სახელისუფლებო ადვოკატი „ბურჯის“ ახალ დირექტორად მოგვევლინა

სახელისუფლებო ადვოკატი „ბურჯის“ ახალ დირექტორად მოგვევლინა

ხელისუფლება ტრადიციას არ ღალატობს და კვლავ წართმეული ქონების მყიდველად გვევლინება. ხელისუფლებათან დაახლოებული პირების კომპანია ამჯერად შპს „ბურჯის“ მესაკუთრე ხდება. მსგავსი შემთხვევებისას, როგორც წესი, ვერავინ იგებს რა თანხას იხდის ახალი მესაკუთრე ან საერთოდ იხდის თუ არა რამეს.

„ბურჯის“ შემთხვევაც ამგვარ ეჭვებს ბადებს, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით, გამარჯვებული კომპანია, შპს „გამა“, შპს „ბურჯის“ ქონებაზე გამოცხადებული აუქციონის მეორე დღეს, 2012 წლის 26 ივლისს დარეგისტრირდა.

იურისტმა გიორგი ყავლაშვილმა ახალი სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების თხოვნით სააგენტოს 26 ივლისს მიმართა და საჯარო რეესტრმა შპს „გამა“ რეგისტრაციაში იმავე დღეს გაატარა. როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, ქონების ღირებულება - 8 761 000 ლარი გუშინ უკვე გადაიხადა.

რეესტრის მონაცემებით, „გამას“ დირექტორი, სწორედ გიორგი ყავლაშვილია. გიორგი ყაველაშვილი ადვოკატთა წრეში საკმაოდ ცნობილი ადამიანია და მის სახელს ბევრი გახმაურებული საქმეც უკავშირდება.

ბოლოს ერთ-ერთი გახმაურებული „პირველი სტერეოს“ საქმე იყო, როდესაც ტელევიზიის ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის იურისტად და წარმომადგენლად მოგვევლინა.

ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი ყავლაშვილს დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევდა და იმასაც კი ამბობდა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ყავლაშვილი პროკურატურის თანამშრომელი იყო.
ყავლაშვილის სახელს უკავშირდება ფოტორეპორტიორების საქმეც, როდესაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საქმე ააცილეს და ადვოკატ გიორგი ყავლაშვილის საადვოკატო ბიუროდან მოითხოვეს დამცველი, რასაც ირაკლი და ნათია გედენიძეების ბრალის აღიარება, მონანიება და გირაოს სანაცვლოდ, მათი გათავისუფლება მოჰყვა.

„ვარსკვლავების აკადემიის“ საქმეში „ერთადერთი“ დამნაშავის, დაკავებული „პრარაბის“ დავით გვასალიას ადვოკატი იყო გიორგი ყავლაშვილი, რომელმაც საქმე მარტივად მოაგვარა და ვინც რეალური დამნაშავე შეიძლებოდა ყოფილიყო, ზედმეტი კითხვებიც კი ააცილა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ყავლაშვილს იცნობენ ასევე, როგორც 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს.

ადვოკატთა წრეში კი გიორგი ყავლაშვილი ცნობილია, როგორც პროკურატურასთან და ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირი, რომელიც პროკურატურასა და კლიენტს შორის მსხვილ გარიგებებზე მუშაობს.

სხვათა შორის, ყავლაშვილი იყო ებრაელი ბიზნესმენების ერთ-ერთი დამცველიც, რომელიც ადვოკატ არჩილ კბილაშვილთან ერთად მუშაობდა ამ საქმეზე.

როგორც არჩილ კბილაშვილი ამბობს, მას არ აქვს ინფორმაცია, რას წარმოადგენს შპს „გამა“, სამაგიეროდ, იცნობს ადვოკატ ყავლაშვილს, მის იუსტიციის მინისტრთან კავშირის შესახებ სხვა წყაროებიდანაც მოუსმენია, თუმცა არც დადასტურება შეუძლია და არც უარყოფა. როგორც  კბილაშვილი განმარტავს, თუ ის მართლაც არის მოხსენიებული პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის ადვოკატად, ეს ნიშნავს, რომ მისი სამართლებრივი მრჩეველი იყო და სამართლებრივი კუთხით აძლევდა რჩევებს, თუმცა კბილაშვილი ამბობს, რომ მან არ იცის, უწევდა თუ არა ყავლაშვილი სააკაშვილს ადვოკატირებას.

შპს „ბურჯის“ ახალმა მფლობელმა უკვე პირველი კომენტარებიც გააკეთა და შპს „გამას“ დირექტორის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ყოფილ მესაკუთრესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირებს ქონებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ და „ელიტა ბურჯთან“ საიჯარო ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია.

ცნობილია, რომ „ელიტა ბურჯის“ საკითხით სახალხო დამცველიც დაინტერესდა და საკითხის შესწავლის შემდეგ სავარაუდოდ, მის შეფასებასაც მოვისმენთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოგდან ხმელნიცკის №42-ში მდებარე „ელიტა ბურჯისა“ და „ბურჯის“ ფართებს ერთმანეთისგან აცალკევებენ - მზადდება ლითონის კონსტრუქცია, რომელიც ორი კომპანიის მფლობელობაში არსებულს ფართებს გამიჯნავს.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები 6 ივნისს შპს „ბურჯის“ ოთხ  ობიექტზე შევიდნენ. ესენია შპს „ბურჯის“ ორხევის სასაწყობე მეურნეობა, ნავთლუღში მდებარე მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამსახური, სოლოლაკის ხეივანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელო სახლი, აგრეთვე  საჩხერის რაიონში მდებარე ობიექტი. 

ცნობილია, რომ შპს „ბურჯი“ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე, 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიამ კოალიცია „ქართული ოცნებას“ შეღავათიან ფასად მიაქირავა ავტომობილები და კოალიციის ოფისებიც შეღავათიან ფასებში გაარემონტა. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც ქონება დააყადაღეს და აუქციონზე გაიტანეს.

2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. აუქციონზე  გაყიდულია ახვლედიანის №211-ში მდებარე 12 ათასი კვ.მ ფართი; თბილისში, სამგორის ჩიხის №14-ში მდებარე 9 ათას 43 კვ.მ სასაწყობე ფართი; საჩხერეში მდებარე 2300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 30 კვ.მ შენობა; საჩხერეში - ფეიქართა გორაზე მდებარე 1990 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; საჩხერეში - ფეიქართა გორაზე მდებარე 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თბილისში, სოლოლაკის ხეივნის №6-ში მდებარე 473 კვ.მ შენობის ფართი; თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის №42-ში მდებარე 10 ათას 482 კვ.მ მიწის ფართობი. 

აუქციონზე უძრავ ქონებასთან ერთად შპს „ბურჯის“ 203 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაც გაიყიდა.