ბაგრატის ტაძარმა ისტორიულ–მხატვრული ღირებულება შეიძლება დაკარგოს!

ბაგრატის ტაძარმა ისტორიულ–მხატვრული ღირებულება შეიძლება დაკარგოს!

[ნინო მიქიაშვილი]
იუნესკოს პოზიციას, ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებასთან დაკავშირებით, სპეციალისტები დადებითად აფასებენ, მაგრამ იქვე აღნიშნავენ, რომ ესაა დაგვიანებული შეფასება. პრესა.გე ესაუბრა ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილს, რომელიც თავის კოლეგასთან, ირინე ელიზბარაშვილთან ერთად, თავიდანვე აქტიურად, საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების იმ ფორმით დაწყებას, როგორითაც დაიწყო და დღემდე გრძელდება.

პრესა.გე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და იუნესკოს განცხადებასთან დაკავშირებით, მინისტრისგან კომენტარის ჩაწერაში დახმარება სთხოვა. ჩვენ განგვიმარტეს, რომ ნიკა რურუას გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და თან, ასეც რომ არ იყოს, იმაზე ახალს და განსხვავებულს ვერაფერს გვეტყვის, რაც ტელეკომპანია “მაესტროს“ უთხრა. ასე რომ იძულებული ვართ შემოგთავაზოთ (ოდნავ ქვემოთ) ნიკა რურუას მიერ, “მაესტროსთვის“ მიცემული კომენტარი.

იუნესკო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს, რურუა გაგრძელებას
დღეს საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზე განთავსებული განცხადების ქართული თარგმანი, რომელიც ასეთი შინაარსის გახლავთ:

“იუნესკო ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში მიმდინარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიამ, ქუთაისის ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი, საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შეიტანა.

კომიტეტმა გამოხატა შეშფოთება იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ბაგრატის ტაძარზე ხორციელდება. კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეკონსტრუქციის პროექტის შეცვლა შესაძლებელია და მოითხოვს კათედრალზე დაუყოვნებლივ შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი მე-10-11, ხოლო გელათი მე-12-17 საუკუნეებს განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ გელათის კომპლექსში შემონახულია შესანიშნავი მოზაიკა და კედლის მხატვრობა და რომ ორივე ძეგლი აყვავებული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია.

25 ივლისიდან - 3 აგვისტომდე ბრაზილიის დედაქალაქში მიმდინარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესია; მასზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობა. სესიას ესწრებიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი და იუნესკოში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა.

მათ კომიტეტის წინაშე წარადგინეს მცხეთის ძეგლების კონსერვაციის მდგომარეობის ანგარიში. შეხვედრაზე კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს მხარემ განახორციელა მცხეთის მონუმენტების დაცვისა და მართვის საქმეში, გასული ერთი წლის განმავლობაში. მოხდა კონკრეტული სამოქმედო პროგრამის შეჯერება, რომელიც უახლოეს წლების მანძილზე უნდა განხორციელდეს, საქართველოსა და იუნესკოს ექსპერტთა ერთობლივი თანამშრომლობის მეშვეობით.

კომიტეტზე მოხდა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის კონსერვაციის მდგომარეობის საკითხის განხილვაც. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შესულია მე- 4 კრიტერიუმით (შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის დიდებული ნიმუში). იუნესკოს კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაძრის რესტავრაცია ეწინააღმდეგება მინიჭებულ სტატუსს, რის გამოც ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების გამო ნანგრევი უნდა შევიდეს საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში.

ქართულმა მხარემ განმარტა, რომ ძეგლი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს და მის აღდგენას მხარს უჭერს, როგორც სახელმწიფო, ასევე საქართველოს ეკლესია. ამასთან, საქართველოს მხარე მზადაა იუნესკოსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან სათანამშრომლოდ.

