მე–19–ე საუკუნეში, როცა ქართველი საზოგადო მოღვაწეები წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქმნიდნენ, ნეტავ თუ იფიქრებდნენ, რომ საუკუნის შემდეგ საქართველოში მსგავსი საზოგადოების შექმნის საჭიროება დღის წესრიგში კვლავ დადგებოდა?
საქართველოში ცოტა ხნის წინ დაარსებულ “კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ ახლო მომავალში 10 ფილოსოფიური ნაშრომის გამოცემა აქვს დაგეგმილი, ზოგადად კი, მათი სამოქმედო არეალი საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობას მოიცავს, სადაც სასაკოლო ბიბლიოთეკების დახმარება და უამრავი სხვა პროექტი იგულისხმება.
ამ ორგანიზაციამ უკვე გამოსცა მცირე ფორმატის წიგნები, რომელთა ავტორთა ჩამონათვალი ასეთია – ილია ჭავჭავძე, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, არჩილ ჯორჯაძე, ნოე რამიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა, ასევე სტატიები ემიგრაციაში გამოცემული გაზეთებიდან, 75 თეთრი ღირს და ყველაზე ჭირვეული მკითხველის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს და ყველაზე ღარიბის ჯიბეც გასწვდება.
ყოველ წიგნს თანამედროვე ქართველმა მწერლებმა და ფილოსოფოსებმა წინასიტყვაობა დაურთეს, რაც გასულ საუკუნეებში მიმდინარე პროცესების თუ კონკრეტული მწერლის შემოქმედების ახლებურად გააზრების მცდელობას წარმოადგენს.