რა კავშირშია მარკ მალენის ბიზნესი ნინა ხატისკაცის გათავისუფლებასთან

რა კავშირშია მარკ მალენის ბიზნესი ნინა ხატისკაცის გათავისუფლებასთან

რამდენიმე დღის წინ for.ge-ს ერთი საყურადღებო ინფორმაცია მიაწოდეს. ამ ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტში, მათ შორის, „ჯეოკაპიტალში“, რომლის 30% წილის მფლობელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბორდის თამჯდომარე მარკ მალენი, საგადასახადო შევიდა. „ჯეოკაპიტალს“ ბიუჯეტთან პრობლემები დაუფიქსირეს, თუმცა, ხელისუფლებამ მალენს გარიგება შესთავაზა, „ჯეოკაპიტალს“ დავალიანების პატიების სანაცვლოდ ნინა ხატისკაცის ორგანიზაციიდან გათავისუფლება მოსთხოვეს. რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია რეალობას ალბათ უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი, ჩვენ კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით ხატისკაცის გათავისუფლების თემას, რომელმაც უამრავი უპასუხო კითხვა დატოვა. მკითხველმა კი დასკვნები თავად გააკეთოს.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებად შეაფასა, რომელიც შიდაორგანიზაციულ უთანხმოებას უკავშირდებოდა და მას პოლიტიკური ან სხვა საფუძველი არ გააჩნდა.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელსაც ნინა ხატისკაცი ხელმძღვანელობდა, საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი იყო და ეჭვები, რომ შესაძლოა, მის გათავისუფლებას სინამდვილეში პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, სავარაუდოდ სწორედ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარეობს.

ცნობილია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომლის ინფორმაციასაც ეყრდნობიან სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციები, რაც შემდეგ საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნებშიც აისახება ხოლმე.

ჩნდება საუძვლიანი ეჭვი, რომ ნინა ხატისკაცის გასათავისუფლებლად, რომელიც საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა, საკმარისი მოტივაცია არსებობდა.

ვრცელდება ინფორმაციები ორგანიზაციის ბორდის თამჯდომარე მარკ მალენისა და გიგა ბოკერიას მეგობრობის შესახებაც, თუმცა მალენი ამ ინფორმაციას უარყოფს. სამაგიეროდ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია.

მარკ მალენი ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესი აქვს და პრეზიდენტ სააკაშვილსაც კარგად იცნობს თუმცა, დიდი ხანია არ შეხვედრია.

ამის შესახებ, მალენმა სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მე მაქვს ბიზნესი საქართველოში, ერთ–ერთია „ჯეო კაპიტალი“ ასევე კარგი ნაცნობობა მაქვს მიშასთან და მთავრობის სხვა წევრებთანაც, ამაში უჩვეულო არაფერია. მიშასთან კარგა ხანია არ მისაუბრია“,- წერს მარკ მალენი.

მალენი ამბობს, რომ ხატისკაცი მას არ გაუთავისუფლებია, იგი ეკა გიგაურმა გაათავისუფლა და ის გიგაურის გადაწყვეტილებას უბრალოდ, დაეთანხმა.

თუმცა, ნინა ხატისკაცმა „მეცხრე არხს“ გადასცა აუდიოჩანაწერი, სადაც მას სწორედ მარკ მალენი სთხოვს, რომ უხმაუროდ წავიდეს სამსახურიდან:

„შენ გინდა მსოფლიოს უთხრა, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, რომ მერე მსოფლიო მოვიდეს და ჩვენ გვკითხოს ეს? ჩვენ შეგვიძლია, პასუხი გავცეთ, მაგრამ მე არ მინდა ეს“,- ამბობს მარკ მალენი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი ამბობს, რომ ის, რაც ნინა ხატისკაცმა განაცხადა, თითქოს მას შანტაჟით უპირებდნენ გაშვებას ტყუილია.

თავის დროზე ეკა გიგაური იმასაც ამბობდა, რომ ამ გათავისუფლებაში პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხული იყო, რადგან ხატისკაცი მხოლოდ ორგანიზაციის პოზიციას ახმოვანებდა.

„ორგანიზაციის წარმომადგენლების ყველა განცხადება ემთხვევა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პოზიციას. ეს პოზიცია კი იმ გამოკვლევებს ემყარება, რომლებსაც „საერთაშორისო გამჭირვალობა“ დროდადრო ამზადებს“, - აცხადებდა გიგაური მედიასთან საუბრისას. 

