?

- როცა არ იცით, ნუ მეკითხებით.

ეს თქვენმა თანამშრომელმა რამდენიმე წუთის წინ მითხრა.

- მკითხეთ შეფასება.

ოთხთავიდან ამოღებულია თუ არა მინიატურები?

- მინიატურები ამოღებულია, კარგა ხანია.

რატომ?

- იმიტომ, რომ მინიატურები არის ცალკე ფურცელზე და მისი ჩამაგრება ხელნაწერში, ეს არის ცალკე საკონსერვაციო პროცესი, რომელიც არ განხორციელებულა.

რატომ არ განხორციერლებულა?

- იმიტომ, რომ ამას ცალკე პროექტი სჭირდება.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოთხთავი, რომ არ წაგეღოთ არ შეიძლებოდა?

- სრულიად კარგ მდგომარეობაშია, ექსპონირებისთვის.

რატომ არ გააშუქეთ ოთხთავის გადატანის ფაქტი, მაშინ, როცა თქვენი ყველა ნაბიჯი ტელევიზიით შუქდება, რატომ არ შეატყობინეთ ეს ამბავი საზოგადოებას?

- როდესაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში იხსნება ღონისძიება, სადაც არის ჩვენი ხელნაწერები გატანილი, ამ ღონისძიების გაშუქებას აწარმოებს ეროვნული ბიბლიოთეკა. მე როდესაც გახსნაზე მივდივარ, შეიძლება დამატებითი კომენტარი გავაკეთო. ზუსტად ასე, გაიხსნება და კომენტარსაც გავაკეთებ და გაშუქდება კიდევაც.

ოთხთავი უკვე წაღებულია.

- ხო, მერე რა?! და ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მიგვაქვს, წაღების პროცესი გადავიღოთ?

ასე დაგაქვთ ოთხთავები, აქეთ-იქით?

- ახლა თქვენ ისე მელაპარაკებით, თითქოს რესტავრატორი იყოთ. ჩვენი რესტავრატორების დასკვნით, ეს შეესაბამება ექსპონირებას.

თქვენი რესტავრატორების დასკვნით ლონდონში წაღებაც შეიძლებოდა.

- კი, მაგრამ აღარ წავიღეთ, რადგან გამოითქვა სხვა აზრიც და ჩვენ პატივი ვეცით სხვა აზრს.

ახლა იცით სხვების მოსაზრება, ახალციხეში გადატანის თაობაზე?

- შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს, ერთიანი აზრი არ არის ხოლმე.

ეკლესიური სიწმინდეა, მაინც უნდა გეთქვათ პატრიარქისთვის.

- მაიცა, საცავიდან ზემოთ, საექსპოზიციო დარბაზში რომ აგვაქვს, ესეც უნდა შევუთანხმოთ? თქვენ მოისმინეთ საპატრიარქოს წარმომადგენლის, მამა მიქაელის განცხადება?! - მე ძალიან კარგად მოვისმინე.

რომელ არხზე მოისმინეთ?

- არ მახსოვს, ერთ-ერთ არხზე იყო ეს.

ჯერერთი, მამა მიქაელი პატრიარქი არ არის. მითხარით რომელ არხზე იყო და მეც მოვუსმენ.

- საპატრიარქოს წარმომადგენელია. არ მახსოვს რომელ არხზე იყო. შეგიძლიათ მოიძიოთ. მან თქვა, რომ ახალციხეში ექსპონირების პრობლემას ჩენ ვერ ვხედავთო.

რისი ექსპონირების პრობლემას ვერ ვხედავთო?

- ხატებზე იყო საუბარი.

ახლა ოთხთავის გატანაზე ვსაუბრობთ.

- იძულებული ვიქნები გავჩერდე, თქვენ ხართ ჩაჯინებული, იმისათვის, რომ მე რაღაცა მეკამათოთ, იმის ნაცვლად, რომ მოიპოვოთ ობიექტური ინფორმაცია და ორი მხარე გააშუქოთ. სრულიად მომზადებული ხართ, რომ გააკეთოთ საწინააღმდეგო.

მეორე მხარე ვინ არის?

- მეორე მხარის წარმომადგენელი ხართ თქვენ.

ვინ არის მეორე მხარე?

- იმ მხარისა, რომელიც გაწვდით ჩვენს შესახებ არაობიექტურ ინფორმაციას.

ვის გულისხმობთ?

- ჩვენს ყოფილ თანამშრომლებს, ვისთანაც თქვენ გაქვთ ხოლმე ხშირი ურთიერთობა.

გვარი მითხარით, მივალ და ჩავწერ.

- კარგით რა, შემდეგი კითხვა.

აღარა მაქვს კითხვები.

- კარგით.