ქართულმა მხარემ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებით, გამოთქვა სურვილი და მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში მოახდინოს ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის რენომინაცია, სხვა, დაზუსტებული კრიტერიუმებითა და საზღვრებით“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკა რურუას პირველი კომენტარი, იუნესკოს განცხადებაზე, რომელიც მან ტელეკომპანია “მაესტროს“ მისცა, ასეთია:

“უბრალოდ, ეს ტაძარი არის საფრთხეშექმნილი ტაძრების სიაში, იმიტომ რომ ბუნებრივია, პრობლემა, რომელიც ამ ტაძარს ყოველთვის ჰქონდა (გამოქარვა, წყალი, თოვლი, წვიმა), რჩება პრობლემად და ამიტომ ახლა, საჭიროა იუნესკოსთან თანამშრომლობით, ამ რესტავრაციის ბოლომდე მიყვანა, იმიტომ რომ ყველაზე საშიშ მდგომარეობაში ის იქნება მაშინ, თუ დავტოვებთ ისე, როგორც არის“.

იუნესკოს დაგვიანებული, მაგრამ სწორი შეფასება
ხელოვნებთმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილი ამავდროულად, იკომოსის (ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) წევრია. ამასთან, იმ მრავალრიცხოვანი საბჭოს შემადგენლობაშია, რომელშიც კულტურის სამინისტროს და საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი და რომლის გადაწყვეტილებითაც დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, ბაგრატის ტაძარზე. ამ გადაწყვეტილებას საბჭოში ორადორი მოწინააღმდეგე ჰყავდა – ირინე ელიზბარაშვილი და ციცინო ჩაჩხუნაშვილი.

როგორ აფასებთ იუნესკოს ამჟამინდელ პოზიციას?
ციცინო ჩაჩხუნაშვილი: ამ შეფასებით, იუნესკომ დაგვიანებით, მაგრამ სწორად და რეალურად შეაფასა ბაგრატის ტაძრის მდგომარეობა; მკვეთრად გამოთქვა უარყოფითი აზრი, რომ ამ პროექტის განხორციელებით ტაძარს ისტორიულ–მხატვრული ღირებულება, ანუ ავთენტურობა დაეკარგება. რაც ტაძართან მიმართებაში უკვე განხორციელდა, შეუქცევადი პროცესია, თუმცა, ჯერ კიდევ შეიძლება იმ ფასეულობების გადარჩენა, რაც ტაძარს გააჩნია, მიუხედავად ასეთი ჩარევისა.

ნიკა რურუა ამბობს, დაწყებულ პროექტს, იუნესკოს დახმარებით ბოლომდე მივიყვანთო...
– იქვე ისიც არის ნათქვამი, ამას ხალხი, სახელმწიფო, ეკლესია მოითხოვსო. ყველას ერთად, უფრო კარგად, რომ ავუხსნათ რას ვკარგავთ, შეიძლება ეს მოთხოვნა შეიცვალოს. მთავარი ისაა, რომ იუნესკომ დაგვიანებული, მაგრამ სწორი შეფასება გააკეთა. ასეთი შეფასება, რომ მაშინვე ყოფილიყო, როდესაც ჩვენ ეს კამპანია წამოვიწყეთ, შეიძლება აქამდე რაღაც გვეფიქრა.

ეს პროცესი, რომც შეაჩერონ, რა ვუშველოთ ახლა, ამ მდგომარეობაში, როგორ გადავარჩინოთ ის ფასეულობები, რაც ამ ტაძარშია კიდევ შერჩენილი და როგორ დავიცვათ ეს, საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი და საფიქრალია; ამაზე ცალკე პროექტია შესადგენი. ამისთვის რამდენად მზადაა ჩვენი მხარე, თუნდაც იუნესკო დაგვეხმაროს ამაში, რთული სათქმელია, მაგრამ ეს შესაძლებელია. იუნესკოს განცხადების შინაარსში, ვფიქრობ, სწორედ ეს ჩანს და ვნახოთ, რა პოზიციას დაიჭერს ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება; იუნესკოს მხოლოდ დახმარება შეუძლია.