ეკა გიგაურმა ხატისკაცის გათავისუფლება ორგანიზაციის განვითარებასა და პროექტების მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეხედულებებით ახსნა:

„რაც შეეხება ნინას მოსაზრებებს, არასოდეს არც მისი, არც ჩემი, არც ერეკლე ურუშაძის თუ სხვათა მოსაზრებები არ ყოფილა კერძო, პირადი მოსაზრებები და ისინი ყოველთვის ემთხვეოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ოფიციალურ პოზიციას. ძალიან მიკვირს, რომ ამ ფაქტს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცა“,-განაცხადა გიგაურმა და ხატისკაცის გათავისუფლებიდან სამ დღეში ამ  საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმიანება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ორგანიზაციაში მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება დაკავშირებული იყო შიდა ორგანიზაციულ უთანხმოებასთან. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინა ხატისკაცს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პოზიცია ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა ორგანიზაციის და არა რომელიმე პიროვნების პოზიციას. ჩვენი განცხადებები და ანგარიშები ყოველთვის ემყარებოდა კომპლექსურ კვლევას, რომელსაც ორგანიზაციის მრავალი მკვლევარი და ექსპერტი ახორციელებდა. ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა ის მიღწევები და საზოგადოების ნდობა, რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა. ამავე დროს, ჩვენ გვაღელვებს ის განცხადებები, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნან ორგანიზაციის იმიჯს და საქმიან რეპუტაციას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გამოვხმაურებოდით დღეს გაკეთებულ განცხადებებს და საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ორგანიზაციაში მიმდინარე შიდა პროცესებთან დაკავშირებით“.

კომენტარები ნინა ხატისკაცმაც გააკეთა, ის ამბობს, რომ არანაირი ზეწოლა პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით არ ყოფილა, მაგრამ ამბობს იმასაც, რომ კომუნიკაცია დაახლოებით ერთი თვის წინ შეფერხდა, მაგალითად, მის ფოსტაზე აღარ იგზავნებოდა კამპანია - „ეს შენ გეხებასთან“ დაკავშირებული ინფორმაციები, როდესაც ურთიერთობის გარკვევა მოინდომა, მას ამისი საშუალება არ მიეცა, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეხვდა მარკ მალენი და განუცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული იყო.

ამ კომენტარების შემდეგ ხატისკაცი, გარკვეული პერიოდი დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სხდომა, რომელსაც ელოდებოდა, რათა საკუთარ გათავისუფლებასთან დაკავშირებული დეტალები გაერკვია, არ შედგა და მარკ მალენი ამერიკაში გაემგზავრა, იგი შანტაჟზე ალაპარაკდა.  

როგორც ნინა ხატისკაცმა „მეცხრე არხს“ განუცხადა, ოც ივლისს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა და გამგეობის თავმჯდმომარე მარკ მალენმა შანტაჟის გზით გაათავისუფლეს.

ხატისკაცი ამბობს, რომ მარკ მალენი მას დუმილის სანაცვლოდ კომპენსაციას და კარგ რეკომენდაციას დაპირდა. მისივე თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები მოითხოვდნენ, რომ ე.წ. შვებულებაში წასულიყო სვანეთში, სადაც არ უპასუხებდა ჟურნალისტების ზარებს და კომენტარსაც არ გააკეთებდა.

მას შემდეგ რაც ხატისკაცმა მალენის წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში ამას ღიად იტყოდა, მას უთხრეს, რომ ვერც კომპენსაციას მიიღებდა და ვერც რეკომენდაციას, ასევე გაუჭირდებოდა ახალი სამსახურის მოძებნა.

ნინა ხატისკაცი მისი გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგაოებამ თავად უნდა განსაჯოს თუ რატომ შეიძლებოდა არასამთავრობო ორგანიზაციას სამსახურიდან შანტაჟის გზით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე გაეშვა კადრი, რომელსაც შენიშვნაც კი არ მიუღია და შვიდი თვის წინ კარგი მუშაობის გამო ხელფასი მოუმატეს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხატისკაცი რეალურ მიზეზებზე კვლავ არ ან ვერ საუბრობს და თუ დუმილის სანაცვლოდ მას კომპენსაციასა და კარგ რეკომენდაციასაც დაპირდნენ, ჩანს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კარგად ხვდებოდა, რომ მის გათავისუფლებას სკანდალი მოჰყვებოდა, ამასთან გარკვეული მიზეზების გამო მოტივირებული იყო ეს ნაბიჯი გადაედგა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ხატისკაცის გათავისუფლება მარკ მალენის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. როგორც წყარო ამბობს, მალენს დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება ჰქონდა დაგროვილი და ხატისკაცის გათავისუფლების სანაცვლოდ დაპირდნენ, რომ ამ პრობლემას მოუგვარებდნენ.

„კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მარკ მალენი ამბობს, რომ ეს ამბავი მის ბიზნესსაქმიანობასათან კავშირში არ არის:

„ამავე ლოგიკით ვერც ერთი ადამიანი, ვისაც აქვს ბიზნესი, ვერ იქნება დამოუკიდებელი. ბევრისგან განსხვავებით, მე საჯაროდ გამომაქვს ინფორმაცია ჩემი ბიზნესინტერესების შესახებ. საქართველოში არც ისე ბევრი კერძო პირია, ვინც სრულად და დაუფარავად ასაჯაროებს საკუთარ ინტერესებსა და ინვესტიციებს.

მჯერა, რომ სწორედ ასეთი გამჭვირვალობა უწყობს ხელს ინტერესების კონფლიქტის პრევენციას. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულ ადამიანებს აქვთ ინვესტიციები ან იღებენ დაფინანსებას და მალავენ ამას.

მათზე ზეწოლა ბევრად იოლია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომიდგენია. გამჭვირვალობის იდეა კი საკმაოდ კარგად მუშაობს, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის მისი დეფიციტი.

ჩემი ბიზნესინტერესები „საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის“ პრობლემას არასდროს წარმოადგენდა არც საზოგადოებისა და არც სეკრეტარიატისთვის. მან სულ ახლახან მოგვცა აკრედიტაცია, რომელსაც სამ წელიწადში ერთხელ ვაახლებთ“, - აცხადებს მარკ მალენი.

როგორც ჩანს, ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენებისთვის, საქართველოში ბიზნესწილები მარკ მალენისთვისაც გახდა პრობლემა. ის ან არ იხდიდა გადასახადებს, ან იხდიდა, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა მას „რაღაც აღმოუჩინა“.

ჩვენი წყაროს ცნობით  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯეო კაპიტალში“ მართლაც იყო შესული ფინანსური პოლიცია და კომპანიის ფინანსური საქმიანობა შეამოწმა. „ჯეოკაპიტალის“ 30%-იანი წილის გარდა მარკ მალენის მფლობელობაშია სასტუმრო „ბეტსის“ 25%-იც. მოკლედ, საქართველოზე შეყვარებულ ამერიკელს დასაკარგი მართლაც აქვს.

ჩვენი წყაროს ცნობით, ვალების ჩანოწერის სანაცვლოდ მას ნინა ხატისკაცის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს, და როგორც ჩანს, გარიგება შედგა.

მარკ მალენი 1997-2006 წლებში თბილისში ცხოვრობდა და ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორი იყო. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, საერთაშორისო გამჭირვალობის (TI) საქართველოს ოფისში გააგრძელა მუშაობა. ჰყავს ქართველი მეუღლე, რუსუდან ამირეჯიბი და ოთხი შვილი.

კომპანია „ჯეო კაპიტალში“ მისი პარტნიორია ასევე ამერიკელი რალფ ბურლესონი, რომელსაც ასევე ქართველი მეუღლე ჰყავს და კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

მიმდინარე წლის 30 აპრილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ქუთაისის ფილიალი გახსნა, ლენტი კი ფილიალში, როგორც ზოგადად საქართველოში ხდება ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტმა და ეკონომიკის მინისტრმა გაჭრეს. „ჯეოკაპიტალი“ 2011 წლის იანვარში დაფუძნდა და ქუთაისში უკვე ორი ოფისი აქვს. უახლოეს თვეებში იგეგმება ფილიალების გახსნა ზესტაფონში, სამტრედიაში, ბათუმსა და მოგვიანებით თბილისის შემოგარენშიც.

როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტი „თავისიანების“ კომპანიებს ხსნის და ამით კარგ რეკლამასაც უკეთებს, თუმცა ამ პომპეზურ გახსნაზე არავის უხსენებია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბორდის თავმჯდომარე  მარკ მალენი, რომელიც კომპანიის საკმაოდ სოლიდური, 30%-იანი წილის მფლობელი და ასევე ამერიკელი ინვესტორი იყო.

სხვას თუ არა, თავისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მარკ მალენს მაინც კარგად უნდა სცოდნოდა, ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საქართველოში და თუ სურდა, დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, ალბათ, უნდა მიმხვდარიყო, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება არ ღირდა.

ალბათ, ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და ის, რაც ეჭვების დონეზეა ცნობილი, ფაქტობრივ მტკიცებულებად დაიდება, სავარაუდოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლის გათავისუფლების რეალურ მიზეზსაც შევიტყობთ, თუმცა ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

რაც შეეხება ნინა ხატისკაცს, for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მას „ჯეოკაპიტალში“ ფინანსური პოლიციის შესვლის შესახებ არაფერი სმენია და არც ამ კომპანიის დავალიანების შესახებ იცის რამე, თუმცა, ის ხელმძღვანელობასთან ბოლო დროს გართულებულ ურთიერთობაზე საუბრობს.

ნინა, მეცხრე არხზე საუბრისას თქვენ ახსენეთ შანტაჟი, შეგიძლიათ, გვითხრათ, შანტაჟი რაში მდგომარეობდა?

- ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა, იმისათვის რომ ორგანიზაციიდან შედარებით უმტკივნეულოდ წავსულიყავი. შანტაჟზე მეტად უფრო გარიგებასავით იყო, თუ ვიტყოდი, რომ შვებულებაში ვარ, მივიღებდი მეტ კომპენსაციასაც და დადებით რეკომენდაციასაც. ეს რა თქმა უნდა, უკავშირდებოდა იმას, რომ ორგანიზაციიდან ჩემი წასვლა არ ყოფილიყო რეზონანსული.

ამას ემატებოდა ისიც, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა არაოფიციალურად ასახელებდა თითქოს რაღაც მიზეზებს, რომელიც ჩემს იმიჯს კიდევ უფრო შელახავდა. ასეთი განმარტებები ხდებოდა არაოფიციალურ დონეზე, სხვადასხვა ადამიანებთან და სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ ჩემი გათავისუფლება არ იყო სამართლიანი და საფუძვლიანი და სწორედ ამის გამო ხდებოდა სხვადასხვაგვარი გარიგებებისა და პირობების შემოთავაზება.

თითოეულმა ქმედებამ დამარწმუნა, რომ სამართლიანი საფუძველი ჩემი გათავისუფლებისა, არ არსებობდა.

ყველას ახსოვს თქვენი საკმაოდ მწვავე განცხადებები, თუმცა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ პოზიციებში განსხვავება არ ყოფილა, ეს მართლაც ასე იყო?

- სწორედ ამაშია საქმე, და აქედან გამომდინარე,რამდენიმე კონკრეტული მიზეზი, რომელიც განმიცხადეს, არ მივიჩნიე საკმარის საუფძვლად იმისათვის, რომ ორგანიზაციიდან თანამშრომელი გაათავისუფლო.

როდესაც ათავისუფლებ თანამშრომელს, რომელსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს იმ მოვლენებსა და პროცესებში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, და არა მხოლოდ ასეთ შემთხვევაში - როდესაც თანამშრომელს ათავისუფლებ, განმარტებული უნდა იყოს მიზეზები.

როგორც წესი, ადამიანის გათავისუფლებას წინ უსწრებს ხოლმე გაფრთხილება, გამოსაცდელი ვადა და ა.შ. ეს არ არის ახალი პრაქტიკა. ასევე კონკრეტულ საკითხებზე შეუთავსებლობის გამო ერთი წლის წინ გათავისუფლდა ჩვენი უფროსი ანალიტიკოსი, რომელსაც ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა მიეცა აღმასრულებელი დირექტორისგან. ახლაც არის ორგანიზაციაში თანამშრომელი, რომელსაც ორთვიანი გამიოსაცდელი ვადა აქვს მიცემული. ამგვარი რამ ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა და პირველივე კომუნიკაცია აღმასრულებელ დირექტორთან და გამგეობის თავმჯდომარესთან, სადაც ჩამომითვალეს საკითხები, რითაც უკმაყოფილოები იყვნენ და მითხრეს, რომ ამ საფუძველზე მათავისუფლებდნენ სამსახურიდან, დეტალებზე საუბარს არც აპირებდნენ, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო და არ შეიცვლებოდა.

