მომღერალი, ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გახდა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ეკა ბერიძე ტელეკომპანია "მაესტროდან" "მე-9 არხზე" გადავიდა, გადაცემა "პირდაპირ საუბარს" ზაზა უძღვება:
- ტელეწამყვანობის ორწლიანი გამოცდილება მაქვს. რადიო "უცნობის" ეთერში ნადირობის მოყვარულთათვის და მონადირეებისთვის განკუთვნილი გადაცემა "მონკავშირი" მიმყავდა, შემდეგ შალვა რამიშვილმა და დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" თანაწამყვანად მიმიწვიეს და ერთი კვირის განმავლობაში მათთან ერთად მიმყავდა ეს გადაცემა. ამით მცირე "მოთელვა" გავიარე. ამის შემდეგ კი ტელეკომპანია "მაესტროს" პროდიუსერებმა გადაცემა "პირდაპირი საუბარის" წაყვანა შემომთავაზეს და მეც უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან ზედმეტი თავმდაბლობა ვნებს ადამიანს, ისევე როგორც ზედმეტი თავდაჯერებულობა.
- საზოგადოებისთვის ცნობილია შენი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, გადაცემაში კი ხშირად იწვევ ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მათ მეხოტბეებს. არ გაღიზიანებენ ასეთი ადამიანები?
- თავიდანვე გავაცნობიერე, რომ გადაცემის მსვლელობისას თავი მაქსიმალურად უნდა შემეკავებინა და ჩემი პოზიცია არ გამომეხატა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან უფრო მწვავე შეკითხვები მაქვს, ვიდრე ოპოზიციონერებთან, რადგან ქვეყანაში თუ რამე ფუჭდება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხი. თანაც, ცხადად ჩანს, რომ გადაცემაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან გულწრფელნი და შეიძლება ეს იყოს გამაღიზიანებელი. 8 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და კიდევ სურთ 4 წლით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ამიტომაც მოსწონს ამ ხელისუფლებას სინგაპურიზაცია. სინგაპურში ხომ 52 წელია ერთი მმართველი გუნდი მართავს ქვეყანას.
- რომელია შენი საოცნებო რესპონდენტი?
- ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია, თითქმის ყველა მოდის ჩემს გადაცემაში. გვსტუმრობდა ენ-დი-აის წარმომადგენელიც კი, სხვათა შორის, თვითონ დაგვიკავშირდა და გადაცემაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. გვეწვია უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი, რომელიც ასეთ გადაცემებს ყოველთვის თავს არიდებს. პრეზიდენტი კი, როგორც წესი, რეზიდენციაში იბარებს ჟურნალისტებს და იქ აძლევს ინტერვიუს. სიამოვნებით ჩავწერდი სააკაშვილთან ინტერვიუს, 20-ზე მეტი შეკითხვა მაქვს, თუმცა ეჭვი მეპარება, მზად იყოს მათზე საპასუხოდ. სააკაშვილს პირდაპირ ეთერში ვეტყოდი და დავუმტკიცებდი, რომ ქვეყანაში კორუფცია დამარცხებული არ არის, განსაკუთრებით - მაღალ ეშელონებში. როდესაც ქვეყანაში მთავარი შემკვეთი სახელმწიფოა, სწორედ ეს არის კორუფციის სათავე.
- ზაზა, რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- დათა თუთაშხიასთან და "სამი მუშკეტერის" ათოსთან. ეს პერსონაჟები ბავშვობიდან მხიბლავდნენ ვაჟკაცობითა და სიდარბაისლით.
- სერენადა თუ გიმღერია ვინმესთვის?
- რა თქმა უნდა, თან უამრავჯერ. ბოლოს სერენადა ჩემს მეუღლეს, ხათუნა დოლიძეს ვუმღერე. სხვათა შორის, ჯგუფ "ვაკის პარკის" შემოქმედებაში რაც კი სატრფიალო სიმღერაა, ყველა ჩემს მეუღლეს მივუძღვენი.
- ასი დღით საქართველოს პრეზიდენტი რომ გახდე, რას გააკეთებდი?
- პირველ რიგში, სასამართლოს გავათავისუფლებდი ხელისუფლების მარწუხებისგან. დღეს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ხელშია, დემოკრატიაზე ლაპარაკი სასაცილოა... შემდეგ მედიას და პოლიციას დავიხსნიდი პოლიტიკური წნეხისგან. რაც მთავარია, ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენდი. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ბენიტო მუსოლინი ამბობდა - მეგობრებისთვის ყველაფერი, დანარჩენებისთვის კანონიო. ამ პრინციპით ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება. სწორედ ამ პრინციპს დავანგრევდი და დავიწყებდი დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყნის მშენებლობას.
- წარმოიდგინე, გირეკავს მიხეილ სააკაშვილი და გთხოვს, რომ კვლავ გახდე მისი უფროსი ვაჟის, ედუარდის გიტარის მასწავლებელი, რას უპასუხებდი?
- ამ საქმეზე კარგა ხნის წინ ვთქვი უარი. ძალიან ძნელია, ურთიერთობა გქონდეს პრეზიდენტის შვილებთან, მეუღლესთან და დედასთან, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმები და არ მოგწონს როგორც ქვეყნის მმართველი. სწორედ ეს გახდა სააკაშვილის ოჯახიდან ჩემი წამოსვლის მიზეზი.
- შენს ადგილზე ბევრი ამ "ტკბილ" ლუკმას არ დაკარგავდა და "დუმილის უფლებას" გამოიყენებდა...
- ბევრი ცდილობს ცნობილ ან წარმატებულ ადამიანებთან დაახლოებას და ყველაფერზე თვალს ხუჭავს. მე ასე მოქცევა არ შემიძლია. უდიდეს პატივს ვცემ ქალბატონ სანდრას, ედუარდს, რომელსაც არ ეტყობა, რომ პრეზიდენტის შვილია - მოკრძალებული, კარგად აღზრდილი და წესიერი ბავშვია, მაგრამ ასეთ ოჯახში სიარული, უსაფრთხოების დაცვის მომენტიც რომ გავითვალისწინოთ, სწორად არ მიმაჩნია.
- ანუ, ყოველ მისვლაზე გამოწმებდნენ?
- ერთი-ორჯერ განსაკუთრებული ზომები მიიღეს. შეიძლება იმ პერიოდში პრეზიდენტი შინ იყო, თუმცა სხვა დროს, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მსგავსი არაფერი ყოფილა...
- რას აჩუქებდი საქართველოს პრეზიდენტს?
- ბიბლიას.