თუ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, ითანამშრომლებს იუნესკო ქართულ მხარესთან?
– იუნესკომ ცალსახად უარყოფითად შეაფასა ის პროექტი, რომელიც წარადგინეს და ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ანუ, იუნესკო ქართულ მხარესთან, ამ პროექტის განხორციელებაში არ ითანამშრომლებს. ეს ყველანაირ წესს ეწინააღმდეგება.

რას ნიშნავს ბაგრატის საფრხეში მყოფი ძეგლების სიაში შეტანა – შეიძლება საერთოდ ამოიღონ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან?
– თუ ვითარების გამოსასწორებლად ნაბიჯები არ გადაიდგა, ეს შეიძლება მოხდეს. საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში ბაგრატის შეტანა ნიშნავს გაფრთხილებას, რომ თუ რაღაცა ცუდად წარიმართა, უნდა იზრუნოთ ამის გამოსწორებაზეო.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან თუ არ ვცდები სამი ძეგლია ამოვარდნილი. ამ ბოლო ხანებში არ ვიცი ისინი პოლიტიკას როგორ ცვლიან, მაგრამ მე იმაზე ვღელავ, რომ ამ ამოგდებაში ბაგრატს გელათიც შეიძლება მიჰყვეს. ეს რენომინაცია შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ გელათის წარდგენას და ბაგრატზე დაწყებული სამუშაოების ბოლომდე მიყვანას.

ვეთანხმები ნიკა რურუას იმაში, რომ სამუშაოების შეჩერება და ასე დატოვება არ შეიძლება. ახლა ჩვენთვის მთავარია ამ პროცესის სწორად წარმართვა, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის ფასეულობა, რაც ამ ტაძარშია შერჩენილი. ამაში იუნესკო გვეხმარება. თუმცა, ის არ არის იმპერატიული – გინდა თუ არა ეს გააკეთეო. თუ შენ არ გინდა, თავს არ მოიკლავს.

რას აპირებთ ის სპეციალისტები, რომლებიც სამუშაოების დაწყებას თავიდანვე შეეწინაღმდეგეთ?
– ბოლოს, როდესაც სამუშაოების გაგრძელება გადაწყდა, ვფიქრობდით რა შეიძლება ჩვენი მხრიდან კიდევ გაკეთებულიყო, რადგან მაშინ საკმაოდ აქტიური კამპანია წამოვიწყეთ. მაგრამ თუ სახელმწიფო არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისთვის ბაგრატი მნიშვნელოვანი, ფასეულია და არა რაღაც ახალშენი, ჩვენ არაფერი გამოგვივა.

ჩვენ მაშინ გარედან, ანუ იუნესკოდან დახმარების დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ასეთი სწრაფი შეფასება არ მოხდა. ეს რომ მომხდარიყო, შეიძლება აქამდე მოფიქრებული გვქონოდა როგორ უნდა წარიმართულიყო შემდგომი საქმეები. ახლა სამუშაოები, რომც შეწყდეს, იმდენად რთული მეთოდური საკითხებია გადასაწყვეტი, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო...

გამოსავალს რაში ხედავთ?
– გამოსავალი ის არის რომ იუნესკომ კარგი შეფასება გააკეთა – მდგომარეობა რეალურად შეაფასა, რომელიც არის ძალიან მძიმე, მაგრამ ჯერ კიდევ შესაძლებელია ბაგრატის გადარჩენა და ამიტომ, ვფიქრობ, ისინი თავიანთი ექსპერტების მეშვეობით მზად იქნებიან, რომ დაგვეხმარონ. სამუშაოები უნდა შეჩერდეს და სხვანაირად უნდა ვიფიქროთ, ჯერ კიდევ შენარჩუნებული ფასეულობების გადასარჩენად.