ერთ-ერთ საკითხად დაასახელეს, რომ არ მქონდა შეთანხმებული ინტერვიუები, რომელსაც ჟურნალისტებს ვაძლევდი, თუმცა აღმასრულებელი დირექტორის საჯარო განცხადების მიხედვით, ჩემი პოზიცია ყოველთვის შეთანხმებული იყო მასთან და ორგანიზაციასთან.

ერთი მიზეზი იყო, რომ მხოლოდ ორი დღით ადრე ვაცნობე ბათუმის ორგანიზაციაში მივლინების შესახებ და ა.შ.

სწორედ ჩამოთვლილი მიზეზების აბსურდულობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ მივიღე შემოთავაზება, რომ არ ვიტყოდი რომ გათავისუფლებული ვარ და მივდივარ შვებულებაში და ასეთ შემთხვევაში უკეთეს პირობებში აღმოვჩნდებოდი, მაფიქრებინებს, რომ  ჩემი გათავისუფლება არ იყო საფუძვლიანი და მოტივირებული. რომ ეს ნაბიჯები ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან გადაიდგა სწორედ იმიტომ, რომ რაღაცნაირად გაემართლებინათ ჩემი თანამდებობიდან გაშვება.

თუმცა უნდა ვთქვა, რომ არასდოდეს არ ყოფილა მითითება ან პოლიტიკური ზეწოლა, რომ თუ რაღაც კონკტერტულ საკითხზე სხვაგვარად არ ვიტყოდი, პრობლემა შემექმნებოდა.

ერთ-ერთ კომენტარში თქვენ ამბობთ რომქვენსა და ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია შესუსტდა, მაგალითად კამპანიაეს შენ გეხებასფარგლებში ინფორმაცია თქვენამდე აღარ მოდიოდა...

- ბოლო თვენახევრის განმავლობაში „ეს შენ გეხებასთან“ დაკავშირებული სამუშაო პროცესები მე ჩამომცილდა და კომუნიკაციამ ამ მიმართულებით მოიკლო, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი მიმართულება, რომელშიც კომუნიკაცია შემისუსტდა აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან.

იყო გაცილებით მეტი საკითხი. ამ კომუნიკაციის გაუარსებამ მაფიქრებინა, რომ აღმასრულებელ დირექტორს ჩემთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. სწორედ ამიტომ, ერთი თვის წინ მოვითხოვე მასთან და გამგეობის რამდენიმე წევრთან შეხვედრა, რაზეც მყისიერი გამოხმაურება მივიღე ეკა გიგაურისგან, რომელმაც მითხრა, რომ აუცილებლად შედგებოდა ეს შეხვედრა.

თუმცა ეს შეხვედრა არ შემდგარა და ამის ნაცვლად შედგა შეხვედრა, სადაც გამომიცხადეს, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით და უნდა წავიდე ორგანიზაციიდან.

ამ ერთი თვის განმავლობაში ეკა გიგაურთან შეხვედრა და ამ საკითხის გარკვევა პრობლემა იყო?

- მე მოვითხოვე შეხვედრა არა მხოლოდ ეკა გიგაურთან, არამედ გამგეობის რამდენიმე წევრთან ერთად. ორჯერ შევახსენე ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეს შეხვედრა შემდგარიყო, თუმცა რეალურად, ამ ტიპის შეხვედრა, სადაც საორგანიზაციო საკითხები უნდა განგვეხილა, ანუ დამეყენებინა კომუნიკაციის პრობლემები, რომელიც მე მაწუხებდა, არ შედგა.

ცოტა ხნის წინ გათავისუფლების შესახებ დამატებით დეტალებზე ისაუბრეთ, არ  შეგეძლოთ მაშინვე გაგეხმაურებინათ, რაც მოხდა? მითუმეტეს, რომ ის დეტალები, რომელიც თქვენს გათავისუფლებას ახლდა საკმაოდ საგულისხმოა.

- ჩემს გათავისუფლებასთან დაკავშირებით უნდა შემდგარიყო გამგეობის სხდომა, თუმცა გამგეობის თავმჯდომარემ არ ისურვა ამ სხდომის ჩატარება და ისე წავიდა საზღვარგარეთ გამგეობის კიდევ ერთი წევრი, რომ ქვორუმი აღარ შედგა, ამასთან მარკ მალენი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ასეთი შეხვედრისა და რეალურად ასეც მოხდა, ეს შეხვედრა არ მოხდა.

