მსახიობი ზურა ყიფშიძე ბატონ იპოლიტე ხვიჩიასთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იგონებს:
“ზაფხულის ერთი მშვენიერი, მზიანი შუადღეა, კინოსტუდიაში ვარ, გადაღებას ველოდები პავილიონთან. ვხედავ, ეზოში ბატონი იპოლიტე ხვიჩია შემოდის, ჩვეულებრივად, საზაფხულო “შლაპით”. იღლიაში, ასე 5-6 კილოიანი საზამთრო ამოუჩრია (უყვარდა, საერთოდ, ასეთი ნობათების მირთმევა თანამშრომლებისთვის), 10-12 ნაბიჯი გვაშორებს.
მიუახლოვდა გაზეთების ჯიხურს, ახალი გაზეთები უნდა შეიძინოს, ეს საზამთრო მარცხენა იღლიაში აქვს, როგორც ჩანს, ხურდაც მარცხენა ჯიბეში უყრია.
დაიწყო თვითწამება, არც საზამთროს უშვებს ხელიდან, არადა, ეკონწიალება მარჯვენა ხელით მარცხენა ჯიბეს. თვითონ წარმოიდგენთ, როგორი პროცედურაა მარჯვენა ხელით ხურდა ფულების ამოკრეფა მარცხენა ჯიბიდან, მაგრამ იპოლიტეს რას გაუგებდი? მოკლედ, რომ გასავათდა და აღარ ადგება საშველი, მივუახლოვდი და მივესალმე. გაუხარდა, გამიღიმა, მაგრამ წამსვე მოიღრუბლა:
- მოდი აქ შენ, ზურიკო.
მივედი.
- გამომართვი ეს საზამთრო, დამიჭირე ცოტა ხანს, გაზეთები უნდა ვიყიდო.
- კი მაგრამ, დაგედოთ ძირს ეგ საზამთრო, ბატონო იპოლიტე.
- გამომართვი და ჭკუას ნუ მასწავლი მე შენ! ძირს დადებას დახრა არ უნდა?
- კი.
- მერე აღებას დახრა არ უნდა? ორჯერ დახრა შეუძლია ჩემს წელს?!
ეჰ... აცხონოს ღმერთმა!.’’