მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასამართლიანია და ხელისუფლების ზეწოლას განიცდის. თბილისელები ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც სასამართლო სისტემასთან უშუალო კავშირი აქვთ, უნდობლობას უცხადებენ და მოუსავლეთში აგზავნიან. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც „ობიექტივმა“ ჩაატარა.
30 ივლისს, ქალაქ თბილისის ორ უბანში - ვერასა და საბურთალოზე „ობიექტივის“ ინიციატივით და ორგანიზებით 150 ადამიანი გამოკითხა. შედეგები რადიკალურად განსხვავდება იმ მონაცემებისგან, რომელსაც ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები პერიოდულად გვთავაზობენ.
ამ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ: „ობიექტივიდან“ გვანცა პატარაია, გაზეთ „ახალი თაობის“ კორესპონდენტი გულიკო ბალაძე, საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ ჟურნალისტი გვანცა მეშველიანი, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ზაზა დავითაია და საინფორმაციო ანალიტიკური ინტერნეტგამოცემა for.ge-დან ნინო მიქიაშვილი.
გამოკითხვის დროს, ქუჩაში გამვლელებს ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ:
1. არის თუ არა საქართველოში სასამართლო სამართლიანი?
2. არის თუ არა საქართველოში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი?
3. საქართველოს სასამართლო სისტემა იმყოფება თუ არა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ?
4. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული პირებიდან ვინ იმსახურებს თქვენს ნდობას:
ა) საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი;
ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი;
გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი;
დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია.
გამოკითხვის შედეგად შემდეგი მონაცემები მივიღეთ:
121 ადამიანი (80.85%) მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო სამართლიანი არ არის; 15-ს (10%) თვლის, რომ სასამართლო სამართლიანია, ხოლო გამოკითხულთა 9.15%-მა, ანუ 14-მა ადამიანმა არ იცის არის თუ არა საქართველოში სასამართლო სამართლიანი;
კითხვაზე - არის თუ არა საქართველოში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი? 98-მა ადამიანმა, ანუ 66.31%-მა გვიპასუხა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის; გამოკითხულთა 30.36%, ანუ 46 ადამიანი კი მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია; 5-მა გამოკითხულმა, ანუ 3.33%-მა გვითხრა, რომ არ იცის სასამართლო დამოუკიდებელია თუ არა;
გამოკითხულთა 80.85%, ანუ 121 ადამიანი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება. 22 ადამიანს, ანუ 14.52%-ს კი მიაჩნია, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენას არ განიცდის. 7-მა ადამიანმა, ანუ 4.76%-მა არ იცის არის თუ არა სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ;
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ, ზემოთ ჩამოთვლილ პირებზე, გამოკითხვის შედეგად ასეთი მონაცემები მივიღეთ - 67 ადამიანი, ანუ 44.79% ნდობას უცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს; 29 ადამიანი, ანუ გამოკითხულთა 19.14% საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ენდობა; 6 ადამიანს, ანუ 3.96%–ს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიაჩნია სანდო ადამიანად; 4 გამოკითხული, ანუ 2.64% საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცხადებს ნდობას; 150 გამოკითხულიდან მხოლოდ ერთი ადამიანი, ანუ 0,66% ენდობა შინაგან საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრს ბაჩო ახალაიას.
გამოკითხვის დროს მოუსავლეთში აგზავნიდნენ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთა გვარებიც ანკეტებში გვქონდა მონიშნული. მათგან გამორჩევით უარყოფითი ეპითეტებით ბაჩო ახალაიას ამკობდნენ. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა, მთხოვა გვარების გასწვრივ მიმეწერა „მოუსავლეთში“; ახალაიას გვარის გასწვრივ „ორჯერ მოუსავლეთში“ და სააკაშვილთან ისიც დამემატებინა, რომ მან „ქვეყანა დაანგრია“.
პირადად მე 19 ადამიანი გამოვკითხე. მათგან ორმა გამოუცხადა ნდობა მიხეილ სააკაშვილს. ერთი, დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იყო. მისი პასუხები წინა სამ კითხვაზე ასეთი გახლდათ - სასამართლო არასამართლიანია, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, სასამართლო განიცდის ხელისუფლების ზეწოლას. როცა ის პირები ჩამოვუთვალე, რომლებიც სასამართლო სისტემასთან არიან დაკავშირებულები, ახალგაზრდა მამაკაცმა თქვა, რომ ყველაზე მეტად სააკაშვილს ენდობა.
მეორე ადამიანი, ვინც სააკაშვილს ხმა მისცა, შუახანს მიტანებული მამაკაცი იყო. მან თქვა - „მიხეილ სააკაშვილი ჩემი ბელადია“. აღნიშნა, რომ სასამართლო სამართლიანი, დამოუკიდებელია და ხელისუფლების გავლენას არ განიცდის. ბოლოს დასძინა - „იცოდეთ, ჩემი თავი არ დააჭერინოთო“. ამაზე მივუგე - ისეთი პასუხები გამეცით, დაჭერას ვინ გაგიბედავთ-მეთქი?! გაიცინა და დამშვიდობებისას მითხრა, რომ მეხუმრა.
თუ ვინმე ჩვენს მიერ ჩატარებულ გამოკითხვის შედეგებში ეჭვს შეიტანს, მზად ვართ დაეჭვებულ ადამიანებთან ერთად გამოკითხვა ხელახლა ჩავატაროთ.