რეალურად, ახლა ჩემი გათავისუფლების დეტალებზე ვისაუბრე, სადაც მთავაზობდნენ, რომ არ გამეხმაურებინა სამსახურიდან წასვლა და მეთქვა, რომ შვებულებაში ვარ. ისინი მარწმუნებდნენ, რომ ასე აჯობებდა ჩემთვის.

როდესაც ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ჩნდება ხოლმე ეჭვები, თქვენ რას ფიქრობთ, რეალური მიზეზი რა უნდა ყოფილიყო - თქვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშები უცხოური ორგანიზაციებისთვის თუ დიპლომატიური კორპუსებისთვის ერთგვარი დასაყრდენია, არ სურდათ ამ ტიპის ინფორმაცია გასულიყო ქვეყნიდან თუ სხვა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ?

- მაქსიმუმი, რაც შეიძლება ჩემი გათავისუფლებიდან დავასკვნა, არის ის, რომ იმ ტიპის ორგანიზაცია, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც მთავრობის საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს და ძალიან კრიტიკულად აფასებს საჯარო მოხელეების გათავისუფლებას იმ პირობებში, როდესაც მას არ განუმარტავენ გათავისუფლების მიზეზებს, რომელთაც არ გააჩნია წინაპირობა და ეს ადამიანის უსამართლოდ გათავისუფლებად მიგვაჩნია, როდესაც ამგვარი რამ ხდება ისეთ ორგანიზაციაში როგორიცა არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ეს მინიმუმ იმ პრინციპების ღალატი და უარყოფაა, რომელსაც თავად უნდა იცავდეს ეს ორგანიზაცია.

ეს არის გაუმჭვირვალე და არასამართლიანად მიღებული გადაწყვეტილება. აქამდე არ მომეცა საშუალება, დავრწმუნებულიყავი, რომ ამ გათავისუფლების უკან იდგა რეალური საფუძველი ორგანიზაციის ხელმძღანელობის მხრიდან. ეს არის მაქსიმუმი, რაც შემიძლია ვთქვა.

თან ეს დაემთხვა არჩევნებამდე ორი თვით ადრე პერიოდს და როგორც აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, თურმე ერთი წელია, მას ჩემთან პრობლემები ჰქონდა და თუ ეს ასეა, შეიძლებოდა ეს კომუნიკაცია უფრო ადრე შემდგარიყო და 2012 წლის დასაწყისში ჩემი წარმატებული საქმიანობისთვის ხელფასი კი არ მოემატებინათ, არამედ სხვა ტიპის საუბარი შემდგარიყო.

სწორედ წლის დასაწყისში ჩემდამი ორგანიზაციის დირექტორის დადებითი განწყობის გამო ვფიქრობ, რომ ძალზე მწირი და არაარგუმენტირებულია ეს გადაწყვეტილება.

რატომ მოხდა ჩემი გათავისუფლება ახლა ეს კითხვა ჩემთვისაც ისევე რჩება უპასუხოდ, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. მითუმეტეს, რომ მე გავთავისუფლდი პარასკევს, წინა დღეს იყო გამგეობის სხდომა, რომელზეც მსგავს საკითხებს განიხილავდნენ და ამ საკადრო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.

უფრო მეტიც, ორი კვირის წინ ქალბატონ ეკა გიგაურსაც დაუსვეს შეკითხვა, იგეგმებოდა თუ არა ჩემი წასვლა ორგანიზაციიდან, მან განაცხადა, რომ ამგვარი რამ არ იგეგმებოდა.

ვის და რატომ  და გაუჩნდა ასეთი კითხვა?

- სავარაუდოდ ეს კითხვა დაისვა იმიტომ, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე მე გადავწყვიტე, სამსახური მომეძებნა სწორედ ამ კომუნიკაციის პრობლემის გამო და პარალელურად, მოვითხოვე გამგეობასთან შეხვედრა, რომ ჩემი წუხილი გამეზიარებინა.

მეორე მხრივ ვფიქრობდი, რომ თუ იყო პრობლემა ჩემთან მიმართებაში, რაც კომუნიკაციის შეწყვეტაში გამოიხატებოდა, ჩავთვალე, რომ შესაძლოა, უკეთესიც ყოფილიყო, მე დამეტოვებინა ეს ორგანიზაცია.

