ამას წინათ სამორის შევეხმიანე, რაღაც რუბრიკაში მინდოდა მისი ჩაწერა და მითხრა, ბათუმში ვარ, ინტერვიუსთვის ვერ მოვიცლიო. ისვენებ-მეთქი? - ვკითხე. არა, რა ვისვენებ, დღეში რვა საათს რეპეტიციები გვაქვსო. მოგვიანებით გავიგე, რომ სამორი ბალდე გათანამედროვებული "ვერის უბნის მელოდიების" მონაწილე გახლავთ. მიუზიკლის პრემიერა 11 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იგეგმება. მიუზიკლში მონაწილეობს ბუბა კიკაბიძე, თუმცა ამ ღონისძიების დეტალები იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ვისაც გინდათ, იმ მუსიკოსს თუ მონაწილეს დაურეკეთ, ხმას ვერ ამოაღებინებთ პროექტის შესახებ.
სოფო ნიჟარაძემ თავისი ახალი მთავარი როლი "ვერის უბნის მელოდიებში" რამდენიმე თვის წინ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დააანონსა. მაშინ არ დაუკონკრეტებია, რაზე მუშაობდნენ, თუმცა თქვა, რომ მორიგი გრანდიოზული პროექტისთვის ემზადებოდნენ. ამას წინათ კი ფოტოგრაფ გურამ მურადოვის მიერ გადაღებული ორი ფოტოც გამოჩნდა "ფეისბუქზე", სადაც სამორი, სოფო, ბუბა კიკაბიძე, ნოდიკო ტატიშვილი და კიდევ რამდენიმე მონაწილეა გამოსახული. მეორე ფოტოზე კი სოფო დადგმის ფრანგ რეჟისორთან ერთად არის აღბეჭდილი.
შეგახსენებთ, რედა ბენტეფუარმა მომღერალს 2010 წლის "ევროვიზიის" ნომერი დაუდგა. მასთან მუშაობა, წესით, საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება იქნება, რადგან თავის დროზე რეჟისორს უმუშავია მაიკლ ჯეკსონთან, დაიანა როსსა და ელტონ ჯონთან. ფრანგი რეჟისორი საქართველოში მიუზიკლის დასადგმელად სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა. როგორც ჩანს, ეს თავად სოფოს სურვილიც იყო, რადგან "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ ფოტოზე რეჟისორსა და მომღერალს შორის საკმაოდ თბილი მიმოწერა ვნახეთ. როგორც ჩანს, სოფო ძალიან აფასებს რედას პროფესიონალიზმს.
მიუხედავად ზე-გასაიდუმლოებისა, ერთი-ორი რამ მაინც შევიტყვეთ. როგორც ამბობენ, მუსიკალური მხარე ნიკოლოზ რაჭველს მიჰყავს, სოფო ნიჟარაძე ვარდოს როლშია, ნოდიკო ტატიშვილი მედროგე პავლეს განასახიერებს, ხოლო სამორი ბალდე - "ცნობის ფურცელის" მფრიალებელს. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფრით გავარკვიეთ, ვისი როლი შეხვდა ბუბა კიკაბიძეს.
რეპეტიციები დილიდან დაღამებამდე მიმდინარეობს და მონაწილეები საკმაოდ დაღლილები არიან, თუმცა დიდი სიამოვნებით ელოდებიან პრემიერის დღეს, როცა ბათუმში პირველად ვიხილავთ გათანამედროვებულ "ვერის უბნის მელოდიებს".