საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ for.ge-მ ერთი და იმავე თემაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მეორედ შეიტანა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შსს საჯარო ინფორმაციას გვიმალავს. საქმე ეხება 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმების სახელწოდებებს, უწყებრივი და რეგიონული დანაყოფების იდენტიფიკაციით. for.ge-ს ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენლები - ნათია კაპანაძე და მარიამ გოგოსაშვილი.
26 მაისის მშვიდობიანი აქციის მარბიელ სპეცრაზმებზე საჯარო ინფორმაცია დარბევის მეორე დღეს, 2011 წლის 27 მაისს გამოვითხოვეთ და ამ საკითხზე იქიდან მოყოლებული დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა. ჩვენი პირველი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო შარაძემ 2012 წლის 22 თებერვალს განიხილა და არ დააკმაყოფილა. შსს-ს შორენა პეტავა წარმოადგენდა. როგორც მან განაცხადა, 27 მაისით დათარიღებული განცხადება, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, იყო ზოგადი ხასიათის და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ზოგადი პასუხი გაგვცა.
შსს-ს წარმომადგენლის პოზიცია ასეთი გახლდათ - თუ სარჩელზე უარს ვიტყოდით და ხელმეორედ მივმართავდით სამინისტროს, შედარებით დაკონკრეტებული კითხვით, მივიღებდით შესაბამის პასუხს. 22 თებერვლის პროცესზე ჩვენს ინტერესებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე იცავდა. შსს-ს წინადადებაზე ჩვენი რეაქცია ასეთი გახლდათ - დავის გაგრძელებაზე უარი არ ვთქვით, სააპელაციოში საჩივარი შევიტანეთ და პარალელურ რეჟიმში, 2012 წლის 2 მარტს შსს-ში ხელახალი განცხადება ჩავაბარეთ, რასაც ადმინისტრაციული საჩივარი მოჰყვა, რომელიც შსს-მ არ დააკმაყოფილა.
მთელ ამ დავიდარაბაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საჯარო ინფორმაციაზე უარს იმ ყბადაღებული კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე გვეუბნებიან, რომელიც 1997 წელს გამოიცა - ესაა ედუარდ შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება N42. ამ კონკრეტულ კანონქვემდებარე აქტის საფუძველზეა გასაიდუმლოებული თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რაც for.ge-ს სააპელაციო წესით აქვს გასაჩივრებული.
შსს-ს ამჟამინდელი პოზიციით, რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისს დარბევაში მონაწილე სპეცდანიშნულების რაზმების სახელწოდებების დაკონკრეტებით სახელმწიფო საიდუმლოება გამჟღავნდება. შსს-ს ბრძანება N316-ზე, რომელსაც ხელს აწერს მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, აღნიშნულია:
„...სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ 5.1.3. პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს სადაზვერვო, კონტრდაზვერვის და სხვა სპეცსამსახურების სტრუქტურა და ფუნქციური მოვალეობანი, რომელთა გამჟღავნება გამოააშკარავებს მათი მუშაობის მიმართულებას და დაინტერესების ობიექტებს. შესაბამისად, სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სტრუქტურა (განსაზღვრულია დეპარტამენტის საიდუმლო დებულებით) წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას...“
ჩვენი აზრით, ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია, რადგან შსს-ს პოზიციის აბსურდულობა მათივე გამოცემულ ბრძანებაშიც აშკარად ჩანს. სწორედ ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით. ახლა დაველოდებით პროცესის თარიღის ჩანიშვნას. კაცი იმედით ცოცხლობს და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.