სწორედ იმის გამო, რომ ეს არ იყო დაფარული ინფორმაცია, იმის მიუხედავად, რომ ეს მე პირდაპირ არ გამიცხადებია, ადამიანები ორგანიზაციის გარეთ გარკვეულწილად ინფორმირებულნი იყვნენ. სწორედ ამის გამო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მე დამისვა ეს შეკითხვა და შემდგომში უკვე ამ შეკითხვით მიმართეს ეკა გიგაურსაც.

თუმცა, მას თუ ჩემთან მიმართებაში პრობლემები ჰქონდა ერთი წლის მანძილზე, ორი კვირით ადრე ჩემი გათავისუფლებიდან, სავარაუდოდ, ჩამოყალიბებული უნდა ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემს გათავისუფლებას გეგმავდა. თუმცა, მან განაცხადა, რომ ჩემი ორგანიზაციიდან წასვლა არ იგეგმებოდა.

მარკ მალენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვენთან დაკავშირებით იყო პრობლემები, ამას მიხვდით მაშინ, როდესაც კომუნიკაცია შეწყდა?

- ის, რომ აღმასრულებელ დირექტორთან არ მქონდა იდეალური დამოკიდებულება, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ კომუნიკაცია ნაკლები იყო, განსაკუთრებით კი იმძლავრა ბოლო თვეებში, ამ საკითხზე რამდენჯერმე მივმართე აღმასრულებელ დირექტორს, მასთან საუბარი მქონდა შემოდგომაზეც და პოზიტიური შეფასება მივიღე ჩემი საქმიანობის შესახებ.

აქედან გამომდინარე, მარკ მალენის განცხადება, რომ მე პრობლემები მქონდა და ამის შესახებ ვიცოდი, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან აღმასრულებელ დირექტორთან არასდროს არ მქონია კრიტიკული საუბარი, იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ მოსწონს ჩემი საქმიანობა და სხვანაირად უნდა მოვიქცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც პრობლემები იქნება.

ანუ პრობლემას ხედავდით იმაში, რომ არ გაწვდიდნენ იმ ინფორმაციას რაცქვენამდე უნდა მოსულიყო, არ გქონდათ გარკვეული დოკუმენტების გაცნობის უფლება?

- ის მანდატი, რომელიც მე მქონდა და ის საკითხები, რომლებშიც მე ვიყავი ჩართული, სულ უფრო ნაკლებად ხვდებოდა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ. რაღაც თემები თანდათან მშორდებოდა და როდესაც დავაყენე საკითხი, რომ მაგალითად, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მე არ მქონდა, განმარტება მივიღე, რომ მე ყველაფრის შესახებ არ უნდა მქონდეს ინფორმაცია, მე ვარ ერთ-ერთი თანამშრომელი, სხვა საქმეს უნდა ვაკეთებდე და არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერზე მივიღო ინფორმაცია.

რას ეხებოდა ეს ინფორმაცია, სახელმწიფო მოხელეებს?

- სხვადასხვა საქმიანობას, კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს, სასამართლოს და მართლმსაჯულების პროექტებს, იგივე „ეს შენ გეხებას“ - იმ საკითხებს, რომლებშიც მანამდე მე აქტიურად ვიყავი ჩართული. თუმცა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ის საკითხები, რომელიც უშუალოდ ჩემს დაქვემდებარებაში იყო, ხშირად ჩემი გვერდის ავლით წყდებოდა აღმასრულებელი დირექტორის და გამგეობის თავმჯდომარის მიერ და ისინი ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ის მინიმალური კომუნიკაციაც არ ხდებოდა ჩემთან, რომ კითხვის ან ელემენტარული მოსაზრების სახით მიეღოთ ჩემგან, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

გქონდათ განცდა, რომ რაღაცაში მიკერძოებულები ან ლოიალურები იყვნენ?

- იმ საკითხებზე, რომელზეც ვმუშაობდით, პოზიციის ჩამოყალიბება იქნებოდა ეს თუ გარკვეული საკითხები, გუნდური მუშაობა მიმნდინარეობდა, თუმცა იყო საკითხები, რომელზეც გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ერთობლივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ნაკლები კომუნიკაცია იყო, როგორც გამგეობასთან ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომლებიც უშუალოდ იმ საკითხებს კურირებდნენ.